|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ახალგაზრდები ქალაქის მერს ღია ბიბლიოთეკების იდეას სთავაზობენ

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი საქართველოს ხუთ ქალაქში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ქალაქის არჩეული მერების მიერ სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაარსება. ამ პროექტის ფარგლებში 7 თებერვალს მოეწყო შეხვედრა ქუთაისის მერთან -  ბატონ შოთა მურღულიასთან, რომელსაც  ათი სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა მათ მიერ შემუშავებული გეგმები წარუდგინა.

    გასაუბრებით შერჩეულმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ათი სტუდენტისგან დაკომპლექტდა, მერს წარუდგინა პროექტები, რომელიც ეხებოდა ქუთაისის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების  კეთილმოწყობას, კერძოდ, სამი პარკის - ვერიკო ანჯაფარიძის (სიყვარულის),  მოსწავლე ახალგაზრდობისა და ცენტრალური ბაღის - უფასო ინტერნეტით აღჭურვასა და მათში ვიდეოთვალით აღჭურვილი ღია ბიბლიოთეკების განთავსებას. მართალია, განსახორციელებელი გეგმები სამივე პარკში ერთი და იგივე იყო, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, პარკები გაგვენაწილებინა ეფექტური მუშაობისთვის და სამ ჯგუფად გადავნაწილდით. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკზე ვიმუშავეთ პაპუნა რევიშვილმა, ანა საკანდელიძემ და ლაშა ბოჭორიშვილმა. ჩვენმა ჯგუფმა ჩავატარეთ მონიტორინგი პარკზე, განსახორციელებელი გეგმები პარკის ადმინისტრაციას შევუთანხმეთ და თანხმობაც მივიღეთ პარკის დირექტორისგან, ბატონი გიზო თავაძისგან. ანალოგიურ სიტუაციაში მიმდინარეობდა დანარჩენი ჯგუფების მუშაობა მათ მიერ არჩეულ ბაღებსა და პარკებზე.

      უკვე ყველაფერი მზად იყო მერთან შესახვედრად. ვნერვიულობდით კიდეც, რადგან შეიძლებოდა შეთავაზებული პროექტი, რომელიც ძალიან მოგვწონდა და რომელსაც ჩვენი დრო და ენერგია შევალიეთ, მერს არ მოსწონებოდა, არაფრისმომცემად ჩაეთვალა ქალაქისათვის და უარი ეთქვა მის განხორციელებაზე. მით უმეტეს, რომ ბატონ შოთა მურღულიას ვთავაზობდით  ღია ბიბლიოთეკის პროექტს, რომელიც  ჯერ არ იყო გამოცდილი პრაქტიკაში და საინტერესო ინოვაციად გვესახებოდა არამარტო ქუთაისისთვის, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებისთვისაც. სანამ მერი აგვიანებდა, ჩვენ ორგანიზაციული კუთხე მოვაწესრიგეთ და  როდესაც უკვე სრულად ვიყავით მზად, რათა ჩვენი იდეები „პაუერ პოინტის“ ფორმატში წარგვედგინა, მერიც  მოვიდა. და დავიწყეთ...

     სწორედ იმას ველოდით, რა კითხვებიც ბატონ შოთას დაებადა.  ჩვენი გეგმის სუსტ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ათვლის წერტილად ღია ბიბლიოთეკა აირჩია და კითხვებიც მასთან დაკავშირებით დაგვისვა. ბატონ მერს აინტერესებდა, თუ ვინ გააკონტროლებდა ღია ბიბლიოთეკაში განთავსებულ წიგნებს; ვინ მოუვლიდა და უპატრონებდა თავად კარადას, სადაც წიგნები უნდა განთავსებულიყო; ვინ შეამოწმებდა ვიდეოთვალის მასალას, თუ ვანდალურ ფაქტს ექნებოდა ადგილი. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ  გვსურს გვქონდეს ღია ბიბლიოთეკები, სადაც საზოგადოებას შეუძლია მოიტანოს ნებისმიერი საკითხავი ლიტერატურა და დატოვოს, ასევე,  აიღოს, წაიკითხოს და დააბრუნოს; ავუხსენით, რომ გვინდა, ამ იდეის განხორციელებით  ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვა ვასწავლოთ.  ჩვენი ენთუზიაზმითა და მოტივაციით სავსე პასუხები საკმარისი აღმოჩნდა ბატონ შოთასთვის და მან თავად გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენს პროექტში შემავალ სამ პარკს დამატებოდა კიკვიძისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღებიც. ჩვენმა  ძალისმხევამ შედეგი გამოიღო.

      ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც მოიცავს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღის, კიკვიძის პარკის, სიყვარულის ბაღის, ცენტრალური და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ღია ბიბლიოთეკით, ვიდეოთვალითა და უფასო ინტერნეტით აღჭურვას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ღია ბიბლიოთეკის კარადის დიზაინზე, რომელიც  პარკების დიზაინს მოუხდება და არ იქნება ამოვარდნილი  პარკის არქიტექტურული სტილიდან. ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი მერთან მეორე შეხვედრისათვის ემზადება.

 

ავტორი: პაპუნა რევიშვილი, ნათია სვანიძე