შვილად აყვანის მრავალწლიანი მოლოდინი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, არსებული კანონის რამდენიმე პუნქტი დახვეწას მოითხოვს, ახალი კანონპროექტი, კი კარგადაა მორგებული საქართველოში არსებულ რეალობას და,ამავდროულად, მასში გათვალისწინებულია ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.
იუსტიციის, შინაგან, საგარეო საქმეთა სამინისტროები, სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო, გაეროს ბავშვთა ფონდი, სამოქალაქო რეესტრი, პარლამენტი, - ეს იმ სტრუქტურათა ჩამონათვალია, რომლებმაც კანონპროექტის შექმნაზე იმუშავეს.
მაია კაპანაძე 50 წლისაა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მშვილებელ მშობელთა რიგში 2008 წლიდან დგას. მისი მოთხოვნაა, რომ ბავშვი, რომელსაც იშვილებს, იყოს გოგონა 2-დან 5-წლამდე. „აგერ, უკვე მერვე წელია, ველოდები, რომ დამირეკავენ და ბავშვის სანახავად დამიბარებენ, მაგრამ ეს დღე არა და არ დადგა. 31 წლის გავთხოვდი. უშვილო არ ვარ, ბავშვის გაჩენა შემეძლო, მაგრამ მკურნალობის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა. ნერვიულობის ფონზე შაქარი დამემართა, რის გამოც ექიმმა გამომიცხადა - შვილის გაჩენაზე არც იფიქროო. ამ სულიერი ტრავმის გადატანა ძნელი აღმოჩნდა. რეალობასთან შეგუება დიდხანს მიჭირდა,“- ამბობს მაია კაპანაძე. ბავშვის შვილად აყვანის გადაწყვეტილება 42 წლისამ მიიღო, მაგრამ მალევე გააცნობიერა, რომ აქაც დიდ სირთულეს წააწყდა.
არსებული კანონის მიხედვით, თითქოს, შვილად აყვანის პროცედურები გამარტივებულია. მაგალითად, პირდაპირი წესით მიშვილების საფუძველზე:
ა) წყვილს ბავშვის შვილად აყვანა უპრობლემოდ შეუძლია, თუკი ეს ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება.
ბ) თუკი წყვილს ბავშვი შვილობითი აღზრდით 6 თვის განმავლობაში ჰყავდა და შემდგომ არასრულწლოვანი ჩაირიცხა გასაშვილებელ ბავშვთა რიგში, მიმღები ოჯახი იყენებს უპირატეს უფლებას და მისი შვილად აყვანა მშვილებელ ოჯახთა რიგში თავისი რიგითობის დალოდებამდე შეუძლია.
მაია კაპანაძეს მიაჩნია, რომ მისი შვილის აყვანის საკითხი დროში სწორედ ამ წესების გამო იწელება: „გასაშვილებელი ბავშვი რომც გამოჩნდეს, სანამ ჩემამდე მოაღწევს, ან ნათესავი იშვილებს, ან მშობელი გამოუნახავს ისეთ ადამიანს მისაშვილებლად, რომელიც თვითონ აწყობს (ან ფულს გადაუხდის, არც ესაა გამორიცხული) და მიაშვილებს მას ყოველგვარი რიგის დაცვის გარეშე. მე კი, უნდა ველოდო, არადა დრო გარბის, უკვე 50 წლის ვარ, თუკი ახალი კანონპროექტი დამტკიცდა, მალე, სასამართლო 2 წლის ბავშვს აღარ მომაშვილებს“.
მეურვეობა/მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის თქმით, პირდაპირი გაშვილების წესის არსებობა ერთ-ერთი ძირეული მიზეზია იმისა, რომ მშვილებელ ოჯახებს რიგში დგომა წლობით უწევთ: „გაშვილების ძირითადი პრინციპი არის რიგითობის მიხედვით თავსებადობის განსაზღვრა. პირდაპირი გაშვილების მაგალითები კი, საგრძნობლად აღემატება რიგითობით გაშვილებული ბავშვის შემთხვევებს,“ - განმარტავს იგი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით 1186 ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, რიგის მიხედვით მხოლოდ 208 ბავშვია გაშვილებული.
„სახელმწიფოს არსებული კანონით განსაზღვრული დამოკიდებულება რიგში მდგომი წყვილების მიმართ, არასამართლიანია“,- ამბობს მაია კაპანაძე, რომელიც, ამჟამად, რიგით 485-ეა და თუკი ამ ტემპით გაგრძელდა გაშვილების პროცესი, მისი რიგი, დაახლოებით, 9 წელში მოვა. 9 წლის შემდეგ 59 წლის იქნება და 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვის შვილად აყვანა აღარ შეეძლება. რადგან ასაკობრივი სხვაობა (50 წელი მშვილებელსა და ბავშვს შორის) გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი და თუკი 59 წლისას შვილი ისევ ენდომება, განცხადებაში 11 წელს ზემოთ ასაკის მქონე ბავშვის აყვანა მოუწევს. „პატარა ასაკის ბავშვის აყვანა იმიტომ მინდა, რომ შვილი აღვზარდო, 12 წლის ბავშვს, ასე თუ ისე, უკვე ჩამოყალიბებული აზრი და ფსიქოლოგია აქვს. ამიტომ, კონფლიქტური სიტუაციების ძალიან მეშინია. ვაითუ, გადაწყვიტოს, რომ მის დედად არ გამოვდგები?! ასეთ ტრავმას ვეღარ გადავიტან“, - აღნიშნავსიგი.
ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, „უნისეფის“ საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მშვილებელმა შეძლოს ბავშვზე ზრუნვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებშია: „თავიდან უნდა ავიცილოთ რისკი იმისა, რომ ბავშვი კვლავ აღმოჩნდეს მზრუნველის გარეშე. ამიტომაც, ასაკობრივი ზღვარი სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ მშვილებელმა შეძლოს ბავშვის აღზრდა და მისი მიყვანა სრულწლოვნების ასაკამდე. მნიშვნელოვანია ბავშვსა და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა იყოს 16 წელი“, -განმარტავს მაია ქურციკიძე. მისი თქმით, ბევრ სახელმწიფოში, სწორედ კანონი ადგენს გარკვეულ ასაკობრივ ზღვარს პოტენციურ მშვილებლად აღრიცხვისათვის, ხოლო სხვა ქვეყნებში კი შვილად აყვანის ეროვნული სააგენტოს დამკვიდრებული პრაქტიკა მისდევს იმავე მიდგომას ასაკთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პირდაპირი გაშვილების წესის არსებობას, რიგ შემთხვევებში, არასამართლიანად მიიჩნევს „ევრიჩაილდის“ დირექტორი ანდრო დადიანიც. მისი თქმით, შვილად აყვანის პირდაპირი წესი უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს, გარდა ზოგიერთი გამონაკლისებისა, რომლებიც შენარჩუნდება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის მიზნით. „პირდაპირი გაშვილება უნდა დარჩეს, როდესაც მშვილებელს შვილად აჰყავს მეუღლის ბიოლოგიური შვილი. ან თუ ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი მშობელი ასახელებს მისი შვილის „ამყვანს“, რომელიც შესაბამისი მომზადების შემდეგ, შვილად აიყვანს მას. ან, თუ ბავშვსა და დასახელებულ შვილად ამყვანს შორის არსებობს ჩამოყალიბებული ურთიერთობები და გაშვილება ამ კონკრეტულ ადამიანზე წარმოადგენს ბავშვის სურვილს“,- განმარტავს ანდრო დადიანი.
პირდაპირი გაშვილების წესთან დაკავშირებულ კიდევ ერთ უარყოფით გარემოებაზე საუბრობს „უნისეფის“ საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე: „საქართველოში კერძო გაშვილების არსებობა და მისი შემთხვევების რაოდენობა ძლიერ ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად სისტემის ეფექტურობას. კერძო გაშვილება ქმნის კორუფციული და მიუღებელი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის რისკს“,- ამბობს მაია ქურციკიძე და დასძენს, რომ კანონპროექტი, რომელშიც რიგ შემთხვევებში,პირდაპირი გაშვილების წესის გაუქმებაზეა საუბარი, ქმნის სამართლიან ბალანსს ყველა დაინტერესებული პირის უფლებების დასაცავად.
პირდაპირი გაშვილების მიმართ არსებულ კორუფციული გარიგების ეჭვს საფუძვლიანად მიიჩნევს მარი წერეთელიც (მეურვეობა/მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი): „მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი ყოველთვის არსებობს, ჯერ მსგავსი გარიგების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართალია, აღნიშნულ შემთხვევებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს და იძიებს, მაგრამ შსს-საც გაუჭირდება გარიგების ფაქტების გამოაშკარავება, რადგან, ჩვეულებრივ, გარიგება მშვილებელსა და ბიოლოგიურ მშობელს შორის მკვეთრად გასაიდუმლოებულია“. მიუხედავად უარყოფითი მხარეებისა, მარი წერეთელი პირდაპირი გაშვილების წესის დადებით მხარესაც გამოჰყოფს:“ ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, რომ შვილი გააშვილოს მის მიერ არჩეულ ოჯახში, რაც, ერთის მხრივ, მშობლის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. მაგრამ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ბავშვის კეთილდღეობაა და ამიტომ, ყველა საეჭვო გარემოება უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნავს იგი.
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ჯგუფში პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, „იუნისეფის“ ექსპერტები, სახელმწიფო სააგენტოები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან ჩართულები. კანონპროექტს სწორედ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები განიხილავენ.„ახალი გაზეთი“ ესაუბრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, დიმიტრი ხუნდაძესაც. მისი თქმით, კანონპროექტი განხილვის საგანს წარმოადგენს და გადაწყვეტით რაიმეზე მსჯელობა ნაადრევია: „როცა საქმე ბავშვის გაშვილებას ეხება, კანონი ბავშვის მხარეს უნდა იყოს, რადგან ის იმსახურებს ისეთ გარემოს, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობს, კანონით კი ამის მიღწევას ვცდილობთ, სხვას ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა მან.
ავტორი: თამარ კურატიშვილი