კახიონოურის უბნის მაჟორიტარი - ვცდილობდი დაპირება არ გამეცა
2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსახლეობა ახალ თვითმმართველობას აირჩევს და ამ გზით, ამომრჩეველი ქალაქის მართვის მანდატს მომდევნო 4 წლის ვადით გადასცემს. თუმცა, მანამდე იქნება ბევრი დაპირება ....
რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც წინა არჩევნებზე ქუთაისელებს უხვად დაურიგეს და რითაც ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გული მოიგეს? რა მოთხოვნები ჰქონდა და რა აქვთ სათქმელი თავიანთი ამომრჩევლებისთვის დეპუტატებს, რომლებმაც ოთხწლიანი მაჟრიტარობის მანდატი ერთი პოლიტიკური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოიპოვეს და ამ დროისთვის უმეტესობა სხვა პარტიაში გადავიდა? რას ფიქრობენ ამომრჩევლები პოლიტიკურად "გადანერგილ" უბნის მაჟორიტარ დეპუტატებზე? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს, ყოველ ორშაბათს "ახალი გაზეთის" ახალ რუბრიკაში, "უბნის მაჟორიტარი" მიიღებთ.
რუბრიკის მორიგი სტუმარი კახიონოურის მოქმედი მაჟორიტარი დავით ჯანაშიაა. იგი ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი 2010 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გახდა. თუმცა, ამბობს, რომ აღნიშნული პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა.
კახიონოურის სამაჟორიტარო ოლქში 18 000 ამომრჩველია რეგისტრირებული, საიდანაც ჯანაშიას მხარი 70%-მა დაუჭირა.
დავით ჯანაშია პროფესიით ექიმია და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში მუშაობს. მისი განმარტებით, სწორედ სამსახური გახდა მიზეზი იმისა, რომ მან მაჟორიტარის მანდატის მოსაპოვებლად ეს უბანი აირჩია და როგორც თავად ამბობს, მისი, როგორც მაჟორიტარის სამუშაო კაბინეტიც, მერიის ადმინისტრაციული შენობის ნაცვლად, საავადმყოფოში იყო.
"საკმაოდ ხშირი კონტაქტი მქონდა ადგილობრივებთან, ვიცოდი მათი პრობლემები და მინდოდა, რომ კიდევ ერთი ბერკეტი მქონოდა მათი პრობლემების გადასაწყვეტად. ჩემს მეგობრებთან ერთად, ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით, ბევრ მათგანს დავეხმარე. მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელე, თუმცა უმუშევრობა ისევ მწვავე პრობლემად რჩება," - აცხადებს დავით ჯანაშია.
ამომრჩეველი მაჟორიტარზე
"არ ვიცით ვინაა მაჟორიტარი. ვისაც ახლა ავირჩევთ, ოთხი წლის მერე ისიც არ გვეცოდინება," - ამბობენ დეპოს ქუჩის მცხოვრებლები.
"არასდროს შევხვედრივარ და არც მსმენია მაგ ადამიანზე," - ამბობს ლეონიძის ქუჩის მცხოვრები, რაისა მამრიკიშვილი.
"ცალ თვალში სინათლე არ მაქვს და სიარული მიჭირს, არც მაჟორიტარი არაა ჩემთვის და არც არავინ," - ამობობს კახიონოურის უბნის ამომრჩეველი.
"თუ არის დეპუტატი, ამომრჩეველთან უნდა მივიდეს," - ამბობს ახალგაზრდობის 6 შესახვევის №25-ში მცხოვრები ამომრჩეველი.
"როგორც კარგ ექიმს, ისე მივეცი ხმა," - აღნიშნავს ჩორგოლიანის ქუჩის მცხოვრები, მერაბ გოგიჩაძე.
"გაგონილი მაქვს კი, მაგრამ არ ვიცნობ. შეიძლება, ჩემი ბრალია, რომ არ ვიცნობ. რომ მოსულიყო და გამეგო, მაინც არ შევხდებოდი. რაც დავიბადე 29 მთავრობა გამოიცვალა და ყველა ერთმანეთზე უარესია," - აცხადებს ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრები, ემზარ ლელაძე.
მაჟორიტარის დაპრებები
დავით ჯანაშიას განმარტავს, რომ ცდილობდა დაპირებები არ გაეცა და ამომრჩეველს მხოლოდ ის დაჰპირდა, რისი გაკეთების უნარიც ჰქონდა.
"ვცდილობდი დაპირება არ გამეცა. იმისთვის, რომ რეალურად შეპირდე, უნდა იცოდე რისი გაკეთების უნარი გაქვს. განსაკუთრებული წვლილი შევიტანე იმაში, რომ ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და აღდეგნაში დავეხმარე," - ამბობს ჯანაშია.
თუმცა, მისი თქმით, გარდა ამომრჩევლის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, სამაჟორიტარო უბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა. კახიონოურის მაჟორიტარი უბანში შემავალი ქუჩების რაოდენობას ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ ქუჩების უმეტესობა ბეტონის საფარით მოპირკეთდა, ხოლო 21 ქუჩაზე გაკეთდა გარე განათება.
"გაკეთდა ის, რაც საერთოდ სხვა უბნებში კეთდებოდა," - აღნიშნავს დავით ჯანაშია.
კახიონოურის უბნის მცხოვრებლების უმეტესობა კი უბანში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ.
"4 წლის წინაც ასეთი მოუწესრიგებელი იყო ეზო, მაგრამ ეს ამხანაგობის ბრალია," - ამბობს ლეონიძის №Iა-ში მცხოვრები ამომრჩეველი.
ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლები ასევე, კორპუსებს შორის არსებული სკვერის კეთილმოწყობას ითხოვენ.
"ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემაა სკევრი. სკამები დადგან, კარუსელები, რომ ბავშვები გაერთონ და ადამიანს ნორმალური დასვენების საშუალება ჰქონდეს," - აცხადებენ ისინი.
"ნაციონალობიდან" "პატრიოტობამდე"
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დავით ჯანაშიამ პილიტიკური პლატფორმა შიცვალა და "ნაციონალური მოძრაობიდან" "საქართველოს პარტიორთა ალიანსის" რიგებს შეუერთდა. როგორც თავად დეპუტატი განმარტავს, ამგვარი პარტიული კუთვნილების ცვლილება ისევ ამომრჩველის ინტერესიდან გამომდინარე განახორციელა.
"მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ოპოზიციაში იმყოფება, მისთვის ძნელია ამომრჩეველზე ზრუნვა, რადგან თუ ხელისუფლება არ უჭერს მას მხარს, გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება. არ მინდოდა ვყოფილიყავი ოპოზიციონერი მაჟორიტარი დეპუტატი," - აცხადებს დავით ჯანაშია.
უბნის მაჟორიტარის პოლიტიკურ ტრანსფორმაციას კახიონოურის მცხოვრებელები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ასეთი მაჟორიტარი ამომრჩევლის თვალში ნდობას კარგავს.
"როდის იყო ქურდი პატიოსანი კაცი ხდებოდა."
"სამსახურებრივი მოვალეობა რომ გააგრძელოს, იმიტომ იცვლის, ალბათ, პარტიებს."
"იმიტომ, რომ ფულებს პირდებიან, გადმოდი ჩემ პარტიაში და ფულს მოგცემთო. ფულში როგორ გავცვლი ჩემ სამშობლოს," - ამბობს ლეონიძის ქუჩის მცხოვრები ამომრჩეველი.
"გჯერათ ასეთი ადამინის? ეს ყვარყვარიზმია. ალბათ იმედი აქვს, რომ ახლა ეს ძალა მოვა. ასეთ ადამიანს ვერ ვენდობოდი," - ამბობს ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრები, პაატა ცხადაძე.
ისევ პოლიტიკაში
დავით ჯანაშია ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარის მანდატის მოპოვებას 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც შეეცდება. ამჯერად, ის ამომრჩველების ხმების მოპოვებას ისევ კახიონოურის ოლქში, ოღონდ "საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" სახელით შეეცდება.
დაპირებების გაცემისგან პატრიოტი მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერადაც თავს იკავებს. თუმცა, ამბობს, რომ ამომრჩეველს კონკრეტულ პროგრამას თავაზობს და იმედი აქვს, რომ ამომრჩველი სწორ არჩევანს გააკეთებს.
"ჯანაშია კი არა, მამაჩემი რომ იყრიდეს კენჭს, იმას არ მივცემ ხმას," - ამბობს კახიონოურის უბანში მცხოვრები ამომრჩეველი.
ავტორი: დეა მანაგაძე