|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნებართვა ნორმების გარეშე - ქუთაისში მოსახლეობა ხმოვანი რადიორეკლამის გამო ჩივის

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" წინ  მცხოვრებლები, ამავე ტერიტორიაზე არსებული ხმოვანი რადიორეკლამის გამო პრეტენზიებს გამოთქვამენ.

როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ხმოვანი რადიორეკლამით გამოწვეული ხმაური, მათ სახლებში ყოველდღიურად, მონოტორულად ისმის, რაც არასასიამოვნო და შემაწუხებელია.

„დილის ცხარა საათიდან  ირთვება რადიო და საღამომდე გაჰკივიან რეკლამებს. ტვინის ბურღია და ფსიქოლოგიურად გაუსაძლისია ამ ხმების მონოტორულად მოსმენა. ახლა კიდევ ფანჯრები დახურული გვაქვს. ზაფხული რომ მოვა და ფანჯრებს გავაღებთ, ალბათ სახლში საერთოდ ვეღარ გავჩერდებით,“-ამბობენ ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ადგილობრივების განმარტებითვე, საცხოვრებელი კორპუსის წინ, ხმოვანი რადიორეკლამის აპარატურის დადგმის თაობაზე მათთან შესათანხმებლად არავინ მისულა.

„არავის აუღია თუნდაც სიტყვიერი ნებრათვა მოსახლეობიდან. არავის არაფერი არ ესმის და თვითნებურად აკეთებენ ყველაფერს,“ - ამბობს ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ნაირა ბილისეიშვილი.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ წინ, ხმოვანი რადიორეკლამის აპარატურა, მიმდინარე წლის იანვარში დამონტაჟდა.

აღნიშნული მოწყობილობების დამონტაჟებამდე, ქუთაისის მერიაში ჭავჭავაძის ქუჩაზე 4 ერთეულ ელექტროგანათების ბოძის გაიჯარებისთვის, აუქციონი 2014 წლის 9 იანვარს  გაიმართა. 

აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ფიზიკურმა პირმა, გიორგი ჟორჟოლიანმა მიიღო, რაშიც მან 306 ლარი გადაიხადა.

მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ელ.განათების ბოძებზე ხმის გამავრცელებელი მოწყობილობის სარგებლობის უფლება  ჟორჟოლიანს 2 წლი ვადით მიეცა.

 გიორგი ჟორჟოლიანს სარეკლამო კომპანია "ჯი-ემ-ჯი", საიდანაც ხმოვანი რადიოდინამიკი იმართება, სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" შენობობაში აქვს  განთავსებული. 

როგორც ჟორჟოლიანი განმარტავს, ხმოვანი აპარატურის დამონტაჟემადე მართალია მას ნებართვა მოსახლეობისგან არ აუღია, თუმცა საჭირო ნებართვები ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებიდან მიიღო.

„ბოძებზე რადიოხმოვანი დინამიკის მოწყობამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებიდან ავიღე ყველა საჭირო ნებართვა,"- ამბობს სარეკლამო კომპანია "ჯი-ემ-ჯი" -ის დირექტორი, გიორგი ჟორჟლიანი.

თუმცა  რადიოხმოვანი რეკლამიების ხმის რეგულირების შესახებ, როგორც ირკვევა, ნებართვა, ან რეგულირების ნორმები, ქუთაისის მერიის არცერთი სამსახურიდან არ გაცემულა.

„ჩვენგან გაიცა ის ნებართვა, რომ არქიტექტურულად დიამიკის მოწყობა იქ არაფერს უშლიდა ხელს. სხვა დეტალები ჩვენს სამსახურთან არ იყო შესათანხმებელი. ხმის რეგულირების შესახებ, მგონი არ არსებობს მერიაში ისეთი სამსახური, რომელიც ამ მხრივ რაიმე ნებართვას, ან რეგულირების ნორმებს დააწესებდა,“- ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო მარჯანიშვილი.

ქუთაისის მერიის იურისტების განმარტებითაც, ადგილობრივ თვითმმართველობაში არ არსებობს არც კანონი და არც შესაბამისი სამსახური, საიდანაც რადიოხმოვანი რეკლამის ხმის რეგუილირების ნორმები დაწესდებოდა.

თუმცა, როგორც სარეკლამო კომპანია "ჯი-ემ- ჯი"-ის დირექტორი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა პრეტენზიებით უშუალოდ მას მიმართავს, მათ მოთხოვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

"ძალიან დიდ ბოდიშს  მოვუხდი მოსახლეობას,  თუ ვაწუხებ, მაგრამ მე ხალხის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. მაგალითად, სავაჭრო ცენტრის უკან სამი დინამიკი მქონდა დაყენებული და ძალიან მაღალი ხმა აქვსო მითხრეს, რის გამოც, ერთი დინამიკი მოვხსენი. მოსახლეობასაც შეუძლია მომმართოს თუ რაიმე პრეტენზიები აქვთ და მე მათ მოთხოვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ,"- ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, სარეკლამო კომპანიაში ცვლილებები იგეგმება, რის ფონზეც, რადიოში არა მხოლოდ რეკლამები, არამედ საინფორმაციო და მუსიკალური ჭრებიც იქნება, რაც მისი აზრით, მოსახლეობისთვის რადიოს უფრო სასიამოვნოდ მოსასმენს გახდის.

ავტორი: ნიუპრესი