დევნილები პირველყოფილ წყობილებაში
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. დევნილებს ახალი საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ხელისუფლება უკვე 2 წელია, ჰპირდება. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირებს მხოლოდ დაპირებები ესმით. პირობები კი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, არსებობისთვის შეუსაბამოა.
ახალგაზრდობის გამზირზე დევნილები ბაზა „მუხნარის", ყოფილი ბავშვთა ტურბაზისა და ასევე, №16 საჯარო სკოლის გვერდით მდებარე გაუქმებული სკოლის შენობაში არიან განთავსებულნი. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელისუფლებამ ტერიტორიიდან დევნილების გარკვეული ნაწილი გადაიყვანა. როგორც დევნილთა დარჩენილი ნაწილისთვის გახდა ცნობილი, შერჩევის კრიტერიუმი საცხოვრებლად უვარგისი პირობები იყო. შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებსაც ახალი საცხოვრებელი არ შეხვდათ, დევნილთა უწყებისგან განმარტებას მოითხოვენ: რატომ გაიყვანეს დევნილები ნაწილ-ნაწილ, როდესაც თავად ამორტიზებულ კოტეჯებში, ვირთხებისა და ქვეწარმავლების გვერდით უწევთ ცხოვრება.
დევნილების წინაშე არსებულ ერთ გაუგებრობას კიდევ მეორე ემატება. მათთვის უცნობია, თუ სად შეიძლება გაასახლონ. ისინი აცხადებენ, რომ ქუთაისს გარეთ ბინა არ უნდათ. ერთადერთი რამ, რაშიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებენ, ის არის, რომ ამჟამინდელი საცხოვრებელი ტერიტორიიდან მათ აუცილებლად გაიყვანენ.
„ლტოლვილთა სამინისტროს ქუთაისის შტაბში გვითხრეს, ჯერ ჩვენც არ ვიცით, სად გადაგიყვანთ და თქვენ რა გითხრათო," - ამბობს ბაზა „მუხნარში" მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მირიან ჭანტურია.
„მუხნარში" ამ ეტაპზე აფხაზეთიდან დევნილი 7 ოჯახი ცხოვრობს. ოჯახების ნაწილს, რომლებიც უკვე გაასახლეს, საცხოვრებლად ერთოთახიანი ბინები ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის №19-ში, ასევე, ბათუმსა და ფოთში მისცეს. დევნილების დარჩენილმა ნაწილმა იცის, რომ ისინიც ერთოთახიანი ბინების პროგრამაში არიან ჩასმული. თუმცა მიიჩნევენ, რომ ერთი ოთახი მცირე ფართია და ამ შემთხვევაში განსახლებაზე უარს იტყვიან.
„მე ერთოთახიანზე არ ვარ თანახმა. ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო და ჩემი საცხოვრებელი არ დამეკარგა, იქ ისეთი სახლი დამატოვებინეს, გაჭირვებულებს იქეთ დავეხმარებოდი. სახლი დავკარგე, ომში ვიბრძოდი და აქ კიდევ 1 ოთახს მამადლიან?! ჩემთან ერთად დედაჩემი ცხოვრობს. ახლა საკუთარი ოჯახი არ მყავს, მაგრამ რომ დავოჯახდები, მეუღლე და შვილები სად წავიყვანო?" -ამბობს დევნილი მირიან ჭანტურია.
დევნილთა მეორე ნაწილი, შტაბის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათი ახალი საცხოვრებლის განთავსების ვერსიებზე საუბრობს. როგორც ირკვევა, იძულებით გადაადგილებული პირები შესაძლოა, ქუთაისში, „დედათა და ბავშვთა სამხარეო-დიაგნოსტიკური ცენტრის" შენობაში განთავსდნენ. (თავად ცენტრმა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაინაცვლა).
„თვითონ შტაბში უთქვამთ ასე. კარგი საავადმყოფო არის, არემონტებენ და იქ გადაგიყვანთო," - ამბობენ დევნილები.
„არ ვიცით, სად წაგვიყვანენ. მოვლენ აქ და იმას გეუბნებიან, ხმა მოგვეცითო. ხმის მიცემა კი არა, თოფით უნდა გამოეკიდო ყველას. არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ არის ჩვენთვის," - ამბობს გურამ ლობჟანიძე.
იძულებით გადაადგილებული პირები იმაზეც საუბრობენ, რომ ახალ სახლებში შესაბამისი საცხოვრებელი პირობები უნდა იყოს. მათი თქმით, ის პირები, რომლებიც სახელმწიფომ საცხოვრებლებით უკვე დააკმაყოფილა, სახლებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ უკმაყოფილებას კი კედელზე ამოსული სოკოები და კედლიდან გამოსული წყალი იწვევს.
„სიმართლე რომ გითხრათ, მე ბინა კი არა, ჩემს სახლში დაბრუნება მინდა. ისეთ ბინაში ვერ ვიცხოვრებ, სადაც კედელზე სოკოებია საკრეფი და წყალი გამოდის. აქ ისედაც ვირთხებში ვცხოვრობთ. 21-ე საუკუნეაო, იძახიან. ხალხი კოსმოსში დაფრინავს და ჩვენ კიდევ პირველყოფილ წყობილებაში ვართ ჩარჩენილი," - ამბობს დევნილი მერი დიხამინჯია.
ქვეწარმავლების გარემოცვაში უწევთ ცხოვრება ყოფილ ბავშვთა ტურბაზის ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილებსაც. აქ ახალ საცხოვრებლებს 87 ადამიანი ელოდება. დევნილები ლტოლვილთა უწყების მუშაობით აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი თქმით, უწყების თანამშრომლები დასახლებაში არა ხალხის დასახმარებლად, არამედ, იმისთვის მიდიან, რომ გარდაცვლილი პირები აღრიცხონ.
„აქ მოვლენ და იმას ითვლიან, რამდენი ადამიანი დაიღუპა. მართლაც ასეა, ხალხი იხოცება. ვირთხებთან ცხოვრებას ისიც ემატება, რომ თავზე გვაწვიმს. ამ ზამთარში თუ აქ დავრჩით, ჩათვალონ, რომ სახელმწიფოს დახმარება და მათი ბინები აღარ დაგვჭირდება," - ამბობენ დევნილები.
დევნილთა განსახლების პროცესთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ იმერეთის რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე 5 შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხოლო 2012-2013 წლების მანძილზე კიდევ 35 ობიექტის რეაბილიტაცია იგეგემება. უწყების პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რომელი ობიექტების რეაბილიტაციაზეა საუბარი ან რა ვადაში დააკმაყოფილებენ საცხოვრებლებით ახალგაზრდობის გამზირზე ჩასახლებულ დევნილებს. უწყებაში უბრალოდ განმარტავენ, რომ: „შენობების გარემონტების პარალელურად მოხდება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილთა განსახლება მათი ოჯახების მოკვლევისა და საჭიროებების მიხედვით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე ბაზა „მუხნარში", ბავშვთა ტურბაზაში, ყოფილი სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს," - აცხადებენ სამინისტროში.
იმ დრომდე, ვიდრე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახალგაზრდობის გამზირზე მცხოვრები დევნილების პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს, იძულებით გადაადგილებული პირები არსებობისათვის შეუფერებელ პირობებსა და პირველყოფილ წყობილებაში რჩებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე