|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის

 

  პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია  შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს. 

 ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 

      ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

   ფულადი კომპენსაციის ოდენობას, იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა  არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.

  უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს 2015 წლის 01 იანვრიდან არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. 

  ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს:

ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას  ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია. 

 მოსამართლე ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში განიხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს. 

 ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. 

 ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას  შესაგებლის წარდგენის ვადას.

 

 ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტს, რომელიც დასტურდება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დოკუმენტით. აღნიშნული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.   

  ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.  ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. 

  ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართლის საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. 

  თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, შესაბამისად, თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.  სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს.

    ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან. 

 სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება. 

 პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს/მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომლის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 01 იანვრამდე მიიღო გადაწყვეტილება და რომლისთვის მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციის ოდენობაც ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, უფლება აქვს, ხელახლა მიმართოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით 2015 წლის 01 იანვრიდან და მოითხოვოს ფულადი კომპენსაციის  კანონით დადგენილი ოდენობის ფარგლებში მიკუთვნება. ამ შემთხვევაში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. 

  პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს/მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომლის მიმართაც სასამართლომ ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე, 2015 წლის 01 იანვრამდე და  კანონის შესაბამისად მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობის შესაბამისი თანხა აუნაზღაურდება სასამართლოს მიერ ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

  თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოს 2015 წლის 01 იანვრისათვის მის წარმოებაში არსებული საქმეების განსჯადობის მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის გადაგზავნა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსარჩელეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა