ფქვილის ბიზნესიდან პოლიციის უფროსობამდე გაფლანგული თანხა - რაში ადანაშაულებენ იმერეთის სამხარეოს შეფს?
ქუთაისში, წისქვილკომბინატის იმერეთის მიმართულების სარეალიზაციო პუნქტის, 2013 წლის 17 დეკემბერს დაკავებული თანამშრომლები, ყოფილ უფროსს, ამ დროისთვის კი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, ზაზა ჩუბინიძეს ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
დაკავებული ირაკლი ლიპარტელიანისა და თემურ ქურასბედიანის ოჯახები პრემიერ-მინისტრსა და შსს მინისტრს საქმით დაინტერესებას და საქმის ობიექტურ გამოძებას თხოვენ.
ირაკლი ლიპარტელიანსა
და თემურ ქურასბედიანს დაკავების დროს ბრალი სსკ 180-ე თაღლითობის მუხლით წაუყენეს,
ხოლო მოგვიანებით, აღნიშნულ მუხლს დაემატა სსკ 182-ე მუხლი, 1 334 331,
75 ლარის მითვისებისთვის.
ქურასბედიანის ადვოკატი,
თემურ მესხი აცხადებს, რომ აღნიშნული მუხლი ეკონომიკურ დანაშაულს გულისხმობს და დაკავებულების
საქმე მაშინვე ფინანსურ პოლიციას უნდა გადაცემოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმეს
2 თვის განმავლობაში იმერეთის სამხარეო პოლიცია იძიებდა.
ორი თვის შემდეგ
კი, ადვოკატების სამართლებრივი მითითების შემდეგ, საქმე ფინანსურ პოლიციას და შემდეგ
პროკურატურას გადაეცა.
დაკავებულების ოჯახები
აცხადებენ, რომ სწორედ ამ ორთვიან პერიოდში, ჩუბინიძემ და წისქვილკომბინატის მფლობელებმა, ძმებმა ჩანქსელიანებმა მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი მასალები გააქრეს.
„ჩანქსელიანები და ჩუბინიძე მორიგებული
არიან იმისთვის, რომ მათი შავბნელი საქმეები არ გამოაშკარავდეს და აფარებენ ამ ყველაფერს
ხელს, როცა ჩემს შვილზე მეტი თანხის გაფლანგვა უფიქსირდება ჩუბინიძეს. ხომ შეიძლება
ისიც იჯდეს საბრალდებო სკამზე ან დაიკითხოს,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა,
მზია ლიპარტელიანი.
დაკავებულების ოჯახის
წევრები და უფლებადამცველები იმერეთის სამხარეო პოლიციის მიერ აღნიშნული საქმის გამოძიებას
აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საქმის გამოძიება ობიექტურად არ წარიმართა იმ მიზეზის გამო, რომ დაკავებულების
ყოფილი უფროსი ამ დროისათვის სამხარეო პოლიციის შეფია.
კერძოდ, საქმე იმაშია,
რომ იმ უწყების პირველი პირი, რომელიც დაკავებულების
საქმეს იძიებს, 2007 წლიდან წისქვილკომბინატის იმერეთის მიმართულების სარეალიზაციო
პუნქტის, შპს „ბევრილი ჯგუფის“ მენეჯერის პოზიციას იჭერდა. 2014 წლის 23 მაისს თბილისის
პროკურატურის მიერ შედგენილ დაკითხვის ოქმში,
სამხარეო პოლიციის უფროსი, ზაზა ჩუბინიძე თავადაც ადასტურებს, რომ ის აღნიშნულ
თანამდებობაზე მუშაობდა და დაკავებულების უფროსი გახლდათ.
2007 წლის 1 მარტს,
იმ დროს, როცა ჩუბინიძე სარეალიზაციო პუნქტის უფროსი გახდა, პუნქტი ზესტაფონში ფუნქციონირებდა,
2008 წლის ივნისიდან კი პუნქტი ზესტაფონიდან ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე გადმოიტანეს.
დისლოკაციის ახალ
ადგილზე შპს „ბევრილი ჯგუფის“ ძველი მენეჯერი, ზაზა ჩუბინიძე თავის მოვალეობას
2013 წლის 1 იანვრამდე ასრულებდა. ამ დროიდან ის იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი
გახდა.
სწორედ, იმერეთის
სამხარეო პოლიციამ დაიწყო გამოძიება შპს „ბევრილი ჯგუფის“ სარეალიზაციო პუნქტში არსებული
დანაკლისის გამო. გამოძიების დაწყებისას დაკავებულები არ იმყოფებოდნენ საქართველოში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ უცხოეთში ყოფნისას მათზე არ ვრცელდებოდა სისხლის სამართლის დევნდა და
არ იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით.
2013 წლის 17 დეკემბერს
დაკავებულები საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდნენ ნებაყოფილობით და მათი დაკავება აეროპორტშივე
მოხდა.
საქმე აღიძრა სსკ
180-ე, ჯგუფური თაღლითობის მუხლით. ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული მუხლის გამოძების
უფლებამოსილება, პროცესუალური ნორმების მიხედვით, პოლიციის ნებისმიერ ქვემდებარე უწყებას
გააჩნია. თუმცა, თემურ მესხი აცხადებს, რომ საქმის გამოძიებას ჩუბინიძე სხვა უწყებას
არ დაუთმობდა.
საგამოძიებო დოკუმენტაციით
ირკვევა, რომ 2007 წლიდან 2013 წლამდე შპს „ბევრილი ჯგუფმა“ რამდენიმე ბუღალტერი გამოიცვალა.
2010 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლამდე ბუღალტერის სტატუსით სარგებლობდა თემურ ქურასბედიანი.
ქურასბედიანის ადვოკატის მტკიცებით, ბუღალტრის კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებები
სამართლებრივად მას არ ეკისრებოდა.
„სამართლებრივად
მას ბუღალტერი არ ქვია. ეს რომ ფილიალი ყოფილიყო, ცალსახად ბუღალტრის სტატუსი ექნებოდათ,
მაგრამ ეს იყო სარეალიზაციო პუნქტი, ის იყო მოლარე და ანგარიშვალდებული იყო ცენტრალური
ოფისის ბუღალტერიის წინაშე. საფინანსო ოპერაციის ჩატარების უფლება გარდა ფულის მიღების,
ჩეკის ამოწერისა და გადარიცხვისა, სხვა ოპერაციების განხორციელების უფლება წარმომადგენელს
არ აქვს. ბალანსის შედგენის და ინვენტარიზაციის ჩატარება მას არ შეუძლია,“ - აღნიშნავს თემურ მესხი.
როგორც საგამოძიებო
დოკუმენტაციით ირკვევა, 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 29 ნოემბრამდე შპს „ბევრილი
ჯგუფიდან“ 1 334 331, 75 ლარია გაფლანგული. აქედან, 594 000 ლარის მითვისებას
გამოძიება დაკავებულებს, ლიპარტელიანსა და
ქურასბედიანს ედავება. ადვოკატი, თემურ მესხი ამტკიცებს, რომ ირაკლი ლიპარტელიანი
შპს-ს ხელმძღვანელად მხოლოდ 8 თვის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო თანხის ნაწილის გაფლანგვა
მისი წინამორბედის, ზაზა ჩუბინიძის პერიოდს ემთხვევა. აღნიშნულის შესახებ მოხსენიებულია
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 მაისის დასკვნაშიც
(#002523114).
„საქონლის რეალიზაციიდან
მისაღებ შემოსავალსა და დოკუმენტარულად დადგენილ მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა
შეადგენს 1 334 331, 75 ლარს, საიდანაც 2008 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის
18 იანვრამდე სხვაობა შეადგენს 1 005 333, 51 ლარს, 2013 წლის 18 იანვრიდან
29 ნოემბრამდე - 328 998, 24 ლარს,“ - ნათქვამია სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში.
ადვოკატი აცხადებს,
რომ თავის მხრივ აღნიშნულ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა საეჭვოა, რადგან ის მონაცემები,
რომლებიც ექსპერტს ე.წ დაზარალებულმა მიაწოდა სანდო არაა. დამოუკიდებელი ფინანსური
ექსპერტიზის ჩატარების საშუალება კი დაკავებულების ოჯახის წევრებს არ აქვთ. თემურ მესხი
ექსპერტიზის დასკვნას უბრალო ფრატინა ქაღალდს უწოდებს და მის სანდოობას ეჭვის ქვეშ
აყენებს.
„ექსპერიტზა ჩატარებულია
იმ დოკუმენტების საფუძველზე, რაც მას ბრალდების მხარემ მიაწოდა. ამ ფარატინა ფურცელითაც
თუ ვიმსჯელებთ, დანაშაული ჩადენილია იმ დროსაც, როცა იმ ფირმაში დაკავებულები საერთოდ
ხსენებაშიც კი არა იყვნენ. თუ პასუხისგებაშია 2011 წლიდან მომუშავე პირები, 2008 წლიდან
არსებული დანაკლისის თაობაზე პასუხი ვინ უნდა აგოს?“ - აცხადებს თემურ მესხი.
არასამთავრობო ორგანიზაცია
„საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ გამგეობის წევრი, გიზო ბანძელაძე, აცხადებს,
რომ თანხა, რომელსაც გამოძიება ლიპარტელიანსა და ქურასბედიანს ედავება, 2012 წლის საპარლამენტო
არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას მოხმარდა.
„ამ თანხების დიდი
წილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარკი, რომელიც იმერეთსა და სხვა
რეგიონებში ფქვილის სახით რიგდებოდა,“ - აცხადებს გიზო ბანძელაძე.
2014 წლის 6 ივნისს
გამართულ სასამართლო პროცესზე, ჩუბინიძე სასამართლოზე დასაკითხი მოწმეების სიიდან ამოიღეს.
დაკავებულების ოჯახები
ჩუბინიძის მხრიდან მათზე ზეწოლასა და მუქარებზე საუბრობენ. ისინი შსს მინისტრსა და
პრემიერ-მინისტრს აღნიშნული საქმით დაინტერესებისკენ და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ
მოუწოდებენ. დაკავებულები და მათი ოაჯახის წევრები ზაზა ჩუბინიძის დაკითხვას და საქმის
ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
იმერეთის სამხარეო
პოლიციის პრეს-სამსახურის ცნობით, უწყება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს
არ აკეთებს იმ მიზეზის გამო, რომ ამ ეტაპზე საქმე თბილისის პროკურატურის ქვემდებარეა
და მას საქალაქო სასამართლო განიხილავს.
ავტორი: დეა მანაგაძე