პედაგოგი VS დირექტორი - პირად დაპირისპირებაში გადაზრდილი ქუთაისის საჯარო სკოლის საქმე
ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლაში 7 წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლდა. ყოფილი პედაგოგის განცხადებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა განსხვავებული აზრის გამო მოხდა, რასაც ამავე სკოლის დირექცია უარყოფს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის დავამ, შესაძლოა, სასამრთლოს დარბაზში გადაინაცვლოს.
2014 წლის 30 მაისს მე-15 საჯარო სკოლის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით (#1/კ-20), ამავე სკოლის
სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგს, მარინა მიქაბერიძეს შრომითი ურთიერთობები
გაუწყდა.
"სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი
შესრულება, ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს, პროფესიული ეთიკის კოდექსის
დარღვევა," - ეს იმ დარღვევათა ნაწილის ჩამონათვალია, რომლის საფუძველზეც მარინა მიქაბერიძე
სკოლიდან გათავისუფლდა.
მიქაბერიძის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება
ლია კუხინაიძეს 2014 წლის 5 მაისს, ისტორიის გაკვეთილზე მომხდარმა ფაქტმა მიაღებინა.
კერძოდ, დირექტორი აცხადებს, რომ მიქაბერიძის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე სასწავლო პროცესის
მონიტორინგის ფარგლებში, სკოლის სასწავლო ნაწილთან ერთად, დასწრება სურდა. როგორც ლია
კუხიანიძე და სკოლის სასწავლო ნაწილი, ნინო თვალაბეიშვილი აცხადებენ, მიქაბერიძემ მათი
თანდასწრებით გაკვეთილის ჩატარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და მოსწავლეების თანდასწრებით
დირექტორს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა.
თავად მარინა მიქაბერიძე არ უარყოფს, რომ დირექტორს
და სასწავლო ნაწილს მის გაკვეთილზე დასწრება სურდათ. თუმცა, აცხადებს, რომ დირექცია
ვალდებული იყო ამის შესახებ მისთვის წინასწარ ეცნობებინა. გარდა ამისა, მიქაბერიძე
დირექტორს სხვა ბრალდებასაც უყენებს. მისი თქმით, ლია კუხიანიძეს ამ ჟესტით მასზე ფსიქოლოგიური
ზემოქმედების მოხდენა სურდა.
"ოთხშაბათ დღეს ჯანმრთელობის გამო, გავაცდინე მეცადინეობა,
პარასკევ დღეს კი 13 ბავშვმა გააცდინა მეცადინეობა. ამ მიზეზის გამო, ორშაბათს ჩატარებული
გაკვეთილი, რომელზეც ლია კუხიანიძეს დასწრება
უნდოდა, არ იქნებოდა ხარისხიანი. მან ეს ყველაფერი იცოდა და ჩემზე ამით ფსიქოლოგიური
ზეწოლა მოახდინა," - აცხადებს მარინა მიქაბერიძე.
მისივე თქმით, დირექტორს გაკვეთილზე დასწრებით მხოლოდ
მისი შემოწმება სურდა და არა მოსწავლეების შექება და მათთვის მოტივაციის ამაღლება.
"ღია გაკვეთილზე დასწრების შემდეგ ბავშვები არასოდეს
შეუქია. გამოდის, რომ მარტო მე მამოწმებდნენ," - აცხადებს მარინა მიქაბერიძე.
მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც ლია კუხიანიძე ამბობს,
მან სკოლაში მოქმედ დისციპლუნურ კომიტეტს ორჯერ, 2014 წლის 6 და 27 მაისს მიმართა,
რათა კომიტეტს აღნიშნული ფაქტი შეესწავლა და შესაბამისი დასკვნა გამოეტანა.
2014 წლის 27 მაისით დათარიღებულ სადისციპლინო კომიტეტის
მიერ შედგენილ ოქმში (ოქმი #2) წერია, რომ 5 მაისს გაკვეთილზე დასასწრებად შესულ დირექტორსა
და მის მოადგილეს, მარინა მიქაბერიძემ მოსწავლეების წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ატეგორიული უარი განაცხადა მათი თანდასწრებით გაკვეთილის ჩატარებაზე, რითაც მან მოსწავლეთა
უფლებლებები დაარღვია, ჩაშალა სასწავლო პროცესი, შექმნა კონფლიქტური სიტუაცია და არ
შეასრულა თავისი პროფესიული მოვალეობა," - აღნიშნულია სადისციპლინო კომიტეტის ოქმში.
ყოფილი პედაგოგი უკვე ყოფილ უფროსს გარდა აღნიშნულისა,
სხვა ბრალდებებსაც უყენებს. დირექტორი ლია კუხიანიძე ყოფილი პედაგოგის ერთ-ერთ ბრალდებას
იმის თაობაზე, რომ ის სკოლაში დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აბსურდულს
უწოდებს. კუხიანიძის განცხადებით, ის შენიშვნებს
არა მხოლოდ მარინა მიქაბერიძეს, არამედ სკოლის სხვა პედაგოგებსაც აძლევდა, რაც პედაგოგოური
საბჭოს სხდომის ოქმებითაც დასტურდება. მაგალითად, 2014 წლის 9 იანვრის პედაგოგიური
საბჭოს ოქმის მიხედვით (ოქმი #4) ირკვევა,
რომ ამა თუ იმ ტიპის შენიშვნა და გაფრთხილება სხვადასხვა კლასების დამრიგებლებს და
მასწავლებლებსაც მიეცათ.
თავად მარინა მიქაბერიძე აცხადებს, რომ ის სკოლაში დისკრიმინირებულ
მდგომარეობაში ლია კუხიანიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ აღმოჩნდა, რადგან მან სკოლის
დირექციის მიმართ უკმაყოფილება ჯერ კიდევ გასულ წლებში ღიად დააფიქსირა. როგორც ყოფილი
პედაგოგი ამბობს, იმ დროისთვის მისი განაწყენება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სკოლაში
ისტორიის საათები ჩამოართვეს და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგანში 2 საათი
მისცეს.
სკოლის დირექტორი, ლია კუხიანიძე აღნიშავს, რომ ზოგადი
განათლების შესახებ კანონი სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის 18 საათიან სამუშაო
განაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული საათები კი იმ მასწავლებლებს გადაეცათ,
რომლებმაც სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მარინა მიქაბერიძეზე ადრე მიიღეს.
მარინა მიქაბერიძე აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორს
პრივილეგირებულ მდგომარეობაში სკოლაში მომუშავე მისი სამეგობრო ჰყავს. პედაგოგის აღნიშნულ
ბრალდებაზე, ლია კუხიანიძე აცხადებს, რომ პირადად მან მარინა მიქაბერიძეს თავისი კუთვნილი
საათები დაუთმო, რაზეც ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა.
მე-15 საჯარო სკოლაში არსებული აღნიშნული კონფლიქტის
შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც ფლობენ. რესურსცენტრის
დირექტორის, ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტური სიტუაციის
განმუხტვა არაერთხელ ცადა, შედეგს ვერ მიაღწია.
"ყველანაირად ვეცადეთ, რომ მარინა მიქაბერიძისთვის ხელი
შეგვეწყო. პირადად ჩემი და დირექტორის ერთობლივი შეთანხმებით, ლია კუხიანიძე მის კუთვნილ
საათებსაც კი უთმობდა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ. ახლა უკვე სიტუაცია
ისეა, რომ ეს საქმე სასამართლომ უნდა გაარჩიოს," - აცხადებს ბადრი ვაშაკიძე.
თუმცა, მიმართავს თუ არა სასამართლოს მე-15 სკოლის ყოფილი პედაგოგი, ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: დეა მანაგაძე