ხელისუფლება ქუთაისში გარემოვაჭრეების "მოსყიდვას" ცდილობს?!
ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო
რამდენიმე დღეა გარემოვაჭრეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ირკვევა, გარევაჭრობა
არჩევნებამდე ქუთაისში ნებადართული გახდა. რის გამოც გარემოვაჭრეები კანონით აკრძალულ საქმიანობას, გასული
პერიოდისგან განსხვავებით, დღესდღეობით მშვიდ გარემოში აგრძელებენ. სხვადასხვა პროდუქტით
მოვაჭრე ადამიანების აზრით, ეს ფაქტი შემთხვევითი არ არის. რადგან
თვითმმართველობის მხრიდან მათი საქმიანობის ,,დროებით დავიწყება“ პირდაპირპროპორციულად
კავშირშია მოახლოებულ არჩევნებთან.
ქუთაისელი გარემოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ პირველი ოქტომბრის
შემდეგ, ხელისუფლება ქუჩაში ვაჭრობასთან დაკავშირებით მათზე კვლავ განაახლებს აკრძალვებს.
,,კარგა ხანია ზედამხედველობის სამსახურის წამომადგენლებს არ დავურბევივართ. ხელისუფლებას მინიმუმ ოქტომბრამდე არ აწყობს ჩვენი განაწყენება, რადგან პირველ ოქტომბერს, მათ როგორც ამომრჩევლები ვჭირდებით“, – ამბობს ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრე ინგა კილაძე.
წინასაარჩევნო პერიოდში გარევაჭრობის დაშვებაზე ინფორმაციას მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი არ ადასტურებს. ,,გარემოვაჭრეები ბოლო დროს ნამდვილად მომრავლდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნოდ მათ გარევაჭრობის ნებართვა მივეცით. გარევაჭრობა კანონდარღვევაა, იკრძალება და ყოველთვის, ნებისმიერ დროს აიკრძალება,“– ქუთაისის მერიის განმარტა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ვასილ მებურიშვილმა. მისივე თქმით, გარემოვაჭრეებზე ზედამხედველობის სამსახურის კონტროლის შესუსტება ქალაქში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტების სიმრავლემ გამოიწვია.
ავტორი: ანა ჯანაშია