|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ზოგი რამ, ანუ მხოლოდ სიმართლე"-გიზო თავაძე

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მწერალ გიზო თავაძის წიგნების ,,მთხრობელი მესა“ და ,,ზოგი რამ ანუ მხოლოდ სიმართლის“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მწერლის შემოქმედებითსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეფასებები მისცეს. მათი თქმით, აქ არ არის ყურმოკრული ამბები, არამედ უშუალო ურთიერთობებიდან შეგროვილი ფაქტები. ასევე იდილიური სურათებია დახატული, რაც მხოლოდ გამორჩეული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. 

,,დღეს ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში დოკუმენტური პროზა ანუ მემუარებია წარმოდგენილი, მეორეში კი მოთხრობები და ნოველები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მერიას ფინანსური დახმარებისთვის. ლიტერატურა, მხატვრობა და თეატრი ჯერ-ჯერობით იმ დონეზე არ არის დაფასებული, რომ დამოუკიდებლად ირჩინონ თავი, შესაბამისად მწერლობის განვითარებისთვის გაკეთებული ყოველი მსგავსი ქმედება მისასალმებელია“, - განაცხადა მწერალმა გიზო თავაძემ.

როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, გიზო თავაძე მეტად პროდუქტიული მწერალია. მწერლის პატარა მოთხრობებში ღრმა სოციალური  ქვეტექსტებია, რომელიც 500-ზე მეტი ადამიანის ისტორიას მოიცავს. მათში  არაერთი გამოჩენილი პიროვნებაა მოხსენიებული, მათ შორისაა: მეცნიერი და ლინგვისტი მიხეილ ქურდიანი, დიდი დამსახურების მქონე მოქანდაკე  კიკვაძეები, მხატვარი ჩოგოვაძეები და სხვ.

,,გიზომ პირველად გამოსცა ჩანაწერები, რომელიც ბევრი კუთხითაა საინტერესო,  წიგნი ძველი ყაიდისა და იდეოლოგიური მრწამსის ცვალებად ადამიანებზეა დაწერილი. სიმართლის თქმის პრინციპი წიგნში წინა პლანზეა წამოწეული. აქ პირუთვნელი განსჯაა იმ პროცესების, მოვლენებისა და ადამიანების ქმედებების, რომლებთანაც გიზოს შეხება ქონია“,- აცხადებს მწერალი გია ხოფერია.

მწერალ ლია გვენეტაძის თქმით, მას შეიძლება თამამად ეწოდოს სოციოლოგიური პროზისა და პოეზიის ავტორი, რომლის სოციალურ გარემოსთვის შესატყვისი ნაწარმოებებიც მთლიანად მასაზეა გათვლილი.  "მან ყველაზე დიდი საქმე კულტურის სამსახურის უფროსად ყოფნისას გააკეთა, კერძოდ, ,,ცისფერყანწელთა შემოქმედების გაერთიანება“, რომელიც ოთხ წიგნად გამოიცა. მას მწერლისთვის დამახსიათებელი აუცილებელი თვისებები: დიდი ინტელექტი და ღრმა ფანტაზიის უნარი  ნამდვილად არ აკლია"-განაცხადა ლია გვენეტაძემ.

ავტორი: თინათინ გურგენიძე