|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალები ქუთაისის თვითმმართველობაში

როგორ გამოიყურება ქუთაისის თვითმმართველობა  გენდერულ ჭრილში და რატომ არ არიან  თვითმმართველობის აღმასრულებელ სტრუქტურაში ქალები დასაქმებული? ამის გარკვევას "ნიუპრესი" შეეცადა.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალბატონები თითქმის საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით საკრებულოს სამ დეპუტატ ქალბატონს. 

ლელა ქელბაქიანი საკრებულოს   საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელობს. ის მიიჩნევს, რომ საკრებულოში ქალების  სიმცირე პარტიულ სიებში ქალთა ნაკლები წარმომადგენლობითაა გამოწვეული:  „საკრებულოში სამი ქალბატონი ვართ წარმოდგენილი. საყურადღებოა,  თუ რატომ არ მოხვდენენ   პარტიულ სიებში ქალბატონები. მე  მგონია, რომ ქალბატონების  უმრავლესობას ურჩევნია ოჯახში იყოს,  საოჯახო საქმებში უფრო   კომფორტულად გრძნობენ თავს.  რეალურად, საქართველოში ქალად ყოფნას  გარკვეული სირთულეები ჯერ კიდევ ახლავს თან,  იმიტომ რომ უპირატესობის დასამტკიცებლად  ბევრად მეტის გაკეთება უხდება ქალს, ვიდრე მამაკაცს“,- განუცხადა „ნიუპრესს“ ლელა ქელბაქიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ერთადერთი ქალია, თავს დაჩაგრულად არ გრძნობს და ამბობს, რომ „ვერ გეტყვით, კაცი რომ ვყოფილიყავი უფრო ადვილი იქნებოდა, თუ არა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული აზრი და ჩვენ ყოველთვის მივდივართ გადაწყვეტილებამდე“,- ამბობს ლელა ქელბაქიანი.   ევროპაში არის ტენდენცია, რომელსაც მე ვერ დავარქმევ გენდერულ პოლიტიკას, რომ  აღიარებულ მამაკაცურ პროფესიებში ჩართონ ქალები. ამ შემთხევაში ასეთი რადიკალიზმი მიუღებელია, რადან ეს ეწინააღმდეგება ბუნებრივ პროცესებს. ყველა ქალს, ისევე როგორც მამაკაცს,  უნდა ჰქონდეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა“, - ამბობს ლელა ქელბაქიანი.

ირმა პეტრიაშვილი, რომელიც საკრებულოს დეპუტატი და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეა, აღნიშნავს, რომ არ არის სწორი დამოკიდებულება, რომ ქალს   განსაკუთრებული პორობები შეუქმნან: “ქალია თუ მამაკაცი,  არ აქვს მნიშვნელობა, ყველამ   უნდა იშრომოს, რომ შედგეს, როგორც პროფესიონალი. სახელმწიფომ განვითარები  თანაბარი პირობები უნდა შეუქმნასროგორც ქალს, ასევე მამაკაცს, ეს ეხებაროგორც სწავლას, სევე დასაქმებას“, - განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა.

ქალების სიმცირეს ადგილობრივ თვითმმართველობაში პარტიულ გამსვლელ სიებში მათ იგნორირებას მიაწერს „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ნატო ქათამაძე. თუმცა აღნიშნავს, რომ მთავარია მოტივაცია იმისა,  იყო  ლიდერი ქალი.  „ნიუპრესთან“ საუბარში ის ამბობს, რომ მან ჯერ საკუთარი თავის დაცვით დაიწყო და მერე დაიწყო სხვების დაცვა. რაც შეეხება გენდერის საკითხს, ის ამბობს, რომ „მე არ დავყოფდი ერთმანეთისგან ქალს და მამაკაცს. ყოველთვის  ვამბობდი და ვამბობ, რომ არ გამიხარდებოდა, თუ გავიგებდი, რომ ხმა იმიტომ მომცეს, რომ ქალი ვიყავი. ჩვენ არ ვართ უმცირესობები და არ გვჭირდება სასათბურე პირობები. ვფიქრობ, ჩვენი შესაძლებლობები არანაკლებია მამაკაცების შესაძლებლობებზე“, - ამბობს ნატო ქათამაძე.  რაც შეეხება საკრებულოში ქალთა რაოდენობას,  ის ამბობს, „თუ გადავხედავთ საკრებულოში ქალების წარმომადგენლობას,  ეს  რეალურად ცოტაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წინა პერიოდებს, გაზრდილია რაოდენობა“.

„რესპუბლიკელი“ დეპუტატი  ქალის თანამდებობაზე დანიშვნას მხოლოდ გენდერული ბალანსის გამო არ მიესალმება, მისი თქმით,  ქალაქში ბევრი ნიჭიერი ქალბატონია, რომელთა ნიჭსაც დანახვა სჭირდება. „ქალბატონები უფრო ფრთხილები არიან. საკუთარ თავს ეუბნებიან - „მე ვერ მოვახერხებ“, არადა, რომ ვუკვირდები მათ, აშკარად ვხვდები, რომ ისინი გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცს შეუძლია საქმე სუფრაზე გადაწყვიტოს, ქალები კი ბევრი ფიქრის და განსჯის შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას. ზოგადად, სადაც უფრო მეტი ქალია,  იქ უფრო ნაკლებია შეცდომებია“,- ამბობს ნატო ქათამაძე.

 „რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტატისთვის გაუგებარია,  რატომ ვერ ანდობენ ქალს ქვეყნის მართვას, მაშინ, როცა მას ისეთ დიდი პასუხისმგელობას ანდობენ, როგორიც შვილების აღზრდაა: „ქალების ნაწილი ფიქრობს, რომ მამაკაცი უფრო შეძლებს პრობლემის მოგვარებას, ვიდრე ქალი.  ეს მენტალობიდან გამომდინარეა. მე დავდივარ ბაღებში, სკოლებში,  სადაც 99 პროცენტი ქალბატონები არიან დასაქმებულები, ანუ მამაკაცები ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიც მომავალი თაობის  აღზრდაა,  ქალბატონებს ანდობენ, ხოლო   ქვეყნის მართვას,  ვერა“, - ამბობს ნატო ქათამაძე.

რა განაპირობებს ქალთა სიმცირეს ადგილობრივ, თუ ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში, ამ საკითხზე  კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ “სოხუმს“ მივმართეთ. ფონდის წარმომადგენლის,  ემა კამკიას თქმით, ქუთაისში არსებული ვითარება დიდად არ განსხვავდება ქვეყნის ზოგადი  მდგომარეობისაგან. „ზოგადად, მმართველობაში 11 პროცენტია ქალი. ქუთაისში თვითმმართველობაში ქალების  მონაწილეობა დაბალია, არის თვითმმართველობები კიდევ, სადაც ქალები საერთოდ ვერ მოხვდენენ. არის ერთი თვითმმართველობა, სადაც ოზურგეთი, თანაბარია ქალებისა და მამაკაცების  წარმომადგენლობა.  ზოგადად, ქალის ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში  მნიშვნელოვანია, რადგან ქალი უკეთ გადაწყვეტს სოციალურ საკითხებს,  ქალი უკეთ განსაზღვრავს რაში დაიხარჯოს ბიუჯეტი,  როგორ მოხდეს თანხების გადანაწილება. პრაქტიკამ დაგვანახა, ამაში ქალის როლის მნიშვნელობა“, - განუცხადა ემა კანკიამ „ნიუპრესს“.

გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელის, ქეთი ბერძენიშვილის პოზიცია განსხვავებულია. ქეთი ბერძენიშვილის თქმით, ის ფაქტი რომ ქალბატონები არჩევნების პროცესში მამაკაცს ანიჭებენ უპირატესობას,  ქალური სოლიდარობის ნაკლებობითაა გამოწვეული: “ქალი ქალისთვის კონკურენტად აღიქმება, ჩვენ საზოგადოებას ჭირდება გაზრდა იმისთვის, რომ დანახოს არა ძალაზე დამყარებული გადაწყვეტილება,  არამედ გონებრივი შესაძლებლობები, სადაც ღირსული ქალი ღირსეული მამაკაცის კონკურენტი იქნება“, -განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.

პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ არიან ქუთაისის მერიაში მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი ქალები,  “ნიუპრეს”  ქუთაისის მერი ასე პასუხობს:  „გენდერული ბალანსი  მე არ  დამირღვევია, როგორც დამხვდა, ისეთივეა, თუმცა სამსახურის უფროსები, განყოფილების უფროსები ქალბატონბი არიან.  თუ არ ვცდები, სიტუაცია ამ მიმართულებით გაუმჯობესებულია. ვერ გეტყვით, რომ იდეალური ბალანსია, მაგრამ რაც დამხვდა,  იმასთან შედარებით,  ცოტათი გაუმჯობესებულია“,- განახცადა შოთა მურღულიამ.

 

 

                                    

 

 

ავტორი: ანა ჯიქია