|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოტე ქავთარაძე: „ავტობანი ვერ შეუშლის ხელს ქალაქის ფუნქციის განსაზღვრას“

ქუთაისში არსებულ ეკონომიკურ და  საინვესტიციო გარემოზე, ქალაქის განვითარების გეგმებზე 
"Newpress.ge"-ს ქუთაისის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე ესაუბრა.

 

-    ბატონო კოტე, როგორც ცნობილია, თქვენ ქალაქის განვითარების ჯგუფს ხელმძღვანელობთ, როგორია ეს გეგმა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქუთაისი?

-    ჩვენ ვამუშავებთ ქალაქის განვითარების  არა კონკრეტულ გეგმას, არამედ ვფიქრობთ, რომ ყველა მაქსიმალური ტრადიციული დარგები შესაძლებლობების ფარგლებში იქნეს შენარჩუნებული. აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის განვითარებაზე, განათლების ფუნქციის წამოწევაზე და სხვა იმ ეკონომიკურ საკითხებზე,  რომელიც მნიშვნელოვნად შეიძლება გამოვიყენოთ ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით.

-   რამდენიმე თვის წინ ქუთაისში სხვადასხვა ქვეყნების, ჩინეთის, ირანის, ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რა შედეგს მიიღებს მათი ვიზიტით ქალაქი?

-მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქის პოპულარიზაციას. გვყავს დაძმობილებული ქალაქები, რომლებთანაც სხვადასხვა სახის ურთიერთობები გვაქვს. ამ შეხვედრების მიზანი ქალაქის წარდგენა და დაინტერესებული მხარეების მოსმენა იყო, რათა დამატებით შევძლოთ ინვესტიციების მოზიდვა. ერთი წარმატებული ბიზნესპროექტის განვითარებაც კი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.  შეხვედრებიდან ერთ-ერთი პოექტი განათლებას შეეხებოდა, თუმცა მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ტურიზმის განვითარების სტრატეგიები. პროექტების ნაწილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ხორციელდება და ამის შესახებ მოსახლეობა მას შემდეგ გაიგებს, რაც პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადავა.

-   ახალახან პოლონეთის ბიზნესმენთა დელეგაციას გაუწიეთ მასპინძლობა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა და რა წინადადებებზეა საუბარი?

-    ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა. მისი მიზანი ადგილობრივი და პოლონელი ბიზნესმენების დაახლოება იყო. 14 ბიზნესმენი გვსტუმრობდა. ეს ვიზიტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიგეგმა.

-   აქვე ავტობანის თემასაც მინდა შევეხო. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საუბარი ავტობანის მიმდებარე ტერიტორიების შემოერთებაზე. როგორ უნდა მოხდეს ეს?

-     მუნიციპალიტეტებს შორის ტერიტორიების გადაცემა იურიდულად არის გაწერილი. ინიციატივა მთავრობის დონეზეა დასმული. ალბათ, მივაღწევთ იმას, რომ ჩვენ შემოვიერთოთ ეს ტერიტორიები.

-     რამდენად მომზადებული შეხვდა ქუთაისი შემოვლითი გზის გახსნას?

-    ქალაქში გარკვეული სატრანსპორტო ნაკადები შემცირდება, თუმცა ეს ქალაქს საფრთხეს არ უქმნის და მას ფუნქციის დაკარგვა არ ემუქრება. ჩვენ ამ საკითხს მომზადებული ვხვდებით იმით, რომ როცა ეს პროექტი დაიძრა, დავიწყეთ მუშაობა ტერიტორიების შემოერთებაზე სწორედ იმიტომ, რომ არ გაჩენილიყო განცდა იმისა, რომ ავტობანმა გვერდი აუარა ქალაქს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შედეგს ერთად ვნახავთ.

-     როგორ შეაფასებთ ქუთაისში ეკონომიკურ მდგომარეობას?

-    ქვეყნის განვითარების პროპორციულად ქალაქშიც ვითარდება სიტუაცია. არ მინდოდა კიდევ ერთხელ  შექმნილიყო თემა „ქუთაისი ჩიხში მოექცა“. შეიძლებოდა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაცილებით ინოვაციური პროექტების გამოყენება და შემუშავება ამ კუთხით. ქალაქი განვითარდება და შედეგსაც მივიღებთ, თუმცა, ეს არ იქნება ასე მალე.

-    საბოლოოდ, რა ფუნქცია რჩება ქალაქს?

-    თუ ვსაუბრობთ პარლმენტზე, ან ქუთაისის შემოვლით გზაზე, მე როგორც მოქალაქე, ვიქნები წინააღმდეგი ქალაქი დატოვოს რომლიმე ორგანიზაციამ. თუმცა, თავის დროზე შეიძლებოდა ფინასური რესურსების მობილიზებით გაცილებით ეფექტური შედეგის მიღება. რაც შეეხება ქალაქის ფუნქციას, ეს  ორი  ობიექტი - პარლამენტი და ავტობანი ვერ შეუშლის ხელს ქალაქის ფუნქციის განსაზღვრას. ამ კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა