ქალზე ძალადობა, როგორც კომპლექსური პრობლემა
„რეალობა არის მწარე ... წელს მამაკაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა არის დაწინაურებული. ჩვენს კანონს ამ მხრივ დიდი ხარვეზები არ აქვს, ხარვეზები არის ჩვენს მენტალიტეტში და ხარვეზები არის გამოძიებისას,” _ასე აფასებს და ხსნის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოჯახში ძალადობის გამოვლენის გახშირებულ შემთხვევებსა და მიზეზებს.
შინაგან საქმეთა
სამინისტროს მხოლოდ 2014 წლის სექტემბრის
დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, გამოძიება ოჯახში ძალადობის 50 ფაქტზე დაიწყო.
2013 წლის სექტემბერთან შედარებით, დანაშაულმა 92%-ით იმატა. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის
ფატალურ შემთხვევებს, 2013 წელს მამაკაცის
მხრიდან ქალის მკვლელობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან _ 8 პარტნიორის, ერთი კი მსხვერპლი ქალის მშობლის
მიერ იყო ჩადენილი. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის
უფროსის, ეკა სხილაძის თქმით, შსს-საგან 2014 წლის დეტალური გენდერული სტატისტიკა გამოთხოვილია,
მაგრამ დღემდე არ მიუღიათ. არაოფიციალური მონაცემების მიხედვით კი, 2014 წელს 20 ქალზე
მეტია მოკლული.
ძალადობა - კომპლექსური პრობლემა
უფლებადამცველები
თანხმდებიან, რომ ძალადობა არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც მრავალმხრივ მიდგომას
საჭიროებს და მიზეზები ვერ იქნება მხოლოდ საზოგადოებაში, ან მხოლოდ სახელმწიფო სერვისებში.
არასამთავრობო ორგნიზაცია „პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტული მიზეზების
გამოვლენის ერთადერთი საშუალება მონიტორინგია:
„მხოლოდ მონიტორინგის შედეგად შეიძლება სისტემური ხარვეზების პოვნა და შემდეგ
აღმოფხვრა. ახალი სამოქმედო გეგმის დასახვა გამოსავალი არ არის, თუკი, ჯერ არ გვეცოდინება
კონკრეტულად რამ განაპირობა არსებული პრობლემები. მაგალითად, პირველი ნაბიჯი, რაც შინაგან
საქმეთა სამინისტროს შეუძლია გადადგას, უნდა
ამოიღოს იმ ქალების მონაცემთა ბაზა, რომლებმაც მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ უშიშროებამ
ეს მიმართვა არ მიიჩნია საფრთხის შემცველად“.
შსს-ს ოჯახში ძალადობის
პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის სამდივნოს უფროსის – მაკა ფერაძის
თქმით, დამცავი და შემკავებელი ორდერები არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ძალადობის
თავიდან აცილების სრული გარანტია. “ამიტომ, ოჯახში ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების
შემოწმების მიზნით, სამინისტროში მონიტორინგის გაძლიერებული მექანიზმი შეიქმნა ოჯახში
ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის სახით, რომელიც თვეში
ერთხელ, განიხილავს საქართველოს მასშტაბით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით
განხორციელებულ აქტივობებს. გარდა ამისა, კომისიის მანდატს ასევე წარმოადგენს აღსრულებაში
არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა,“ - ამბობს იგი.
დაცვითი ღონისძიებების
არაეფექტურობაზე საუბრობს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის
უფროსი, ეკა სხილაძე: „სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობის უმრავლესობის მიზეზი სწორედ
ის არის, რომ მსხვერპლის დაცვითი ღონისძიებები არ იყო ეფექტური. 2013-2014 წლების მანძილზე
სახალხო დამცველმა 5-ჯერ მიმართა შსს-ს წინადადებით, რომ დამცავი ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფდა მსხვერპლის უსაფრთხოებას და საჭიროებდა შსს-ს მხრიდან შესაბამისი ცვლილებების
გატარებას“. მისი თქმით, დაცვის ღონისძიება არსებული მონაცემების დიდ ნაწილში ან დაგვიანებული
იყო, ან არ იყო მორგებული საჭიროებებს.
მაკა ფერაძის
(შსს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის სამდივნოს
უფროსი) თქმით, არსებულ ხარვეზებზე რეაგირებისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის – გუგული მაღრაძის
ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების კანონპროექტს ამზადებს. მისი თქმით, კანონპროექტის
მიზანს შემაკავებელი ორდერის დამტკიცება და გასაჩივრების პროცედურების გამარტივება
წარმოადგენს.
კიდევ ერთი პრობლემა,
რომელიც ოჯახში ძალადობის დროულად გამოვლენა/აღკვეთას უკავშირდება, კანონის აღსრულებაშია.
სწორედ კანონის იმპლემენტაციაზე ამახვილებს ყურადღებას იურისტი ბაია პატარაია, რომლის
თქმითაც, დღეს მწვავე პრობლემა არსებული კანონების არაჯეროვანი გამოყენებაა: „კანონებში
ჩადებული გარანტიები არასრულფასოვნად სრულდება, რაც ყველაზე მძიმე შედეგებს იწვევს.
ერთია, როცა მოქალაქეებმა არ იციან, რომ უნდა მიმართონ პატრულს და მეორეს მხრივ, მაშინაც კი, როცა პატრულის გამოძახება
ხდება, პოლიციელი თავს იკავებს გამოძიების დაწყებისაგან; შემოიფარგლება იურიდიული ძალის
არმქონე ხელწერილების დაწერით და არც შემაკავებელ ორდერს გამოსცემს. ხშირად პატრულის
ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება კიდევ უფრო აგრესიულს ხდის მოძალადეს. ამ პრაქტიკის
გამო, ყველაზე მწვავე პრობლემად არა კანონი, არამედ მისი აღსრულება იქცევა,“ - აღნიშნავს
იგი.
ოჯახში
ძალადობასთან საბრძოლველად ერთ-ერთ ყველაზე საჭირო მექანიზმად მედიაციის ინსტიტუტის
დამკვიდრებას მოიაზრებს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი: „უნდა დაინერგოს განრიდება-მედიაციის პროგრამა,
სადაც შესაძლებელია, მოძალადესა და მსხვერპლს შორის უნდა მოხდეს მედიაცია. ადგილობრივი
თვითმმართველი სტრუქტურები, პოლიცია, სოციალური სამსახური - ეს სამი სუბიექტი უნდა
თანამშრომლობდეს ოჯახური ძალადობის პრობლემების სამართავად. უნდა არსებობდეს
ოჯახური ძალადობის პრობლემის დაძლევის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ამაში შეიძლება ფსიქოლოგისა
და სოციალური მუშაკის როლი იყოს მნიშვნელოვანი. უნდა დაფინანსდეს ოჯახური ძალადობის თაობაზე ინფორმაციის აკრეფის ინსტიტუციური მექანიზმი, სადაც ანონიმურად შეეძლება ინფორმაციის
მიწოდება როგორც მსხვერპლს, ასევე, ვთქვათ, მათ მეზობლებს.
ამ ტელეფონით შემოსული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს ოჯახების მონიტორინგი სოციალური
მუშაკის მიერ, რათა შეაფასონ ძალადობის რისკი“, - განმარტავს ფსიქოლოგი.
ძალადობის
რისკების შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს უფლებადამცველი ანა არგანაშვილიც. მისი
თქმით, როცა პოლიციელი გამოძახებაზე მიდის, უნდა ჰქონდეს ობიექტურად გაზომვადი საფუძველი,
რის მეშვეობითაც პოლიციელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - გაარიდოს თუ არა მოძალადე.
„ამ პროცესში ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართულობა აუცილებელია. წინააღმდეგ
შემთხვევაში, თუკი მხოლოდ პატრულს, ანუ ადამიანს, რომელსაც იურისტად ყოფნის ვალდებულება
არ აქვს, შევატოვებთ ამ საქმეს, მაშინ გასაკვირი არცაა დღევანდელი შედეგი,“- აღნიშნავს
იგი.
ინფორმირებულობა და კულტურული ფაქტორები
გაეროს
მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალთა
50,1 % ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება
მას. ქალთა 34,1 % კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს. 44,9 % ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს
დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი.
ინფორმაციის
ნაკლებობა, განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, სტერეოტიპული დამოკიდებულებები
- ეს იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელიც განაპირობებს კიდეც გაეროს მოსახლეობის ფონდის
კვლევის შედეგებს. სახელმწიფოს წინაშე დგას კითხვა - როგორ უნდა ვებრძოლოთ „პრობლემებს
მენტალიტეტში“?
სახალხო
დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკა სხილაძე ქალზე
ძალადობისას მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს საზოგადოების გულგრილობას. „ძალადობაზე
ადამიანების რეაქცია არის დუმილი. იგი გამოწვეულია ან ამ ძალადობის გამართლებით, ან
შიშით, ან სხვის საქმეში ჩაურევლობის სურვილით, რაც განაპირობებს ძალადობის ფაქტებზე
მიმართვიანობის დაბალ რიცხვს“. მისი თქმით,
ინფორმირებულობას შეუძლია ადამიანს აგრძნობინოს, რომ ძალადობის პირისპირ მარტო
არ აღმოჩნდება.
უფლებადამცველი
ანა არგანაშვილი საზოგადოების დუმილსა და პასიურობას ძალადობის ფაქტების გამოვლენისას სახელმწიფოს რეპრესიული ხასიათის მექანიზმების არსებობით
ხსნის: „ოჯახში ძალადობის მექანიზმები არ შეგვიმუშავებია ჩვენი კულტურული ფაქტორების
გათვალისწინებით. ქვეყანაში, რომელშიც ძალადობის გაცხადება ქალისთვის უტოლდება ოჯახზე
უარის თქმას, ოჯახის ნგრევა კი ქართული მენტალობისთვის რთულად შესაგუებელია, ქალი დგება
არჩევანის წინაშე - ან დაფაროს ძალადობა, ან უარი თქვას ოჯახზე“. მისი თქმით, სწორედ
ამ არჩევანის წინაშე დაყენებაა შეცდომა, რადგან ქალი ხშირად ძალადობის დაფარვას ამჯობინებს
ოჯახის შესანარჩუნებლად. „ თუკი, ოჯახში კონფლიქტის გამწვავებამდე მოხდება ჩარევა სოციალური
სამსახურისა თუ ფსიქოლოგის დახმარებით, ამით ოჯახს ფუნქციონირების საშუალებას მივცემთ“,
- განმარტავს ანა არგანაშვილი.
„ძალადობის
მიმართ სქელკანიანები ვართ“ - ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და დასძენს, რომ ქართული
საზოგადოების კულტურაში ძალადობას აღიქვამენ, როგორც ნორმას: "ცოლი
და ქმარი ცოტა შეკამათდნენ, ვისი რა საქმეა", ან ვთქვათ, ტელევიზორში
დაცინვით და შეურაცხყოფების მიყენებით მიდის ურთიერთობა და ეს ადამიანები, ვინც დასცინის
ერთმანეთს, ვერ ხვდებიან, რომ თავადაც ძალადობენ, რომ დაცინვაც
ძალადობაა, რომ
ცინიკური დამოკიდებულებაც ძალადობაა. მარტო მკვლელობას განვიხილავთ ძალადობად, ან
ფიზიკურ დაპირისპირებას და ეს უკანასკნელიც ზოგჯერ არ არის ჩათვლილი ძალადობად“.
იურისტი
ბაია პატარაია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ცვლილებების აუცილებლობას ხედავს
განათლების სისტემაში: „განათლებას უნდა მოვკიდოთ ხელი, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს
უფლებებიც და მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებაც მოქალაქეების მხრიდან.
განათლების სისტემა უნდა გახდეს გენდერულად მგრძნობიარე და არ შეუწყოს ხელი გენდერული
სტერეოტიპების გამყარებას. მკვლელობა ოჯახში უცაბედად არ ხდება, მას მრავალწლიანი ოჯახში
ძალადობა უძღვის წინ, დროული და ეფექტური ინტერვენცია თავიდან აგვარიდებს ასეთ მძიმე
შემთხვევებს“.
ანა
არგანაშვილი კრიტიკულად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულებას ქალზე
ძალადობის მიმართ. მისი თქმით, შსს-ს ნარკომანიის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების კამპანიამ კარგად იმუშავა. მსგავსი კამპანიაა საჭიროა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგაც,
რისთვისაც მხოლოდ შსს-ს კეთილი ნებაა საჭირო. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს
არ აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ძალადობასთან: „იმისათვის, რომ ძალადობის წინააღმდეგ
მექანიზმები სწორად შეიმუშაო, უნდა გქონდეს შენივე საზოგადოებას მორგებული ხედვა, რომელშიც
იქნება გათვალისწინებული კულტურული თუ სხვა, მთელი რიგი ღირებულებებისა. ამ ხედვის
დასადებად კი წინაპირობას სისტემაში ხარვეზების მონიტორინგი წარმოადგენს“.
რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მაკა ფერაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას უახლოეს მომავალში გეგმავს: „მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც სატელევიზიო და რადიოეთერით გადაიცემა და ასევე, განთავსდება სოციალურ ქსელებში. იგეგმება თემატური კონკურსები და შსს-ს მიერ შერჩეული სპიკერი პოლიციელები, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ თოქ-შოუებსა და სხვადასხვა ფორმატის გადაცემებში.“
ავტორი: თამარ კურატიშვილი