22 ივნისს ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან ჩამოვა
ოლიმპიური თამაშების გამართვა უკვე ათასწლეულებია მიმდინარეობს, წელს კი, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო პირველად უმასპინძლებს. 26 მაისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ახლაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, საქართველოში, თბილისში ტარდება. თუმცა ეს მარტო ერთი ქალაქის ოლიმპიური ფესტივალი არ იქნება, ოლიმპიურ მარათონში მთელი საქართველო ერთვება. საბერძნეთიდან ჩამოტანილი ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან ქუთაისში ჩამოვა და ქალაქის ქუჩებს მოივლის.
ანტიკური ოლიმპიადების დროს მორბენალს, რომელიც ერთ სტადიონზე სირბილში გაიმარჯვებდა, ქურუმი ჩირაღდანს გადასცემდა და ისიც ოლიმპიელი ზევსის ტაძრის საკურთხეველში ცეცხლს ანთებდა. ტრადიციის მიხედით, ოლომპიადის პირველი დღე, როგორც წესი, ათლეტების მფარველი ზევსის პატივსაცემად გამართულ გრანდიოზული ჩირაღდნებიანი სვლით მთავრდებოდა. „ნიუპრესი“ იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს რეზო რობაქიძეს ესაუბრა და ქუთაისში ცეცხლის ჩამოტანისა და ღონისძებების გამართვის დეტალები გაარკვია. როგორც რეზო რობაქიძე გვიხსნის ოლიმპიური ცეცხლი ქუთაისში წყალტუბოს გზიდან შემოვა და მთელ ქალაქს მოივლის. „ოლიმპიური ჩირაღდნის შემოსვლის მარშრუტი ქუთაისში ასეთია: ქუთაისის შემოსასვლელთან,
წყალტუბოს
მხრიდან ოლიმპიურ ცეცხლს პირველი მეჩირაღდენე
ოლიმპიური
ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი
ჩაიბარებს,
ოლიმპიური
ცეცხლი ბუხაიძის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩაზე გადავა, შემდეგ ,,პოპულის შენობიდან"
მარჯვნივ გამსახურდიას
ქუჩაზე გადაინაცვლებს,
გაივლის დავით აღმაშენებლის
გამზირს, რის შემდეგაც მე–2 საჯარო სკოლიდან გრიშაშვილის ქუჩაზე გადავა, გრიშაშვილის ქუჩიდან ოლიმპიური ცეცხლი „თეთრ ხიდზე“ მოხვდება, აქედან გადაინაცვლებს პუშკინის ქუჩაზე, ოლიმპიური ცეცხლი მხოლოდ ერთხელ შეჩერდება ოლიმპიურ ჩემპიონთა ვარსკვლავებთან, შემდეგ მეჩირაღდნე გზას „კინო-თეატრი „საქართველოს“ ყოფილ შენობისკენ გაგრძელებს და გავა „თამარ მეფის“ ქუჩაზე, საიდანაც ჩირაღდანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხვდება და აქ გაიმართება ჩირაღდნის დანთების ცერემონიალი“,- განმარტავს რეზო რობაქიძე.
ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიალი, სავარაუდოდ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის წინ ცენტრალურ მოედანზე მოხდება. განსაკუთრებული მოვლენა განსაკუთრებულ დღეს ხდება, ქუთაისში ოლიმპიურ ცეცხლი 22 ივნისს შემოვა, ეს დღე – საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. საბერძნეთიდან ჩამოტანილ ცეცხლს ქუთაისის ქუჩებში 20 მეჩირაღდნე ჩამოატარებს, ერთ- ერთი მათგანის ვინაობა „ნიუპრესისთვის “ ცნობილი გახდა, ის ქუთაისის საპატიო მოქალაქე მერაბ კვიცარიძეა. „მეჩირაღდნეთა სიაში არიან ოლიმპიური ჩემპიონები და ოლიმპიური ოჯახები. აგრეთვე ოლიმპიურ აქტივობებში ჩართული ყველა თაობის წარმომადგენელი, გამორჩეული ადამიანები. ჩვეულებრივ ოლიმპიური ცეცხლის ანთებას ანდობენ ცნობილ ადამიანებს, ძირითადად სპოტსმენებს. მეჩირაღდნეებად გვეყოლება მერაბ კვიცარიძე, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ქუთაისის საპატიო მოქალაქეა, ის მეცენატია და ოლიმპიური ნაკრების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს. ამიტომ მას ნამდვილად ეკუთვნოდა მეჩირაღდნეობა“,- განუცხადა „ნიუპრესს“ რეზო რობაქიძემ. მისივე თქმით, მიღებულია ცერემონიალში ასევე ქალაქის მერის ჩართულობაც, რომელმაც დიდი პატივისცემით მიიღო ეს გამოწვევა.
ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლის ანთების შემდეგ საზეიმო კონცერტი გაიმართება. “ ეს კონცერტი კეთდება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მიერ, აგრეთვე თორნიკე მარჯანიშვილი მუშაობს სპეციალურ სპექტაკლზე, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართება, სახელწოდებით: „ოლიმპიური თამაშები, მითები და ლეგენდები“, ვფიქრობთ, 22 ივნისი ქუთაისისათვის საინტერესოდ ჩაივლის“,- აღნიშნა რობაქიძემ. განსაზღვრულია ოლიმპიური ცეცხლის გატარება ნიუპორტის ქუჩაზე, რადგან ჩვენც გვინდა ნიუპორტელებს დავამახსოვროთ ეს მნიშვნელოვანი რიტუალი. მათ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიური თამაშების წინ ოლიმპიური ცეცხლის რიტუალი ნიუპორტში ქუთაისის ქუჩაზე ჩაატარეს. მას ქუთასიელი მოსახლეობის აქტივობის დიდი იმედი აქვს. რაც შეეხება ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტულ დელეგაციას, საქართველოდან 120 ახალგაზრდა სპორტსმენის მონაწილეობაა განსაზღვრული. იმერეთიდან ვარაუდობთ 32 სპორტსმენსა, უშუალოდ ქუთაისიდან კი- 22. ქართველი ოლიმპიელები ჩემპიონატზე სპორტის ცხრა სახეობაში გამოვლენ. „იმერეთიდან დიდი დელეგაციაა წარმოდგენილი. ამაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო და აღსანიშნავია ქალაქის მერის, შოთა მურღულიას მხარდაჭერა. ვმუშაობთ იმ ახალგაზრდა სპორტსმენებთან, რომლებმაც ოლიმპიური ლიცენზიები ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მიიღეს. ყველა მონაწილის ეკიპირება და დაბინავება, ესაა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გასაწევი ხარჯები“,- განაცხადა რეზო რობაქიძემ.
ქუთაისი ოლიმპიური
ცეცხლის დასახვედრად
გულმოდგინედ
ემზადება, წელს ოლიმპიური
თამაშების
მოყვარულებს
ქუთაისის ქუჩებში საინტერესო
სანახაობა
ელოდება. ოლიმპიური
თამაშები — უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა პირველად 1936 წელს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა. მასში 3000- ზე მეტი მორბენალი მონაწილეობდა. 1936 წლის 21 ივლისს, დილაადრიან 13 ბერძენი ქალიშვილი ალტისის წმინდა ჭალაში, ჰერას ტაძართან შეიკრიბა. ისინი ჰერას ტაძრის ანტიკურ ქურუმებს განასახიერებდნენ. მოკლე თეთრ ტუნიკებში გამოწყობილ ფეხშიშველ გოგონებს წინ მთავარი „ქურუმი“ კულა პრაციკა მიუძღვოდა. ამ 13 ბერძენმა ახალგაზრდამ კარლ ცაისის ლინზისა და პარაბორული სარკის დახმარებით იმ დღეს ანტიკურ ოლიმპიაში, ჰერას ტაძრის საურთხევლის ნანგრევებში მზის სხივებისაგან პირველი ოლიმპიური ცეცხლი აანთო. 1936 წლიდან მოყოლებული ოლიმპიურ ცეცხლს, ტრადიციისამებრ
ოლიმპიაში,
ქალღმერთი
ჰერას ტაძრის ნანაგრევებში
ანტიკურ სამოსელში
გამოწყობილი
მანდილოსნები
გამადიდებელი
შუშის საშუალებით
მზის სხივებისაგან
ანთებენ. შემდეგ, კი ჩირაღდანი შეუჩერებლად დღისით თუ ღამით, დარში თუ ავდარში გადადის ხელიდან ხელში, სახელმწიფოდან სახელმწიფოში, კონტინენტიდან კონტიტენტზე, ზღვებსა თუ ოკეანეებზე, ბარში თუ მთაში. ესტაფეტის მონაწილეები არიან იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლები, რომელ სახელმწიფოს ტერიტორიაზეც ცეცხლი მოგზაურობს. ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius“ („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“). მეცამეტე ახალგაზრდულ
ოლიმპიურ ჩემპიონატზე
თბილისში 49 ქვეყნის 3800 მონაწილე ჩამოვა, რომლებიც მონაწილეობას
სპორტის 9 სახეობაში
მიიღებენ.
ავტორი: ანა ჯიქია