ერთ თოფში ახალთახალ "მერსედესსაც" კი მთავაზობდნენ"
ბაღდათიდან წერილი მოვიდა. მასში ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლთაც წინაპრების საგანძური დიდი რუდუნებით შემოინახეს. ჩვენ შუქრი ნაკაშიძეს ვთხოვეთ, მოეყოლა, როგორ აკეთა მისმა ოჯახმა საერო საქმე და ესტაფეტა შთამომავლობას გადასცა...
- ნაკაშიძეები, გურიის მთავრები რომ გამხდარიყვნენ, ამისთვის კი იბრძოდნენ, მაგრამ სამშობლოსთვის არასოდეს უღალატიათ. ერთ ნაკაშიძეს ულამაზესი ცოლი ჰყავდა. გურიელმა ქალს თავი შეაყვარა და ნაკაშიძეს წაართვა. გამწარებული ქმარი თურქეთში გადავიდა, სულთნის გული მოიგო და თურქის ჯარით მიადგა გურიის საზღვარს. გურიელს მაცნემ შეატყობინა ეს ამბავი. მთავარმა ამოღებული ხმალი ქარქაშში ჩააგო და გაალმასებულ ნაკაშიძეს შეუთვალა, - ოღონდ თურქის ჯარს ხალხს ნუ ააწიოკებინებ და მე რაც გინდა, ის მიქენიო. ნაკაშიძემ შიკრიკს მოუსმინა, მუშტები ისე შეკრა, ძვლებმა ლაწალუწი დაუწყო, მაგრამ ამოღებული ხმალი იმანაც ქარქაშში ჩააგო და უკან გაბრუნდა. ქალი ვის დარჩა, არავინ იცის, თუმცა ისტორიამ, რაც საჭირო იყო, ამ ამბიდან ის შემოინახა.
XIX საუკუნეში დევნით შევიწროებული აბრაგი ალექსი ნაკაშიძე ბაღდათში გადავიდა. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ალექსისეული იარაღი მე და ჩემს ძმას, ჯურხანს გადმოგვეცა. მათ შორისაა უნიკალური თოფი მაჭახელა, რომლის მსგავსი მუზეუმში შეიძლება არც იყოს და კიდევ XVII საუკუნის, საქართველოში უგრძესი სატევარი. ჩემს ბაბუასაც დიდძალი იარაღი ჰქონდა. 30-იან წლებამდე ბაღდათში მას ვერც სიმდიდრით გაუტოლდებოდა ვინმე და ვერც ჯოგების სიმრავლით... იარაღი თურქებთან საბრძოლველად სჭირდებოდა - ოსმალები ბახმაროს მთებიდან ზეკარისა და საირმის საძოვრებზე ფეხით გადმოდიოდნენ და პირუტყვს იტაცებდნენ. ბაბუას იარაღიც ოჯახმა მალვითა და სიცოცხლის რისკით შემოინახა... ჩემი წინაპრებისთვის ის სიმდიდრე კი არა, ისტორიის ხსოვნა იყო და ამიტომ ვერ ელეოდნენ.
- უნიკალურ იარაღში საკმაოდ დიდ თანხას იხდიან.
- ერთ თოფში ახალთახალ "მერსედესსაც" კი მთავაზობდნენ. არ მილხინდა, მაგრამ არ გავყიდე. თუკი ჩემმა წინაპრებმა, რომლებსაც ჩემზე მეტად უჭირდათ არ
გაყიდეს მამა-პაპის დანატოვარი, ჩვენ რა სინდისით უნდა გაგვეყიდა? ამიტომ ვიფიქრეთ და პირველი ბაღდათელი ნაკაშიძეების სახლის გვერდით მუზეუმი ავაშენეთ... ამ მუზეუმში კი წინაპართაგან დატოვებული იარაღი გამოვფინეთ - თოფები, ხმლები, დამბაჩები... აქვე მოვათავსეთ ბაღდათში ნაპოვნი ქვისა თუ ბრინჯაოს ხანის შუბის წვერები, ტრადიციული უნიკალური ნივთები, დანარჩენი კი სხვა ჩვენებური ნაკაშიძეებისგანაც ვიყიდეთ. ამ საქმეში ჩვენი შვილებიც იყვნენ ჩართული და უფრო გულანთებულად, ვიდრე ჩვენ... ჩემი 20 წლის გიორგი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია, იარაღის საუკეთესო ექსპერტიც გახდა. მეამაყება, რომ ამ სიმდიდრეს მეც არანაკლებ უნიკალური ექსპონატი მივამატე - 20 წლის წინ ზეკარის მთებში სანადიროდ ვიყავი. უეცრად მიწის ნაშალზე წავიბორძიკე. დავიხედე. ადრეული საუკუნეების რომაული სატევარი გამოდგა - ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რომაელები საქართველოში ლაშქრობდნენ და აქ წარწერებიც კი დატოვეს სტელებზე.
ქართული გენი რომ ჩვენს ჯიშში ისევ გრძელდობა, ამით ვხარობ.... ეს არის მარადიული, თორემ სხვა დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.
წყარო: კვირის პალიტრა
ავტორი: ნიუპრესი