|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ უნდა მიდიოდეს 5 წლის ბავშვი სკოლაში

განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტი, კანადელი მეცნიერი გორდონ ნიუფელდი მიიჩნევს, რომ ადრეული განვითარების პროგრამები პატარა ბავშვებს არავითარ უპირატესობას არ აძლევს და რომ ისინი სკოლაში გვიან უნდა მიდიოდნენ. ნიუფელდის აზრით, მშობლები ცდილობენ, პატარების ადრეულ განვითარებას შეუწყონ ხელი, თუმცა ნაადრევი სოციალიზაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება ბავშვების აღზრდის პროცესში, რადგან ბავშვი დროზე ადრე ხვდება იქ, სადაც ძნელია საკუთარ პიროვნებად დარჩე. ბავშვები სხვებს ბაძავენ, პიროვნება კი არ იძერწება, არამედ იმსხვრევა. ჯგუფური მოვლის პირობებში, მრავალსაათიანი ყოფნის დროს ბავშვმა შეიძლება დაკარგოს საკუთარი უნიკალური პიროვნული თვისებები და ინდივიდუალურობა.

ამის გამო იქნებ არ ღირდეს შვილის იმაზე ადრე შეყვანა ბაღში თუ სკოლაში, ვიდრე ამას ასაკი მოითხოვს. ბავშვი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სკოლაშია, უკვე მოზრდილის რეჟიმით "მუშაობს". მისი ცხოვრების ყოველი წუთი "გაწერილია" და პატარას (თუ მთელი დღე სკოლაშია) უბრალოდ დრო არ რჩება საიმისოდ, რომ ბავშვობა შეინარჩუნოს. გარდა ამისა, მშობლები უნდა მოერიდონ შვილის ისეთ სისტემაში ჩართვას, სადაც ყველა ბავშვისადმი ერთი მიდგომაა.

ყველაზე მნიშვნელოვანია ღრმა და ძლიერი ემოციური კავშირი მათთან, ვინც ბავშვს ზრდის. თუ ამ ყოველივეს გავითვალისწინებთ, ალბათ აღარ ვიჩქარებთ და არ ვეცდებით, პატარა სკოლაში ადრე წავიყვანოთ.

ნანა კალანდაძე
წყარო: mkurnali.ge

ავტორი: ნიუპრესი