|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას უქადის ქუთაისს ავტობანი?

ქუთაისის განვითარების პერსპექტივებზე ""Newpress.ge"-ს ეკონომიკური საკითხების ანალიტიკოსი რევაზ რობაქიძე ესაუბრა.

- ქუთაისის  შემოვლითი გზის ამოქმედება რა ცვლილებებს  გამოიწვევს  ქალაქის ეკონომიკაში? 

-ფაქტიურად, ქალაქიდან 3.5 კმ დაშორებით დასრულდა ქუთაისის ამვლელი გზის - ავტობანის ექსპლუატაციაში გაშვებაშედეგად ქალაქი  ორი უკიდურესობის წინაშე აღმოჩნდება, რასაც ეკონომიკური აქტივობის შემცირების პარალელურად, შესაძლებელიაქალაქიდან ადამიანური რესურსების გადინება მოყვეს. ავტობანის ამოქმედება ქალაქის ეკონომიკურ  აქტივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.  გამოდის, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ  დაშვებული შეცდომა მეორდება,  როცა ანანოვებმა რკინიგზის მთავარი მაგისტრალი  ააცდეს ქუთაისს. მაშინაც  ქალაქის საზოგადოება  მხოლოდ იმ დროს  გააქტიურდა, როცა ქუთაისი ქვასატეხებიდან, სასაკლაოს, სასწორების, ფარეხების და ხიდების იჯარით გაცემის შედეგად ამოღებული თანხების იმედად დარჩა. 

პრობლემების დაძლევის პირველ წინგადადგმულ  ნაბიჯად   იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის  ადმინისტრაციის მიერ მთავრობისადმი  შეთავაზებული წინადადება მესახება, რაც ჩქაროსნული  ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის ორივე მხარეს, წყალტუბოსა და თერჯოლის არასასოფლო ტერიტორიების ქუთაისის საზღვრებში შემოერთებას გულისხმობს. ამით შესაძლებელია შეიქმნას  ქუთაისის  ეკონომიკური აქტივობის გეოგრაფიულად ახალი სივრცე.  ეს ნიშნავს, ავტობანის ქუთაისის მონაკვეთზე მცირე და საშუალო საწარმოების, ტურისტული ობიექტების შექმნას, რაც შედეგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. 

-რამდენად რეალურია ამ იდეის განხორციელება? 

-ეს იდეა განხილვის სტადიაშია. იგი რეალისტურია და დიდი შანსია, მთავრობამ ეს შეთავაზება მიიღოს. 

-თქვენი აზრით, შეხვდა თუ არა ქალაქი  მომზადებული   ამ ახალი რეალობის -ამქცევი გზის ამოქმედებას? 

-დაწყებულია ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა, მაგრამ სტრატეგიის ჩამოყალიბება მეტად უნდა დაჩქარდეს. ქალაქის ამვლელი გზის ამოქმედებას, მისი  უარყოფითი შედეგების გათვალიწინებით,  სანაცვლო სამოქმედო გეგმა უნდა დავახვედროთ. ამაზე კონკრეტული პროგრამაა შესამუშავებელი. 

- რაში ხედავთ გამოსავალს? 

- თუ გავითვალისწინებთ განვითარებული ქვეყნების მაგალითს, მათ ინფრასტრუქტურის განვითარება და გაფართოება მოახდინეს შემოვლით გზასთან - ავტობანთან ახლოს. რამაც ასეთ ქალაქებს შეუნარჩუნა ეკონომიკური აქტივობა, შეაჩერა ადამიანური რესურსების გადინება და ქალაქი უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა. 

ამ მიზნით, სასურველია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ლიბერალური  რეგულაციები ავტობანთან არსებული თავისუფალი ტერიტორიების იმ ბიზნეს სუბიექტებზე გასხვისების შესახებ, რომელთა საინვესტიციო პროექტები მიმართული იქნება პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. 

ამასთან, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქალაქმა საქართველოს მთავრობასთან  შეთანხმებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის მიმდებარე  ტერიტორიაზე  თავისუფალი ეკონომიკური ზონა გამოაცხადოს.

 

სრულად ინტერვიუ  შეგიძლიათ  გაზეთის  "ახალი გაზეთი" 1-7 დეკემბრის ნომერში იხილოთ.

ავტორი: ირინა მაკარიძე