"კამერის ჩართვას დაფაზე დახატული "play და stop"-ით გვასწავლიან"
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები მედიალაბორატორიის არარსებობას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტს არ გააჩნია კამერები, ხმის ჩამწერი მოწყობილობები და კომპიუტერები, რისი საშუალებითაც ისინი აუდიო- ვიდეო მონტაჟის შესწავლას შეძლებენ.
როგორც სტუდენტები
აღნიშნავენ, ჟურნალისტიკა პრაქტიკულ ჩვევებთანაა დაკავშირებული, ამის შეძენის შესაძლებლობას კი უნივერსიტეტი არ იძლევა.
"ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ლაბორატორია არ გააჩნია. ეს კი ყველაზე მეტად ჭირდებათ ჟურნალისტებს. არ აქვთ კამერები, ხმის ჩამწერები, კომპიუტერები. კამერის ჩართვას დაფაზე დახატული Play-თ და Stop-ით გვასწავლიან. როგორც ვიცი, ჩემი ლექტორები წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობენ, რომ უნივერსიტეტს მედიალაბორატორია ჰქონოდა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს არ აქვთ შანსი, რომ ჩამოყალიბდნენ ჟურნალისტებად და არ იყვნენ მხოლოდ თეორიაზე მიჯაჭვულები. ჟურნალისტიკა ხომ პრაქტიკას მიოთხოვს. " - აღნიშნა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტმა, თამარ რაზმაძემ.
ნიუპრესი ჟურნალისტს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს (ჟურნალისტიკაში),
ამჟამად სეუ-ს ასოცირებულ პროფესორს, თინათინ ზაქარაშვილს
ესაუბრა. მისი განცხადებით," აწსუ"-ში 70-80-იან
წლებში გამოცემული წიგნებით ხელმძღვანელობენ,
მაშინ, როდესაც უახლესი კვლევები და სახელმძღვანელოები არსებობს: "მასობრივ კომუნიკაციაში
ვერაფერს შეცვლი. მესმის, ასევე ვერ შეცვლი
"ჟურნალისტიკის შესავალში" , მაგრამ ახალი ამბების ჟურნალისტიკას, მედია ნიუსების მომზადების სპეციფიკას წერეთელის უნივერსიტეტში
საერთოდ არ ასწავლიან. ორი წლის წინ, როცა დისერტაცია დავიცავი და გადავწყვიტე იქ დაბრუნება,
მედიალაბორატორიის გაკეთება შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. პროექტიც დამაწერინეს.
ეს უნდა ყოფილიყო არამარტო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ზოგადად
იმათთვის, ვისაც წერის სურვილი ექნებოდა. ხელმძღვანელობამ
პროექტი მაშინვე მომიწონა. მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე გააპიარეს. მაგრამ ერთ კვირაში
პროექტი დაიბლოკა, იგი პროფესურამ დაიწუნა. მათი თქმით, "ასეთ რამეებს ლექციებზეც
ვასწავლით სტუდენტებს და არ გვჭირდებაო". შემდეგ რექტორმა თქვა, რომ მსგავსი პროექტი
დაწერილი გვაქვს და გრანტს ველოდებითო. ორი წელია ზუსტად გასული, მაგრამ ლაბორატორია
დღესაც არ არსებობს. იმის გამო, რომ არ იციან რა არის საქმე, ანუ რა არის ჟურნალისტიკა,
რაღაც ეფემერულ , მაინც და მაინც ძვირადღირებულ აპარატურას ელოდებიან. ბოლოს, როცა ვერაფერი გავაგებინე, მე სურვილი გამოვთქვი,
აუდიტორია მაინც გამოეყოთ, სადაც რამდენიმე კომპიუტერს დადებდნენ და აუდიო-ვიდეომონტაჟის
პროგრამებს ჩავწერდი და სტუდენტებს ვასწავლიდი. მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, დაეწერათ" ნიუსები" . შემდეგ ამაზეც
უარი მითხრეს. მე მინდა, რომ ჟურნალისტებს ასწავლოს ჟურნალისტმა, მან, ვინც შიგნიდან იცის ეს საქმე."
"ახალგაზდების
გულისტკივილი ნამდვილად სამართლიანია"
- აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე. - "ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი
ტექნიკის შესაძენად ტენდერების პროცედურა უნდა გავიაროთ. რამდენჯერმე გამოვაცხადეთ
ტენდერი, სადაც ფოტოაპარატიც იყო, კამერაც და სხვა საჭირო აპარატურა, მაგრამ ჩავარდა,
არავინ შემოვიდა. ალბათ, თანხა იყო დიდი. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სხვა ლაბორატორიულ
აღჭურვილობასთან ერთად გამოვეცხადებინა ტენდერი და ველოდებით... ალბათ მომავალი წლის
ბიუჯეტით გაკეთდება. გარდა ამისა, მე ყოველ
წელს მასმედიას ვხვდები და ვთავაზობ თანამშრომლობას, ჩვენს სტუდენტმა რომ მათ წიაღში
პრაქტიკის გავლა შეძლონ. წინააღმდეგი არც ერთი ორგანიზაცია არ ყოფილა, მაგრამ ამას
არც ფართომასშტაბიანი ხასიათი მიუღია." - აღნიშნა ღავთაძემ.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი