|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი გოცირიძე - საპატრიარქო კონსტიტუციურ შეთანხმებას აღიქვამს როგორც თავისი ძალაუფლების მორალურ საფუძველს

ამ დღეებში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა საპროტესტო აქციების, პარალისებისა და გარკვეული კომპრომისების ფონზე მიმდინარეობდა. სამაგიეროდ წლების წინ შედარებით უხმაუროდ, საზოგადოების ფართო წრეების ჩარევის გარეშე  მიიღეს და გააფორმეს კონსტიტუციური შეთანხმება (რომელსაც კონკორდატსაც უწოდებენ) და რომელიც სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდა. კონკორდატი უკვე 12 წელია მოქმედებს და კითხვებსაც აჩენს. მაგალითად, რამდენად „კონსტიტუციურია“ კონსტიტუციური შეთანხმება?  რა როლი იკისრა მან მთელი ამ 12 წლის განმავლობაში? რას უწყობს კონკორდატი რეალურად ხელს?

Newpress.ge-ს კითხვებს პასუხობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, გიორგი გოცირიძე.

- კონსტიტუციური შეთანხმება, პირველ რიგში მისი არსებობა და მერე მისი შინაარსი, რამდენად არის შესაბამისობაში ქვეყნის ძირითადი კანონის უმთავრეს ღირებულებებთან?

- კონსტიტუციური შეთანხმება კონსტიტუციის შემდეგ იურიდიული ძალის მიხედვით რიგით მეორე დოკუმენტია. ყველა სხვა აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან. თუმცა კონკორდატი თავისი არსით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს. კონკორდატი, თავისი შინაარსით, უქმნის პრივილეგიებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მაგალითად, ეკლესია სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, რაც არ ვრცელდება სხვა რელიგიურ ჯგუფებზე. ეს კი ერთგვარ დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის.  

- რამდენად უწყობს ეს დოკუმენტი ხელს ქვეყანაში საპატრიარქოს ფაქტობრივ მმართველობას?

- საპატრიარქო კონსტიტუციურ შეთანხმებას ხშირად იყენებს საერო საქმეებში ჩარევის მიზნით. საპატრიარქო კონსტიტუციურ შეთანხმებას აღიქვამს როგორც თავისი ძალაუფლების მორალურ საფუძველს. საპატრიარქო კონკორდატში კითხულობს ისეთ უფლებებსაც, რაც არ არის მასში გათვალისწინებული. მაგალითად, საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ სხვა რელიგიური გაერთიანების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე კონსულტაცია ხელისუფლებას მასთან უნდა გაევლო. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები პატრიარქის თანხმობის გარეშე შეიტანეს, საპატრიარქოში თვლიდნენ, რომ რელიგიური გაერთიანებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებით დაარღვიეს კონკორდატი. ამ დოკუმენტით სახელმწიფოს არ ევალება, საპატრიარქოსგან ამგვარი თანხმობის მიღება.     

- კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებიდან 12 წელი გავიდა, თუ ჩანს ამ დოკუმენტის არსებობით რაიმე სიკეთეები, რამდენად სწორად არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ეკელესიას შორის?

- კონკორდატში ჩადებული დებულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულებას იღებს აანაზღაუროს საბჭოთა პერიოდში ეკლესიისათვის მიყენებული ზიანი, გახდა იმის საფუძველი, რომ სახელმწიფო უკვე დიდი ხანია პირდაპირ აფინანსებს ეკლესიას (სხვათა შორის ზიანის ანაზღაურების მოტივით ცოტა ხნის წინ სახელმწიფომ დაიწყო სხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებაც, თუმცა რა ოდენობისაა ეს ზიანი, არ ვიცით. ზიანის ანაზღაურება არის ეკლესიის დაფინანსებისათვის სამართლებრივი სახის მიცემა). სოლიდურმა საბიუჯეტო დაფინანსებამ გააძლიერა ეკლესია. ამასთან სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა გაურკვევლია. სახელმწიფო არ იღებს ვალდებულებას, შეამოწმოს ის, თუ რაში ხარჯავს ეკლესია მისთვის გადაცემულ სახსრებს.   

- კონსტიტუციური შეთანხმება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს დოკუმენტი დაუმუშავებელია, გაურკვეველია და ბევრი კითხვის შემცველი თუ მიდის საუბრები ამ ხარვეზების გამოსწორების შესახებ?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არავინ გეგმავს კონსტიტუციური შეთანხმების გადასინჯვას.

- შეთანხმების მიხედვით, პატრიარქი ხელშეუხებელია, სინოდი პარლამენტს უტოლდება, თავად კონკორდატი  კი კონსტიტუციას, ამასთან ერთად საპატრიარქო არ იხდის გადასახადებს, პირიქით სახელმწიფო ურიცხავს მილიონებს ბიუჯეტიდან.  ეს ხომ არ ნიშნავს, რომ  საპატრიარქო სახელმწიფოა სახელმწიფოში, უფრო მეტიც - სახელმწიფო საპატრიარქოს „ვასალია“ და „ხარკის გადამხდელი“?

- სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამიჯნულია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ეკლესია სახელმწიფოსაგან დაფინანსებას იღებს, ის, სულ მცირე, უნდა ახორციელებდეს სოციალური ხასიათის აქტივობებს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელების წინაშე. სამწუხაროდ, ეკლესია არ იღებს არანაირ ვალდებულებას არც სახელმწიფოს, არც საზოგადოების წინაშე. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც, თვლის, რომ ცალკეულ სფეროში, (მაგალითად, ლგბტ პირების დისკრიმინაციის აკრძალვა), სახელმწიფომ კანონის მისაღებად ეკლესიისაგან თანხმობა უნდა მიიღოს. ეს არ არის ნორმალური ნებისმიერი სეკულარული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის.  

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი