|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სინოდმა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა

წმინდა სინოდი ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს აღწერს. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმის განჩინებაში.
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ ჟურნალისტებს 3 ივნისს საპატრიარქოში ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მორიგი ოქმი გააცნო. კრების ოქმში აღნიშნულია ცხრა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც წმინდა სინოდის სხდომამ იმსჯელა და განჩინება მიიღო. 
სხდომის ოქმის თანახმად, პირველ საკითხად განხილულია მუზეუმებში დაცული სიწმინდეებისა და საეკლესიო ნივთების მდგომარეობის შესახებ საკითხი. კერძოდ, განჩინებაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, მუზეუმში დაცული სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და იმყოფება ორმხრივი, სახელმწიფოსა და ეკლესიის დაცვის ქვეშ. წმინდა სინოდმა განაჩინა, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც ეკლესიისთვის წარსადგენად აღწერს მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებს და საეკლესიო ნივთებს და მოამზადებს ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ. 
მეორე საკითხად წმინდა სინოდის წევრებმა მოისმინეს და დაეთანხმნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, არქიტექტურისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ წარდგენილ წინადადებას, ეკლესიასა და კულტურის სამინისტროს შორის გასაფორმებელ მემორანდუმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიის მფლობელობაში როგორც საქართველოს, ისე მის საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრების დაცვას და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. 
წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენება, უცხოეთში არსებული სამრევლოების თაობაზე. სხდომამ განაჩინა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის ყველა სამრევლოში ჩამოყალიბდეს სულიერებისა და კულტურის ცენტრები და საკვირაო სკოლები, ასევე საქართველოში მოქმედ ტაძრებთანაც გაიხსნას საკვირაო სკოლები, დაევალოს სასულიერო სემინარიასა და აკადემიას სასწავლო ცენტრთან ერთად შეიმუშავოს სასწავლო პროგრამები და შესაბამისი სახელმძღვანელოები საკვირაო სკოლებისათვის. 
წმინდა სინოდმა იმსჯელა ასევე საქართველოს ეკლესიის ეპარქიებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე და განაჩინა, ყველა ეპარქიის მმართველმა, მღვდელმთავარმა ყოველი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე აუცილებელია მათ ჰყავდეთ ეპარქიის მემატიანე, იურისტი და არქიტექტორი. 
წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ ეპარქიების შესახებ, სადაც სრულფასოვნად ვერ ხორციელდება საქართველოს ეკლესიის სულიერი მსახურება და ურთიერთობა მრევლთან. კერძოდ, განჩინებაში ნათქვამია, რომ იგულისხმება აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, შიდა ქართლისა და ზემო იმერეთის ზოგიერთი სოფელი. წმინდა სინოდის განჩინების თანახმად, ეთხოვოს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანოზაციებს, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტრებს და ასევე რუსეთ-საქართველოს დიალოგის ფორმატში მოქმედ ჯგუფს, რათა გაითვალისწინონ არსებული მდოგმარეობა და თავის მხრივ შესაძლებისამებრ დაგვეხმარონ, რათა საქართველოს ეკლესიის ამ კანონიკურ ტერიტორიაზე ეკლესიის წარმომადგენლებს და მრველს მიეცეთ მსხურების უფლება და გადაადგილების საშუალება. 
წმინდა სინოდმა იმსჯელა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ. განჩინებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ეკლესიისთვის, ისე ყველა მორწმუნესათვის. 
ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოხდა უცხოეთისათვის მღვდელმთავრების გამორჩევა. წმინდა სინოდმა მოისმიმა, დასავლეთ ევროპის, ბათუმისა და ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრების, მიტროპოლიტი აბრაამის, მიტროპოლიტი დიმიტრის და ეპისკოპოს მელქისედეკის მოხსენები მათ ეპარქიაში არსებული არსებული მდგომარეობის შესახებ. 
წმინდა სინოდმა განაჩინა, დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენელუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას: დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია და იტალია, ასევე ავსტრიისაა და გერმანიის ეპარქია და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია. ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას გამოეყოს ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოები, შეიქმნას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნას ხორნაბუჯის ეპარქია, კახისა და ქურმუხის ეპარქია. 
წმინდა სინოდის სხდომაზე ახალი ეპარქიების მღვდელმთავრებად გამოარჩიეს ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში - არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში - საბა ინწკირველი, კახისა და ქურმუხის ეპარქიაში - არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი. 
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მომავალი დიდი კრების მოსამზადებლად სხდომებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იქნებიან გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 
ამათან, წმინდა სინოდმა განაჩინა, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთვარეპისკოპოსი იოანე პირველი შეირაცხოს წმინდანად, ეწოდოს წმინდა იოანე პირველი, მთავარეპიკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა. 
ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებით დაიწერება წმინდანის შესახებ ცხოვრება და ხატი და შეიქმნება წმინდანის ტროპარ-კონდაკი. 

წყარო:interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი