|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საკუთარი ნებით“ დათმობილი სამსახურები და ნეპოტიზმის ნიშნები თვითმმართველობებში

საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეთა შერჩევა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ტესტირების ეტაპზეა. თანამშრომლების შერჩევის პროცესი საბოლოოდ 2015 წლის 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს.

თავად კონკურსი  სამ ეტაპს მოიცავს.  პირველ ეტაპზე საბუთებს იღებენ, შემდეგ-შერჩეულ კანდიდატებს ტესტირება უტარდებათ, ხოლო ბოლო ეტაპი საკონკურსო/საატესტაციო კომისიასთან გასაუბრებაა, რომლებიც ადგილობრივი თვითმართველობების ორგანოებშია შექმნილი.

 

საკონკურსო ეტაპს წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა უძღოდა. გათავისუფლებებს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ბევრს კონტრაქტის ვადა გაუვიდა. ზოგიერთის თანამდებობა მუნიციპალიტეტებში დაწყებულ რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის პროცესს შეეწირა.

ერთ-ერთ მიზეზად მმართველ პოზიციებზე მოსული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ძველ თანამშრომლებზე (რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდნენ) განხორციელებული ზეწოლები სახელდება, რის შედეგადაც არაერთმა ადამიანმა „თავისი ნებით“ დაწერა განცხადება-სამსახურიდან წასვლის შესახებ. 

მსგავსი ტენდენცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს საჯარო სამსახურებში თანამდებობები. ბევრმა დარჩენა არჩია. თუმცა მათ ადგილს ელოდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც განცდა ჰქონდათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ, რომლის მოსაყვანადაც ლამის თავი გასწირეს, ზურგი აქცია.

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ე.წ. „ძველი კადრების“ გამგეობებიდან და  მერიებიდან გაშვება. როგორც გათავისუფლებულები აცხადებდნენ, მათზე ხშირშემთხვევაში ხორციელდებოდა ზეწოლა და ამიტომ თავად წერდნენ განცხადებებს სამსახურიდან წასვლის შესახებ.

 არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ -ISFED“  საქართველოს მასშტაბით  კვლევა ჩაატარა.

ორგანიზაციამ 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე თვითმმართველობებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

„7 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებიდან საერთო „ჯამში გათავისუფლდა 884 საჯარო მოხელე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების უმრავლესობა პირადი განცხადების (434) საფუძველზე გათავისუფლდა. 311 შემთხვევაში გათავისუფლებების ძირითად მიზეზად დასახელდა კადრების რეორგანიზაცია, შტატების შემცირება და სამსახურების ლიკვიდაცია, ხოლო 118 მოხელე სამსახურის ვადის გასვლის  გამო გათავისუფლდა“, _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო ჯანაშია  ამბობს,  გათავისუფლებული მოხელეების ნაწილი თავს პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლად მიიჩნევს:

„28 ადამიანი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ მათი გათავისუფლება  პოლიტიკური ნიშნით მოხდა. უმრავლესობა ამბობდა, რომ კანონის დაცვით გათავისუფლდა და პრეტენზიას არ გამოთქვამდა, თუმცა 844 გათავისუფლებულიდან  434-ის მიერ პირადი განცხადების საფუძველზე  სამსახურის დატოვება  ჩვენ საეჭვოდ მივიჩნიეთ. როგორ მოხდა, რომ 434 ადამიანმა ერთდროულად დაწერა განცხადება? ჩვენ  ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური დევნის შედეგად გათავისუფლდნენ რომელიმე პარტიის მხარდამჭერები,  თუმცა გათავისუფლებულებიდან არიან ის ადამიანები, რომლებიც ასოცირდებიან პარტია  „ნაციონალურ მოძრაობასთან“.  ისინი ამბობენ, რომ  აბსოლუტურად დამოუკიდებელი პირები არიან, რომლებიც არანაირ პარტიულ კუთვნილებას არ ავლენენ და არც წარსულში გამოუვლენიათ“, _აცხადებს ნინო ჯანაშია. პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“:

„ჩვენ მოგვმართავდნენ ადამიანები თბილისის მერიიდან და აცხადებდნენ, რომ მათთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს. იყო იძულების ფაქტები, რომ დაეწერათ განცხადება და დაეტოვებინათ სამსახური. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა ბრიფინგები. მასალები გადაეგზავნა პროკურატურას, თუმცა გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, _ აღნიშნავს ორგანიზაციის იურისტი ლელა ტალიური.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია)“ უწევს რა მონიტორინგს   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე მოვლენებს, საჯარო მოხელეებს ნეპოტიზმისა და თანამდებობის ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის საფუძველს საიას უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც აძლევს, რომელიც უწყებამ ნინო მაისურაძის საქმეზე მიიღო.

„განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ნინო მაისურაძის შემთხვევა, რომელმაც საიას განუცხადა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ფცის ტერიტორიული ორგანოდან იმ დროს გათავისუფლდა, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. როგორც მის განცხადებაშია მითითებული, გათავისუფლების შესახებ დააწერინეს განცხადება იმ მოტივით, რომ ახალი გამგებელი თანამდებობაზე ხელახლა დანიშნავდა. 2013 წლის 8 იანვრით დათარიღებული ბრძანებით ნ. მაისურაძე სამსახურიდან გათავისუფლდა და საფუძვლად მის მიერვე დაწერილი განცხადება მიეთითა. გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ივ. ოსაძე.  ერთი შეხედვით, აღნიშნულ ფაქტში უკანონო არაფერია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 95-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესაძლებლობას. თუმცა, ამ საქმეში ბევრი ისეთი გარემოებაა, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ნ.მაისურაძის მიერ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა, კერძოდ:   ნაკლებად სავარაუდოა, რომ 7-8 თვის ორსულმა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უპირობოდ სარგებლობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, გათავისუფლების შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწეროს. მით უფრო მაშინ, როცა, როგორც ნ.მაისურაძე მიუთითებს, ოჯახს მისი ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ორსული მოხელე დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს და მისი გათავისუფლება ,,შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების" გამოც კი აკრძალულია (,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 111-ე მუხლი). ამ პირობებში კიდევ უფრო გაუგებარი ხდება თუ რატომ უნდა გასჩენოდა ნ.მაისურაძეს განცხადების დაწერის სურვილი“, _ აღნიშნულია საიას  განცხადებაში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნინო მაისურაძის საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი. მან ამ საქმეზე მიღებული ორი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და მაისურაძის სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

უზენაესმა სასამართლომ ნინო მაისურაძის საქმის მიხედვით ერთის მხრივ გააანალიზა იმ მანკიერი პრაქტიკის თავისებურებები, რითაც საჯარო სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლება ხასიათდება, ხოლო მეორეს მხრივ -  მაღალი თანამდებობის პირებს თუ რიგით მოსამსახურეებს ქცევის სტანდარტები  დაუწესა: "საჯარო სამსახურის ფუნქციონირების პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დაძლეული ნეპოტიზმი, თანამდებობათა ვიწროპარტიული და კორუფციული მიზნებისათვის გამოყენება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას წარმოადგენს კანონშესაბამისი, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის, მაღალკვალიფიციული და მაღალზნეობრივი, საზოგადოებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ღირებულებებით გაჟღენთილი სამუშაო გარემოს შექმნა“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მან ნინო მაისურაძის საქმეზე მიიღო.

თბილისის მერი დავით ნარმანია პატივისცემას გამოხატავს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა აცხადებს, რომ ნეპოტიზმის ნიშნები მის უწყებაში ნაკლებად შეინიშნება.

ნარმანია სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ მიერ წარმოდგენილ მონაცემებსაც არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც, თანამშრომლების გათავისუფლება, ბევრ შემთხვევაში, უკანონოდ მოხდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ სამსახურიდან განთავისუფლებული თანამშრომლების სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათმა რაოდენობამ დასავლეთ საქართველოში 1811 ადამიანს მიაღწია.                     „ვფიქრობ,  არანორმალურია ეს ციფრები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ, ფაქტობრივად, 70 პროცენტი დაითხოვეს 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მით უმეტეს, არის ფაქტები, როცა ერთი ბრძანებით 49 ადამიანი გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ეს ბაღდათის რაიონში მოხდა. 114-მა ადამიანმა ჭიათურაში თავად დაწერა განცხადება სამსახურის დატოვებაზე, რაც გაუგონარი შემთხვევაა. რა თქმა უნდა,  მათზე იყო ზეწოლა. თორემ რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს იმას, რომ დღევანდელ პირობებში 114 ადამიანს მობეზრდა სამსახური? სწორედ განთავისუფლებული ადამიანების ამხელა რაოდენობამ და მათ ადგილზე საკუთარი ნათესავების დასაქმებამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივი თვითმართველობების უმრავლესობა ვერ ითვისებს

ავტორი: ცისანა შერგელაშვილი