ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარი - "დავიღალე, შორს პოლიტიკიდან"
2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსახლეობა ახალ თვითმმართველობას აირჩევს და ამ გზით, ამომრჩეველი ქალაქის მართვის მანდატს მომდევნო 4 წლის ვადით გადასცემს. თუმცა, მანამდე იქნება ბევრი დაპირება ....
რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც წინა არჩევნებზე ქუთაისელებს უხვად დაურიგეს და რითაც ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გული მოიგეს? რა მოთხოვნები ჰქონდა და რა აქვთ სათქმელი თავიანთი ამომრჩევლებისთვის დეპუტატებს, რომლებმაც ოთხწლიანი მაჟრიტარობის მანდატი ერთი პოლიტიკური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოიპოვეს და ამ დროისთვის უმეტესობა სხვა პარტიაში გადავიდა? რას ფიქრობენ ამომრჩევლები პოლიტიკურად "გადანერგილ" უბნის მაჟორიტარ დეპუტატებზე? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს, ყოველ ორშაბათს "ახალი გაზეთის" ახალ რუბრიკაში, "უბნის მაჟორიტარი" მიიღებთ.
რუბრიკის სტუმარი, ამჯერად, ქალაქ-მუზეუმის მოქმედი მაჟორიტარი და ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანია.
ამირან ხვადაგიანის პოლიტიკური ცხოვრება 2002 წელს, იმ დროს დაიწყო, როცა იგი საინიციატივო ჯგუფმა საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.
ქალაქ-მუზეუმის დეპუტატობამდე მას მაჟორიტარობა უკვე გამოცდილი ჰქონდა. პირველად, 2006 წელს უპარტიო ამირან ხვადაგიანი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საფიჩხია-ბალახვნის მაჟორიტარად დაასახელა. მეორედ, 2010 წელს, როგორც უპარტიო დეპუტატმა, იმავე პარტიის წარდგინებით, ქალაქ-მუზეუმის უბნის დეპუტატის მანდატი მიიღო.
იმ პერიოდში ქალაქ-მუზეუმში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი გაცილებით უფრო მეტი და სამაჟორიტარო უბნის საზღვრებიც ვრცელი იყო, ვიდრე ამჟამადაა.
2010 წელს, მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს 31 000 ამომრჩევლიდან მხარი 71%-მა დაუჭირა. ამირან ხვადაგიანი თვლის, რომ ამომრჩეველთა ხმების ამ რაოდენობით გამარჯვება მისთვის დიდი წარმატება იყო.
ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარი თავის სამაჟორიტარო უბანში ქუჩების რაოდენობას ვერ იხსენებს. თუმცა, იცის, რომ იმ დროისთვის უბნის უკიდურესი საზღვარი ე.წ წყალტუბოს გადასახვევამდე იყო.
"ზუტად ვერ გეტყვით რამდენი ქუჩა შედის, მაგრამ ეს არის ქალაქის ცენტრი ბალახვნამდე, რუსთაველის და თამარ მეფის ქუჩები. იმ დროს, როცა მე კენჭი ვიყარე, წყალტუბოს გადასახვევამდე ტერიტორია შედიოდა ჩემს უბანში," - ამბობს ამირან ხვადაგიანი.
"რომელი მაჟორტიტარი? არ ვიცნობს საერთოდ"
"მაჟორიტარი იყო ერთხელ მოსული. თევდორაძე იყო გვარად."
"არც მაინტერესებს, არ მჭირდება არაფერში და იმიტომ."
"კი ვიცნობ, მაგრამ გაკეთებით არაფერი გაუკეთებია. თავი არაფრით დაუმახსოვრებია," - ამბობს მარი ბროსეს ქუჩის მცხოვრები, ცისანა მამასახლისი.
"გაგვიგია კი, როგორ არა, მაგრამ შეხვედრები არ გვქონია. შეიძლება, სადმე ვინმეს კი შეხვდა," -ამბობს ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო უბანში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები, თემურ ბასილაძე.
უბნის მაჟორიტარი, რომელიც ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ, ირწმუნება, რომ ამომრჩეველს ყოველდღიურ რეჟიმში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში ხვდებოდა, რითაც ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარეებისგან გამოირჩეოდა.
"მე ვიყავი, ალბათ, საქართველოს მასშტაბით ერთადერთი თავმჯდომარე, რომელსაც ყოველდღიური მიღება ჰქონდა. რომ ვიფიქრო რამდენს შევხვდი მთლიანად, ალბათ, ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება. ჩემთან იყო ყოველდღიური მიღება და ვუსმენდი ჩემს თანაქალაქელებს იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებდათ," - ამბობს ამირან ხვადაგიანი.
თუმცა, ის საკითხი, რომ ამომრჩველები ამირან ხვადაგიანს, როგორც მაჟორიტარს ნაკლებად იცნობენ, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს საკუთარი თავის და ამომრჩევლის პრობლემადაც მიაჩნია.
"თუ ქალაქს არ იცნობს და არ აინტერესებს, მაჟოროტარიც არ აინტერესებს. ეს, ალბათ, მაჟორიტარის პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობისაც," - აცხადებს ამირან ხვადაგიანი.
ამომრჩველის პრობლემები
ქალაქ-მუზეუმის ამომრჩევლებს, ისევე როგორც სხვა უბნებში, მოუგვარებელი პრობლემები საკმაოდ ბევრი აქვთ. ვარლამიშვილის ქუჩის მცხოვრები ნინელი კიკვაძე ამბობს, რომ მეოთხე წელია მეუღლე ინვალიდი ჰყავს, დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია და ეტლით გადაადგილდება. მისი თქმით, ოჯახი, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, არანაირ დახმარებას არ იღებს და 74 წლის ასაკში ინვალიდ მეუღლეს თავად გარევაჭრობით მიღებული შემოსავლებით არჩენს. ნინელი კიკვაძე ამბობს, რომ გარევაჭრობის დროს პრობლემები ხშირად ექმნება.
"ადრე ვინც იყო „ნაციონალებში", ამირან ხვადაგიანი საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო? ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია. დავარდნილი კაცი მყავს და არავითარ დახმარებას არ ვიღებ. არც იმ მთავრობის მადლობელი არ ვარ და არც ამ მთავრობის. ჩემისთანა გაჭირვებულ ადამიანს დახმარება არ ეძლევა, კაცი ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ეტლით დამყავს და მე დახმარება არ მაქვს. რაში მჭირდება მთავრობა? თვითონ მილიონები მოხვეტონ და მე რასაც ვწვალობ, 74 წლის ქალი, ამასაც არ მანებებენ, ყველწუთში მაჯარიმებენ," - ამბობს ვარლამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები, ნინელი კიკვაძე.
ვარლამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ბორის სირაძე მაჟორტიტარის მიმართ პრეტენზიას მეზობელი მამაკაცის გამო გამოთქვამს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
"ინვალიდი კაცია, არა აქვს პენსია და როგორ არჩინოს ოჯახი იკითხოს. მამა ჰყავს 90 წლის კაცი, ის არჩენს ოჯახს. სამართალი სადაა? მას არ ჭირდება დახმარება? მაგას გონია მარტო თვითონ აქვს კუჭი. იკითხოს მაგის ხელფასი რამდენია და რამდენია სხვისი," - ამბობს ბორის სირაძე.
მწყობრიდან გამოსული წყლის მილების და წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი გზის საფარის არსებობას უჩივიან მალხაზ დვალიშვილის ქუჩის მცხოვრებლები. მათი თქმით, ქალაქის წყალს, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ, სასმელად მრავალი წელია ვერ იყენებენ იმ მიზეზის გამო, რომ დაზიანებულ მილებს ქუჩაში არსებული ჭუჭყი ერევა.
"წყლის მილებია გამოსაცვლელი. გვერდით ქუჩაზე გამოცვალეს და ჩვენი ქუჩა დატოვეს. რატომ არ ვიცი. ერთხელ იყო მოსული და მაშინ დაგვპირდა ყველაფერს. არჩვენების წინ ვახსენდებით საერთოდ, სხვა დროს ვის ვახსოვართ," - ამბობს დვალიშვილის ქუჩის მცხოვრები, მარიამ მინდიაშვილი.
"აღორძინებიდან" მოყოლებული მოდიან აგვირჩიეთ და გაგიკეთებთო გვპირდებიან. საკმარისი არაა? ხვადაგიანმა დააგო ასფალტი, მაგრამ ისე დააგო, როგორც თვითონ უნდოდა, თორემ ჩვენსკენ არ გამოუხედავს. მარტო სიტყვიერად დაგვამახსოვრა თავი - კი გაგიკეთებთ, მარტო ამას იძახის ყველა. ყველას გადავხაზავ, ვინც მოვიდა, ყველა იტყუება," - აღნიშნავს დვალიშვილის ქუჩის მცხოვრები, ლერი მინდიაშვილი.
ამირან ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში როდესაც მას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ეჭირა, ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მის მიერ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების დიდი ნაწილი შესრულდა.
"ასეთი მშენებლობის ტემპი ქუთაისის ისტორიას არ ახსოვს. არ მიყვარს იმის თქმა რა გავაკეთე. პირველი სკოლის წინ რომ ექვთიმეს ძეგლი დგას, იდეა ჩემი იყო. ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაკეთდა სკვერები. გახსოვთ, ალბათ, ოპერის თეატრი რა მდგომარეობაში იყო და ახლა რა მდგომარეობაშია. ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია ამ პერიოდში მოხდა. მესხიშვილის თეატრი და ბევრი რამ. 2006 წელს ქალაქი დასუფთავების კუთხით ცუდ მდგომარეობაში იყო. ძირეულად შეიცვალა ქუთაისი ამ კუთხით," - ამბობს ამირან ხვადაგიანი.
2013 წელს, პოლიტიკაში მოსვლიდან 11 წლის შემდეგ, ამირან ხვადაგიანმა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაზე უარი საკუთარი ნებით განაცხადა. თუმცა მანამდე იყო მზადება მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის. ხვადაგიანი ამბობს, რომ წლების მანძილზე პასუხისმგებლობამ გადაღალა და პოლიტიკიდან შორს ყოფნა სურს. ამჟამად, ამირან ხვადაგიანი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელია და ბაღისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის დაბრუნებას აპირებს.
"დავიღალე იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მქონდა ამ წლების განმავლობაში და მივიღე გადაწყვეტილება, რომ არავითარ არჩევნებში არ ჩავერევი. შორს პოლიტიკიდან. ბოტანიკური ბაღი არ არსებობდა და ორი წელი დამჭირდა დავა, რომ ბაღი გადმოცემოდა ქუთაისს. საბოლოო ჯამში უკმაყოფილო ვარ, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რაც შევძელით შევძელით," - აცხადებს ამირან ხვადაგიანი.
ავტორი: დეა მანაგაძე