გელა ღაჭავა - ფოტოს ობიექტურობა არ მოეთხოვება, სხვათაშორის არც დოკუმენტალიზმი
დღეს ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული ფოტოგრაფიით. ყოველწუთიერად ათასობით ფოტო იტვირთება სოციალურ ქსელებში თუ სპეციალურ საიტებზე. ამ სიმრავლეში როგორ უნდა გაიკვლიოს გზა ადამიანმა, შეფასების რა კრიტერიუმებით უნდა მიუდგეს ამ მრავალფეროვნებას? როგორ უნდა მოხერხდეს ამ სიმრავლეში ისე, რომ არ გამოგრჩეს რაიმე მართლაც ღირებული?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხებით newpress.ge-ს სტუმარია ფოტოგრაფი და მხატვარი გელა ღაჭავა.
-- ვისაც კარგი ფოტოს გამორჩევა უნდა, საამისოდ რამოდენიმე
მეთოდი არსებობს, თუ არ ჩავთვლით კონკურსებს და რეიტინგს, არსებობს სხვა მეთოდებიც.
მაგალითად, პროფესიონალი ჯდება და აფასებს ფოტოს ჟანრის, ხარისხის, რეგიონის, ისტორიული
ღირებულების მიხედვით, ასევე რომელ ეპოქას მიეკუთვნება ფოტოს ავტორი, ძველი ფოტოგრაფია,
თუ ახალი. დღეს ეს პრობლემა არ დგას, პრობლემა სხვა რამეშია, რამდენად ობიექტური შეიძლება
იყოს ვიღაცა, როდესაც აკეთებს ფოტოგრაფიაზე
წიგნს, ან ვებ-გვერდს და ა.შ. ბევრი წიგნია გამოსული ფოტოგრაფიაზე საქართველოში, მაგრამ
ძალიან ბევრი ძლიერი ქართველი ფოტოგრაფი არ
მოხვედრილა მათში. ამის მიზეზი შეიძლება წიგნის ფორმატი იყო, თემა ან მიზანი, მაგრამ
ხშირ შემთხვევაში არაობიექტურობისა და არასწორი მიდგომის გამო ხდება ასე. ზედაპირულად
უდგებიან მუშაობის პროცესს, რადგან აუცილებლად უნდა იყოს რამოდენიმე ადამიანისაგან
შემდგარი ჯგუფი, როდესაც ისეთ მასალასთან გაქვს საქმე, რომელიც ჯერჯერობით არ გადაურჩევიათ,
არ შეუფასებიათ, ან არ დადგენილა მისი ღირებულება. საქართველოს მასშტაბით ბევრი ფოტოგრაფია აღმოსაჩენი, უფრო სწორად აღმოჩენილი
ჰყავთ ვიღაცეებს, მაგრამ ის არაა აღიარებული. ქუთაისისთვის ეს კატასტროფული პრობლემაა,
ქუთაისში კინო-ტელე-ფოტო მატიანის მუზეუმი
არსებობს და ფოტოგრაფებს ავიწყდებათ მიმართონ, ნახონ რა ხდება იქ, რა მასალებია,
რას იღებდნენ ადრე, რა ითვლებოდა კარგ ფოტოდ. ყველაფერთან ერთად ცხოვრების ისეთი რიტმია,
რომ ისიც არ იძლევა საშუალებას დაჯდე და ვთქვათ
ერთი წელი შეალიო იმის დადგენას, რომელია კარგი ფოტო და ფოტოგრაფი. ერთი წელი არავინ მუშაობს ასეთ წიგნებზე,
ამიტომ გამოდის ზედაპირულად გაკეთებული. ცუდი არის, როდესაც უმეტესობა ამ დაბეჭდილი წიგნებიდან, ან ვებ-გვერდებიდან არის, არასრულფასოვანი და არაპროფესიონალურად გაკეთებული. ამ მხრივ დიდი გაურკვევლობაა. ბევრი ვებ-გვერდი
არსებობს ქართული, მაგრამ ყველას აქვს პრობლემა, როგორც ტექნიკური, ასევე პროფესიული
კუთხით. უმეტესი მათგანი სამეგობროებისთვის არის გამიზნული, ეს რა თქმა უნდა ცუდი არ
არის, მაგრამ როდესაც პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ იყო წამყვანი ამ დარგში და მაგალითად, გამოავლინო კარგი ფოტოგრაფი, იქ ყველას არ უნდა დართო ნება
,,იპარპაშოს". არ მინდა გამოვიყენო სიტყვა ცენზურა, მაგრამ გარკვეული ცენზურა
მართლაც უნდა არსებობდეს. შესაშურად კარგი
არის რუსული ვებ-გვერდები, შესაშურად კარგია ევროპის ნებისმიერი ქვეყნის პროფესიული გვერდი. მიდგომის კუთხეს ვგულისხმობ
და არა ტექნიკურ ხარისხს, მაშინ როცა ქართველები
ემოციურად უდგებიან შეფასების პროცესს,
რის გამოც ხშირ შემთხვევაში ობიექტურობა ზარალდება.
-- როგორ უნდა დაიცვა ობიექტურება ფოტოს შეფასებისას? ზოგადად ხელოვნების ნიმუში როგორ უნდა შეაფასო ობიექტურად?
-- ადამიანი,
რომელიც იკისრებს ვალდებულებას, რომ რაღაც შეფასებები გააკეთოს ფოტოგრაფიაში,
უპირველეს ყოვლისა თვითონ უნდა ჰქონდეს სათანადო განათლება, ყველაზე სასაცილო
ის არის, რომ ბევრი ასეთი ვებ-გვერდისა და წიგნის შემქმნელმა არ იცის ფოტოტექნიკის
სპეციფიკა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგალითად აწყობენ ფოტოკონკურსს და იქ იმარჯვებს
არა კარგად გაკეთებული ფოტო, არამედ გარკვეული რაოდენობა ხალხის მიერ მოწონებული და
ეს ის ხალხია, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის რა არის ფოტოგრაფია (თუნდაც ტექნიკური
თვალსაზრისით), რადგან ფოტოგრაფია ძალიან სპეციფიკური რამ არის. უნდა იცნობდე ტექნიკას
(ოპტიკა, ქიმია, კომპოზიცია), თუ იცი ტექნიკა
შეგიძლია განსაზღვრო არის თუ არა ეს ფოტო მნიშვნელოვანი, თუკი მაგალითად, მესხიშვილის
დრამატული თეატრის წინ დადგები და გადაიღებ
თეატრის შენობას ყოველგვარი განათების, ამინდის,
ან ყოფიერი სიტუაციის გათვალისწინების გარეშე, მას ფოტოგრაფია არ დაერქმევა. უნდა იყოს
სათანადო ღრუბელი ცაზე (ან არ იყოს), სათანადო განათება (ან სიბნელე), ამინდი, სათანადო
რაკურსი. ეს ისეთი მომენტებია, რომლებიც ფოტოგრაფიას ამდიდრებს. თუმცა ბუნებრივია არის შემთხვევები, როდესაც ზერელე მიდგომები დაშვებულია
უნიკალური მომენტის წყალობით. მაგრამ ეს არ არის წესი და კანონი, ეს არის წესიდან ამოვარდნა,
რომელსაც გაგებით ეკიდება ფოტოგრაფია, ან ფოტომოყვარული.
როდესაც ადამიანი მკვლელობის მომენტს იღებს, არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ფოტოგრაფიაა, უნდა
ვთქვათ, რომ ეს არის კარგად გაკეთებული ფოტო
სივრცესა და დროში, კარგ მომენტში მყოფი
ადამიანის მიერ. ამასაც მნიშვნელობა აქვს შეფასებისას. ეს არ აძლევს უფლებას
მაგალითად, შემფასებელს თქვას, რომ ეს არის
გენიალური კადრი და კარგი ფოტო. ფოტოში იგულისხმება ასევე ფოტოგრაფის კონცეპტუალურობა, მისი დამოკიდებულება
ფოტოგრაფიასთან, მისი სამყაროს ხედვა, პლუს
აუცილებელი ფაქტორი - ტექნიკის ცოდნა, ტექნიკის ფლობა. ეს ძირითადი მომენტებია, როდესაც
გინდა გადაარჩიო საუკეთესო ფოტოები. ყველამ ვიცით ძალიან ბევრია ბიჟუტერია, მაგრამ
ოქრო ცოტაა და ძვირია. ზუსტად ასე არის ფოტოგრაფებიც.
მალე ალბათ ყველას ექნება ფოტოაპარატი, პროფესიული აპრატიც, რომლითაც ტექნიკურად იაფ და ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის
ფოტოებს გადაიღებს, მაგრამ ის ამით არ გახდება პროფესიონალი. ადამიანებს პეიზაჟის გადაღება ადვილი გონიათ, არადა
ურთულესი რამ არის, ისეთი ფოტოგრაფები არიან,
რომელებიც პეიზაჟის გადაღებისას ისეთ დეტალებზე
აკეთებენ აქცენტს, რომ ამის მერე ჩვეულებრივად
გადაღებულ პეიზაჟს თავისთავად ღირებულება ეკარგება. თუნდაც ისტორიული ფოტოს შეფასება.
მაგალითად, ეიფელის კოშკის მშენებლობა რომ
გადაიღო იმ კაცმა იმ დროს, ეს იმხელა ძალისხმევას საჭიროებდა, იმხელა ტექნიკის ცოდნას,
რომ აქედან გამომდინარე აქვს ღირებულება ამ
ფოტოს და არა მარტო იმით, რომ ისტორიული ფაქტია აღბეჭდილი.
ფოტოგრაფიაში ესთეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
არიან ფოტოგრაფები, რომლებიც მიმართავენ ძველ
ან დაბალფასიან ფოტოაპარატებს და ა.შ. იმიტომ,
რომ თავიანთი ხელწერა და მანერა შეიმუშაონ, რადგანაც ეს მათი ხედვის თეორიაა და სათქმელს
ჭირდება მარტივი საშუალებები, ვიდრე უფრო რთული და ძვირიანი. ამიტომ ძვირიანი ფოტოაპარატი
არ არის პანაცეა. რა თქმა უნდა, კარგია როდესაც კარგი ტექნიკა გაქვს. მხატვრობაშიც
მნიშვნელობა აქვს საღებავის ხარისხს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ნახატმა
დროს და ჟამთა სვლას გაუძლოს და არ დაზიანდეს. მაგალითად, რუბენსის ნახატები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია
იმიტომ, რომ ძალიან ცუდი, დაბალხარისხიანი საღებავით იყო დახატული, სამაგიეროდ ფიროსმანის
ნახატები მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით
უფრო ღარიბი იყო მხატვარი, ვიდრე რუბენსი, უკეთეს მდგომარეობაშია. ფიროსმანი კარგ საღებავს
იყენებდა და როგორც ამბობენ, რაღაც ,,ჯადოქრობას" ამატებდა. ფიროსმანის ნახატები
უკეთეს მდგომარეობაშია და ნაკლებად ფუჭდება, თუკი განგებ არ დავაზიანებთ. მოვლა უნდა,
თუმცა რუბენსის ნახატებს მოვლა არ შველის. მოკლედ მრავალკომპონენტიანი რამაა ფოტოს
შეფასება. ამიტომ, ძალიან რთულია კარგი ფოტოს გადარჩევა.
-
-- არც ამ ფრაზას უნდა ჩავაფრინდეთ ძალიან, თითქოს რაღაცის
გაგრძელებაა, რადგან იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლიტერატურაზე და მივიჩნიოთ, რომ ფოტოგრაფია ლიტერატურის
გაგრძელებაა, ან მხატვრობის, ან ფილოსოფიის... ფოტოგრაფიას მსგავსი მიდგომით შეგვიძლია მხატვრობას ვუწოდოთ, ფილოსოფიაც და მუსიკაც. ყევლა ამ ელემენტის მოძიება შეიძლება ფოტოგრაფიაში.
-- რამდენად დიდია ურთიერთგავლენები ფოტოგრაფიასა და ტრადიციულ მხატვრობას შორის?
-- მხატვარი, რომელიც მოდის ფოტოგრაფიაში, პირველი, რაც მოაქვს, არის კომპოზიციისა და ფორმის ცოდნა, შეგრძნება, ანუ ის რაც მხატვრისთვის ორგანზომილებიან სივრცეში არის
მნიშვნელოვანი. ეს ცოდნა მხატვრებს აქვთ მოჭარბებულად და მათ არჩევანზეა, როგორ გამოიყენებენ
ამ ცოდნას ფოტოგრაფიაში. ან პირიქით, იმიტომ მოდიან ფოტოგრაფიაში, რომ მხოლოდ მხატვრობა არ აკმაყოფილებთ და რაღაც სხვა უნდათ. 25 წლის წინ
ჩემს მეგობართან საუბარი მქონდა ფოტოგრაფიასა და ფერწერაზე და მან თქვა, რომ ყოველთვის
გაარჩევს ფოტოგრაფიას მხატვრობისაგან. მეც
ვაჩვენე ერთი ცნობილი ფოტო, რომელიც მანეს სტილში იყო გაკეთებული და ნიძლავი
მოვიგე, რადგან დაასკვნა, რომ ავტორი იყო მანე. რისი თქმა მინდა ამით: იმიტაცია
ფოტოს ბუნებაში დევს, ფოტოს შეუძლია იყოს არაობიექტური. მას ობიექტურობა
არ მოეთხოვება და სხვათაშორის არც დოკუმენტალიზმი.
თუმცა მას ამისთვის ხშირად იყენებენ. ფოტოგრაფიას
ძალიან მიკერძოებული და ცალმხრივიც შეუძლია იყოს. მაგალითად, რაკურსი ფოტოგრაფიაში მიანიშნებს, რომ მას მხოლოდდამხოლოდ ერთი მხრიდან
შეუძლია აჩვენოს საგანი ან სამყარო. ვინაიდან რაკუსრი ფოტოგრაფის არჩევანზეა - რომელი
წერტილიდან გვანახებს ამ სამყაროს. ფოტოგრაფის
სიძლიერე მაშინ ჩანს, როდესაც ის ისეთი კუთხიდან დაინახავს სამყაროს, რომ ყველასთვის ცნობადი გახდეს ის სივრცე. ფოტოგრაფიაში ძალიან ხშირად იყენებენ
სიტყვას ხატი, ხატს კონკრეტული სიტუაციიდან მაქსიმალური ინფორმაციის მოცემა უნდა შეეძლოს
მნახველისთვის. ვინც ამას შეძლებს ის ჩაითვლება მაღალი დონის ფოტოგრაფად. ასეთი ფოტოგრაფები საქართველოშიც
გვყავს. მაგალითად, ცნობილი ქართველი მხატვარი
გიგო გაბაშვილი ძალიან ძლიერი ფოტოგრაფიც იყო, მისი ალბომი გამოვიდა, გამოფენაც
იყო. ფანტასტიური ფოტოები აქვს ამ ადამიანს,
არაჩვეულებრივი მხატვარი რომ არის, ამასთან
ერთად არაჩვეულებრივი ფოტოგრაფიცაა. თანამედროვე ფოტოგრაფიაშიც ბევრი საუკეთესო ფოტოგრაფია,
რომლებიც ისეთ საოცრებებს აკეთებენ, რომ მათ გვერდით რაიმე ახლის გაკეთება და ადგილის
დამკვიდრება ძალიან ძნელი იქნება.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი