"ვისაც სწავლა სურს, მისთვის წინააღმდეგობა არ არსებობს"...
-მიუხედავად დიპლომიანთა მაღალი რაოდენობისა, ქვეყანაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ზოგადად, ქვეყანაში განათლების დაბალ დონეზე მიუთითებენ. არის თუ არა ეს მართლაც ასე და რა არის ამის მიზეზი ? ამ საკითხებზე "Nespress.ge"-ს ილიას უნივერსიტეტის ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევარი, დოქტორანტი ირინე სახელაშვილი ესაუბრა.
- ერთი მხრივ, დიპლომირებულთა საერთო რაოდენობით,
საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს შორის, ჩვენს ქვეყანას, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო
მაჩვენებელი აქვს. საქსტატის მაჩვენებლებით, სტუდენტთა რიცხოვნობა მხოლოდ 2008 წლიდან
2013 წლამდე 93, 6 ათასიდან 117,9 ათასმდეა
გაზრდილი, მაშინ, როცა ამავე პერიოდში, დოქტორანტთა
რაოდენობა მხოლოდ 1588 -დან 3213 ერთეულამდეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკალავრიატიდან
განათლების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას მხოლოდ ერთეულები აგრძელებენ. ჩემი აზრით,
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქონა ჩვენი საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ
საბჭოური მემკვიდრეობის გამოძახილი და ნარჩენი მოვლენაა. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ
ვერ განთავისუფლდა დიპლომის, როგორც სრულფასოვანი მოქალაქის აუცილებელი ატრიბუტის საჭიროების
განცდისაგან. დღევანდელი სტუდენტები და აბიტურიენტები იმ თაობის მშობლების შვილები
არიან, რომლებიც იზრდებოდნენ ისეთ გარემოში, როცა უმაღლესი განათლების არქონა, რბილად
რომ ვთქვა, არ იყო მისასალმებელი. ამიტომ არის, რომ მშობლები იხდიან არც თუ ისე მცირე
თანხას იმისათვის, რომ მათი შვილების უმეტესობამ დაამთავროს სულ მცირე, ბაკალავრიატი
მაინც. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ეს არც თუ ისე მცირე თანხა ხშირ შემთხვევაში,
უშედეგოდ იხარჯება, რადგან შვილების უმრავლესობა, უბრალოდ, არ ან ვერ სწავლობს, მშობლები
იხდიან საფასურს იმაში, რომ მათმა შვილებმა არ ისწავლონ! სტუდენტების უმრავლესობა შესაძლებლობის
მინიმუმსაც კი არ დებს ცოდნის მიღებაში, რაც, შესაბამისად აისახება კიდეც პროფესიული
კადრის რაოდენობრივ მაჩვენებელზეც. პროფესიონალებად არ იბადებიან, პროფესიონალები ხდებიან
მხოლოდ დაუღალავი და განუწყვეტელი მუშაობის შედეგად და არა ლექციებზე მოვალეობის მოხდის
მიზნით, მშობლების წინაშე აღებული ვალდებულების „პირნათლად“ შესრულების გამო. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი, არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებით,
როგორც წესი, კურსიდან მხოლოდ ერთეულები გამოირჩევიან სურვილით, ისწავლონ, რაც შეიძლება
კარგად და რაც შეიძლება მეტი. მესმის, რომ ძნელია
იყო მოტივირებული მაშინ, როდესაც დასაქმების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია და სამსახურის
პოვნის შანსი დიპლომის აღების შემდეგ უკიდურესად რთულია ქვეყანაში, სადაც ტოტალური
უმუშევრობაა და ძალიან მაღალია კონკურენცია, მით უმეტეს მაშინ, როცა უბრალოდ, სწავლის
არანაირი მოტივაცია არ გაქვს. სწავლა უნდა გიყვარდეს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მშობლების,
ნათესავების და საზოგადოებისთვის გადახდილი ხარკი, რომელიც, ვინ იცის, რატომ თვლის,
რომ „უდიპლომო სასიძო“ სიძე ვერ გახდება.
არ მიწყენენ ტაქსის მძღოლები, იმედია და ხომ ფაქტია, რომ მათ უმრავლესობას
მართლა უდევს სახლში ერთი დიპლომი მაინც... განათლება, შესაბამისად, დიპლომიც თავის
მოსაწონებლად კი არა, თვითრეალიზაციისა და შემოსავლის მისაღებად სჭირდება ადამიანს
და რა ფასი აქვს უჯრაში ჩადებულ საბუთს, თუ მას საჭიროებისამებრ ვერ გამოიყენებ?! „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა...“
ამიტომ, სამართლიანობის გამო უნდა
ავღნიშნო, რომ პროფესიონალი კადრის დეფიციტზე მეტად პროფესიონალად გახდომის სურვილის
დეფიციტი უფროა.
რაც შეეხება პროფესიონალებს, ასეთი
კადრები გაცილებით მეტია, ვიდრე მათი დასაქმების რეალური შესაძლებლობა. მხოლოდ იმას
ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი, ჭკვიანი და განათლებული, საკუთარ საქმეზე და პროფესიაზე
შეყვარებული ახალგაზრდა (და „ძველგაზრდაც“, ეს არც თუ ხუმრობით) არის საქართველოში
და მის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ამ კადრების მოძიება და მათი მიზანმიმართული
გამოყენებაა სწორედ. თუმცა, ეს კიდევ სხვა თემაა და მასზე საუბარი სხვა მიმართულებით
წაგვიყვანს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მხოლოდ კერძო სტრუქტურები, რომლებიც საკუთარ მოგებაზე
მუშაობენ, აცნობიერებენ პროფესიონალთა საჭიროებას, სადაც, პირდაპირი მნიშვნელობით,
საკუთარი ჯიბიდან გასცემენ დაქირავებულთა ანაზღაურებას. ასეთი სტრუქტურები არც ისე
ბევრია ქვეყნის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ყველა სხვა სტრუქტურაში სხვა მექანიზმი მუშაობს,
ამიტომ იქმნება ხელოვნური სურათი პროფესიონალთა დეფიციტისა, როცა კადრების დასაქმება
მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს ხდება მათი კვალიფიკაციის ნიშნით. ...
-არის თუ არა პრობლემა განათლების სისტემაში?
აძლევს თუ არა უმაღლესი სასწავლებლები განათლების სათანადო ხარისხს სტუდენტებს?!
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ განათლების
სისტემა იდეალურია. ძალიან, ძალიან ბევრია გასაკეთებელი, დასანერგი და შესაცვლელიც,
განსაკუთრებით, სკოლებში. მაგრამ მე პირადად გულწრფელად მშურს დღევანდელი სტუდენტების,
რადგან სწავლის რეალურად მსურველებისათვის დღეს პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობაა განათლების
მიღებისათვის. სკეპტიკოსები შეიძლება შემომედავონ, მაგრამ გავიმეორებ იმას, რაც წინა
კითხვაზე პასუხის დროს ვთქვი: ვისაც სწავლა სურს, მისთვის წინააღმდეგობა არ
არსებობს... მითუმეტეს, მაშინ, როცა სტუდენტებისათვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის
ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში, ხელმისაწვდომია კომპიუტიზირებული აუდიტორიები, ინტერნეტი,
მდიდარი ბიბლიოთეკები, სხვადასხვა სატრენინგო კურსები, სემინარები, გაცვლითი პროგრამები,
საგრანტო კონკურსები, კონფერენციები... ძალიან
კარგად მახსოვს, ჩემი სტუდენტობისას როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში წამლად ნაშოვნი
სახელმძღვანელოების ქსეროასლები, ჯერ კიდევ
90-ანი წლების ბოლომდე... კიდევ ვიმეორებ, იდეალური განათლების სისტემა არ გვაქვს,
თუმცა სწავლისა და პროფესიონალად გახდომის მსურველთათვის ყველა პირობა არსებობს და
სისტემაზე ყველაფრის გადაბრალება არ იქნებოდა
მართებული. ასე რომ იყოს, მაშინ არ გვეყოლებოდა არც ერთი ექიმი, ფსიქოლოგი, არქიტექტორი,
პროგრამისტი და არც ამდენი ევროპული განათებლება- მიღებული კადრი. დიახაც, მაღალია
კონკურენცია, რადგან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაძლიონ ის ბარიერები და მიიღონ ის
გამოწვევები, რასაც დღევანდელი, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სამართლიანად მართული შრომითი
ბაზარი უყენებს პროფესიონალ კადრებს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, პროფესიონალთა დეფიციტი
ნამდვილად არ გვაქვს დღეს საქართველოში, დეფიციტი მხოლოდ მათი დასაქმების შესაძლებლობებშია.
და ბოლოს, იმ მშობლების საყურადღებოდ,
რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ მათი შვილები, მიუხედავად უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დიპლომის ქონისა, შესაფერის სამსახურს ვერ პოულობენ, მინდა ხმამაღლა ვთქვა: მიეცით მათ ისეთი პროფესიის არჩევის შესაძლებლობა,
თუნდაც პროფესიულის, რომელიც მათ შემოსავალს მისცემს და თუ ვერ აკეთებენ იმ საქმეს,
რაც უყვართ, ასწავლეთ, შეიყვარონ ის საქმე, რასაც აკეთებენ!
ავტორი: ნიუპრესი