საზიარო შვილები და ვალდებულება
ალიმენტის დაკისრება, საალიმენტო თანხის გაზრდა ან შემცირება - ამგვარია იმ საქმეების დავის არსი, რომელსაც მარტოხელა დედები ყოფილი ქმრების წინააღმდეგ აწარმოებენ. ან კიდევ, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მამები ვერდიქტს ისევ სასამართლოში ასაჩივრებენ.
2010 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საალიმენტო თანხის დაკისრების მოთხოვნით 45 საქმე განიხილა. სააპელაციო სასამართლოს სტატისტიკით, ამდენივეა გასული წლის საქმეების მაჩვენებელიც. აპელანტები ძირითად შემთხვევაში დედები არიან, რომლებიც მათი შვილების მამებისგან შვილების სრულწლოვანების ასაკამდე ფინანსურ უზრუნველყოფას ითხოვენ.
გასულ კვირას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე საქმე განიხილა, რომელთა დავის არსი ალიმენტის მოთხოვნას შეეხებოდა.
სააპელაციოში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე მოქალაქე მზევინარ ჯაბნიძე თავისი ორი ვაჟის სრულწლოვანების ასაკამდე მათთვის მამის, მამუკა გავაშელიშვილის მხრიდან 150 ლარის დანიშვნას ითხოვდა. ჯაბნიძეს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და მამას შვილების სასარგებლოდ 30-30 ლარის გადახდა დააკისრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მზევინარ ჯაბნიძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოთხოვილი 200 ლარი - 50 ლარით შეამცირა. როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, ყოფილ ცოლ-ქმარს არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას ორი ვაჟი შეეძინათ. როგორც პროცესზე ჯაბნიძის წარმომადგენელმა განაცხადა, მისი კლიენტი და გავაშელიშვილი გარკვეული უთანხმოების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საჩივარში დაფიქსირებულ მოთხოვნას ჯაბნიძის ადვოკატი იმით ასაბუთებდა, რომ მამუკა გავაშელიშვილი პირუტყვსა და სახნავ-სათეს მიწას ფლობდა. ამიტომ, 150 ლარის გადახდა არ გაუჭირდებოდა.
„დღეისათვის 150 ლარი საარსებო მინიმუმია. აქედან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა. გავაშელიშვილს ჰყავს პირუტყვი. მას ბავშვებისთვის არაფერი გაუკეთებია და თავისთან არც არასდროს ჰყოლია," - განაცხადა ჯაბნიძის წარმომადგენელმა.
მოწინააღმდეგე მხარის, მამუკა გავაშელიშვილის თქმით, ის არც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, თუმცა მისი გასაჩივრების ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. გავაშელიშვილი პროცესზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. მან იმ მიზეზების ახსნა სცადა, რომელთა გათვალისწინებით, მისთვის 30 -30 ლარის გადახდაც სირთულეს წარმოადგენდა.
მამუკა გავაშელიშვილის მტკიცებით, ის სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში იყო რეგისტრირებული. მიწის ნაკვეთი ნამდვილად გააჩნდა, თუმცა უსახსრობის გამო ვერ ამუშავებდა. შესაბამისად, გავაშელიშვილების ოჯახის არსებობის ერთადერთ წყაროს 30-ლარიანი შემწეობა წარმოადგენდა. მოპასუხემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სმენა და მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა.
მოსამართლემ პროცესის მსვლელობისას მხარეებს მორიგება შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს. როგორც გაირკვა, გავაშელიშვილთან 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მზევინარ ჯაბნიძემ მეორე ოჯახი შექმნა და თავისი შვილებით მეორე ქმრის სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
„მე ვარ სოცილურად დაუცველი. არანაირი სამუშაო არ მაქვს. ბავშვები მიმდინარე წლამდე ჩემთან იყვნენ და 78 ლარით ვარჩენდი მათ. შემდეგ წაიყვანა დედამისმა. ბავშვებიანად გათხოვდა. ქმარი ჰყავს და თავის ქმრიანად შევურიგდე? გარდა ამისა, ჩემი ყოფილი ცოლი იმ 400 დოლარის ამოღებით დამემუქრა, რომელიც ადვოკატის მომსახურებისთვის დახარჯა," - განაცხადა მამუკა გავაშელიშვილმა.
მოსამართლემ ჯაბნიძის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უარის მიზეზად კი განმარტა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო პროცესზე თავისი მოთხოვნის გამამყარებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ანალოგიური მოთხოვნის იყო მეორე პროცესი, რომელიც ამავე სასამართლოში შედგა
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე