21-ე საუკუნის ჯულიეტები
უილიამ შექსპირის ნაწარმოებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "რომეო და ჯულიეტაა", ის სხვადასხვა ფორმითა და ინტერპრეტაციით საუკუნეების განმავლობაში იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. დრო გადის, სპექტაკლი კი აქტუალობას არ კარგავს. ისტორიის სიძველის მიუხედავად, რეჟისორები ხელიდან არ უშვებენ შანსს, დადგან ეს პიესა. მთავარი გმირების როლები კი საოცნებო როლების სიაშიც კი ეწერება მსახიობებისათვის. ბევრს სურს იყოს მისი საუკუნის ჯულიეტა და რომეო სცენაზე, რაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
21-ე საუკუნეში საქართველოში არაერთი ჯულიეტას სახეა შექმნილი, ყველა შემსრულებლისათვის კი ჯულიეტა სხვადასხვანაირად ხასიათდება.
2009 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო
დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა შექსპირის უკვდავი პიესა „რომეო და ჯულიეტა“. რეჟისორმა, გიორგი სიხარულიძემ, მაყურებელს სპექტაკლი
განსხვავებული ინტერპრეტაციით შესთავაზა და დადგა მიმოდრამა, მსახიობებს აუდიტორიამდე
ამბის მიტანა სიტყვების გარეშე ევალებოდათ, რაც საკმაოდ რთული დავალება იყო მათთვის.
ყველანაირი სირთულის მიუხედავად, სპექტაკლი შედგა, ის უკვე 6 წელია არ კარგავს აქტუალობას
და დღესაც ანშლაგით მიმდინარეობს.
მესხიშვილის თეატრს თავისი ჯულიეტა ჰყავს, - ნინო ჭოლაძე
6 წელია შექსპირის პიესის მთავარი გმირის როლის
შემსრულებელია. მისი სამსახიობო კარიერა საბავშვო მუსიკალური თეატრიდან იწყება, სცენასთან
და მაყურებელთან შეხება ამ პერიოდს უკავშირდება, შემდეგ ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლში
„წვიმის გამყიდველში“ იღებს მონაწილეობას და მისი კარიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის
სახელობის თეატრშიც იწყება. დღეს იგი თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. არ ოცნებობდა
მსახიობობაზე, რადგან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ სხვა პროფესიას არც აირჩევდა. არ აქვს
საოცნებო როლი, თუმცა თამაშობს ბევრისთვის საოცნებო როლს - ის ჯულიეტაა.
ნინო ჭოლაძე 21-ე საუკუნის ჯულიეტას ასე ახასიათებს
- „ჩემი გოგო, ჩემი საბრალო, სიყვარულზე შეყვარებული ჯულიეტა“. ამ როლის შესრულება მისთვის ადვილი არ იყო. „ბევრად
უფროსი ვიყავი ჯულიეტაზე. ყველაზე რთული აღმოჩნდა ბრძოლა ჩემს ხასიათთან, ძალიან მეშინოდა.
თითქმის ყველა როლის დროს ასე მემართება, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო. სპექტაკლი
იყო მიმოდრამა, რაც კიდევ უფრო ართულებდა ჩემს მდგომარეობას, უსიტყვოდ უნდა გადმომეცა
ის, რაც სიტყვების დახმარებითაც კი რთულია, თუმცა იმდენად შეგვიყვარდა ერთმანეთი მთელ
შემოქმედებით ჯგუფს, რომ მარტივად დავძლიეთ სირთულეები. ეს სპექტაკლი დღემდე რეპერტუარშია
და განსაკუთრებით მოსწონს ქუთაისის მაყურებელს და არამარტო მათ“, - ამბობს ნინო ჭოლაძე.
ნინო ჭოლაძის
აზრით, ყველა ქალში ცხოვრობს ჯულიეტა,
გააჩნია, როდის მისცემთ მას გამოღვიძების საშუალებას. გრძნობები, როდესაც მიმდინარეობს სპექტაკლი, ალბათ, არაფრით განსხვავდება პიესაში აღწერილი განცდებისაგან. „სპექტაკლის მსვლელობის დროს
დიდ სიყვარულს, ტკივილს, მონატრებასა და ბრძოლას ვგრძნობ, მგონია, რომ მთელი სამყარო
ჩემი სიყვარულის წინააღმდეგია. სპექტაკლის შემდეგ კი დასკვნა ერთია, არაფერია ამ ქვეყანაზე
მარადიული, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და დასაწყისი. შექსპირმა ეს ყველაფერი
აქცია მარადიულად. ეს საბრალო, ეგოისტი და საკუთარ სიყვარულზე შეყვარებული ბავშვები
კი „დროულად“ დაიხოცნენ. - აღნიშნავს 21-ე საუკუნის ჯულიეტა, ნინო ჭოლაძე.
ბევრისთვის საოცნებო როლი მოზარდ-მაყურებელთა თეატრში
თეკლა ჯავახაძემ ითამაშა. ის მსახიობების ოჯახში დაიბადა და სამსახიობო კარიერაც ბავშვობიდან
დაიწყო. არასოდეს უოცნებია რაიმე კონკრეტულ როლზე, თუმცა ყოველთვის უნდოდა შექსპირის
გმირების თამაში, სასურველი როლების სია ჯულიეტას როლის შესრულებით დაიწყო და ფიქრობს, რომ ეს დასაწყისი საკმაოდ კარგია.
თეკლა ჯავახაძისათვის ჯულიეტას როლმა ცხოვრების ახალი
ეტაპი განაპირობა, რასაც მის პროფესიულ წინსვლას უკავშირებს. „ამ როლის შექმნისას ყველა დეტალზე იმაზე ბევრი ვიფიქრე, ვიდრე ადრე ვფიქრობდი ხოლმე,
ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებოდი.“ მისი აზრით, 21-ე საუკუნის ჯულიეტა ისეთია, როგორიც
ის წლების წინ შექსპირმა შექმნა. „ჩვენი საუკუნის ჯულიეტა დიდად განსხვავებული არაა
შექსპირის შექმნილი ჯულიეტისაგან, ისეთია, როგორც იწყება ჩვენი, მოზარდ-მაყურებელთა
თეატრის „რომეო და ჯულიეტა“ – „არაფერი არ იცვლება, ყველაფერი მეორდება, წრეზე ვბრუნავთ“, - ამბობს თეკლა ჯავახაძე.
განცდები, რასაც სპექტაკლის მსველობისას გრძნობს, მსახიობისათვის
რთული გადმოსაცემია. „ჯულიეტას როლის შესრულებისას განცდების გადმოცემა მიჭირს, ამას
ვერ აღვწერ, ეს ის გრძნობა და ისეთი განცდაა, რომელიც მარტო ჩემია.“ თეკლა ფიქრობს,
რომ მისი ჯულიეტა შედგა, - „მაყურებელს სპექტაკლი
ძალიან მოსწონს, დადებითი ემოციებით საუბრობენ მასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პიესის
მიწოდების ასეთი ფორმა და ჩემი სახე ამ როლისას
მიიღეს. ძალიან ვეცადე ჯულიეტა შემდგარიყო და კარგი გამოსულიყო“, - აღნიშნავს თეკლა ჯავახაძე.
„მარადიული არაფერია, ყველაფერი წარმავალია“ ,- ამ იდეით
დაწერილმა პიესამ მარადიული გმირები შექმნა. მოახერხა ის, რომ ყველა მსახიობსა და ქალში
სხვადასხვა სახით გაეცოცხლებინა ჯულიეტა. ქალებში დამალული სიყვარულის ეს ფორმა გამოვლინებასა
და გზას ყოველთვის ნახავს იმისათვის, რომ ნებისმიერ საუკუნეში შექმნან იმ ეპოქის შესაფერისი
ჯულიეტა.
ავტორი: ბაია კუბლაშვილი