"ნუ შეგვიცოდებენ, უბრალოდ დაგვეხმარონ"
ანა ლორთქიფანიძე 24 წლის შშმ პირია, რომელიც ძალიან აქტიურ ცხოვრებას ეწევა.
ამჟამად სკოლა "გონში" მუშაობს, სადაც ღვთისმეტყველებას
ასწავლის. კმაყოფილია იმ საქმით, რასაც აკეთებს.
მისი თქმით, რაც ისწავლა, რისთვისაც იბრძოდა,
ყველაფრის განხორციელების საშუალება მიეცა.
ანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობს.
თავის სამსახურზე როცა საუბრობდა, აღნიშნა,
რომ მისი აზრით, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
ანა ბავშვობიდან
წერს ლექსებს. "ლექსებს ვწერ დაახლოებით
13 წლიდან, ვწერ ყველაფერს, რაც მტკივა, მაწუხებს,
მომწონს არ მომწონს, ჩემი ლექსებით გამოვხატავ ჩემს სათქმელს. ზოგჯერ მაკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ჩემი ლექსები ძალიან მოსაწყენია, რომ
ჩემი ლექსები მათ ბედნიერებას და სიხარულს ვერ გვრის. მე მინდა ვუუთხრა ადამიანებს- გამხადეთ ბედნიერი
და დავწერ "ბედნიერად". მე ვწერ იმას რასაც ვგრძნობ, რასაც განვიცდი."
ანას თქმით, ამ სამყაროში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზოგს ყველაფერი დაბადებიდან
აქვს, ზოგს კი ბრძოლა უწევს თავის დამკვიდრებისთვის,
ეს კი განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანისთვის, რომელსაც რაიმე სახის შეზღუდვა აქვს.
"განსხვავებულ ადამიანს ხალხი ვერ იღებს. იმისათვის,
რომ გააგებინო მათ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ბევრი უნდა იშრომო და გარემომაც,
რაღაც მომენტში, ხელი უნდა შეგიწყოს. ადამიანებმა რომ თანასწორად მიგიღონ, უნდა გახდე
მათი თანასწორი. ამისთვის საჭიროა შესაბამისი განათლების მიღება. უნდა იყოს ინკლუზიური
განათლება სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში. მიხარია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ უკვე
იზრუნა იმაზე, რომ ბაღებში და სკოლებში შშმ ბავშვების მიღების აკრძალვა არ იყოს."
ანამ აღნიშნა, რომ მას ბევრი შემთხვევა ჰქონდა, როცა მისი მეგობრების შვილები
საბავშვო ბაღებში არ მიიღეს, რადგან მომვლელს
მეტი ჯაფა დააწვებოდა. "მქონდა
შემთხვევა, როცა თავად სხვა მოსწავლეების მშობლები
იყვნენ შშმ ბავშვის სკოლაში მიღების წინააღმდეგნი. ისინი ამბობდნენ, რომ თავიანთი შვილები
რამე ჩვევებს გადაიღებდნენ შშმ ბავშვისგან. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ თუ კი თქვენი
შვილები იმეგობრებენ შშმ ბავშვებთან, დამერწმუნეთ, თქვენი შვილი არც გადაადგილების,
არც მეტყველების უნარს არ დაკარგავს. ამით არაფერი დაუშავდებათ, პირიქით, შეიძლება
სამყაროს სხვანაირად შეხედონ. არავის აქვს იმის გარანტია, რომ ხვალ თუ ზეგ მსგავს სიტუაციაში
არ აღმოჩნდება."
ვერ იტანს,
როცა იცოდებენ. "ნუ შეგვიცოდებენ, უბრალოდ დაგვეხმარონ, მოაწყონ ჩვენთვის
მისაღები გარემო."-ამბობს ანა. მისი აზრით,
ადამიანები ვერ იღებენ შშმ პირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე არ ქონიათ ასეთ ადამიანებთან
კონტაქტი. მათ არ იციან, რას ნიშნავს გქონდეს
რაიმე სახის შეზღუდვა. ყველას აქვს
რაღაც შეზღუდვა. მე, მაგალითად,
მაქვს წერის უნარი, სხვას კი - არა. აბსოლუტური სრულყოფილება ამ სამყაროში არ არსებობს.
სრულყოფილი მხოლოდ უფალია."
ანა მთელ სამყაროზეა შეყვარებული. "ცხოვრებაზე ვარ შეყვარებული.
ვგიჟდები ნათელი გონების მქონე ადამიანებზე. ხანდახან მგონია, რომ მთელი სამყარო ჩემი
მეგობარია, რადგან მართლა მთელ სამყაროსთან ვმეგობრობ."-მითხრა მან.
ფონდმა "სიკეთის ხე" სურვილი გამოთქვა ანას
მეორე წიგნის კრებული გამოეცა. ანა ლორთქიფანიძის ლექსების მეორე კრებულის "ცის
იმედად" პრეზენტაცია დაახლოებით ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი