ჭაბუკიანის ქუჩის მოსახლეობა ქუთაისის მერიას - "მთავრობა მოგვეშველოს"
ქუთაისში, გორის უბანში ჭაბუკიანის ქუჩაზე არსებული გამდინარე წყლის ბუნებრივი გვირაბი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. გვირაბი შესაძლებელია ჩაიკეტოს და საცხოვრებელი სახლები დატბოროს.
რამდენიმე ხნის წინ, წყალმომარაგების კომპანიის
მიერ, ჭაბუკიანის ქუჩაზე წყლის მილების გამოცვლის სამუშაოების დროს ამოღებული მიწა, გვირაბის გასასვლელთან დაყარეს. მოსახლეობა შიშობს, რომ მიყრილ მიწას წვიმა ისევ გვირაბში ჩაიტანს და მათი სახლები კვლავ დატბორვის წინაშე აღმოჩნდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორი, მიხეილ თათარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ქსელის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სამუშაოების დროს დაგროვებული გრუნტის და სხვა მასალების გატანა სამშენებლო კომპანიას ევალება.
ჭაბუკიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ესპანური კომპანია სს "კობრა ინსტალასიონეს ი სერვისიოს" საქართველოს ფილიალი აწარმოებს.
ჭაბუკიანის ქუჩის მოსახლეობა, ასევე,
ქვეწარმავლებისა და მღრღნელებისაგან გვირაბის გაწმენდას ქუთაისის მერიის
კეთილმოწყობის სამსახურს თხოვს. აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელმა, მალხაზ ბასილაძემ newpress.ge-სთან ვიდეო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, სატელეფონო
საუბარში განაცხადა, რომ გვრიაბის გაწმენდით
სამუშაოებს
სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია
განახორციელებს.
ავტორი: დეა მანაგაძე