ლალი მოროშკინა: „მე მირჩევნია სოფელ-სოფელ ვიარო და ისე გავეცნო საზოგადოებას“
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ესტუმრა. ,,ნიუპრესმა“ შანსი ხელიდან არ გაუშვა და სტუმართან ინტერვიუ ჩაწერა.
-რამდენად რთული იყო გზა ჟურნალიტიკიდან დღევანდელ დღემდე?
-ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო. მე ცხოვრებაში ბედმა მარგუნა ისეთი პედაგოგები, როგორებიც იყვნენ ედუარდ შევარდნაძე და როინ მეტრეველი. თავიდან დიდი სურვილი მქონდა, რომ დამემთავრებინა მაგისტრატურა და დამეცვა დისერტაცია. ამან მომცა უფლება, რომ დღეს სალექციო კურსებით წარვსდგე სტუდენტების წინაშე. შევარდნაძემ აღმოაჩინა ჩემში კონფლიქტოლოგიის ნიჭი და გამიშვა მაშინ ოსეთში, აფხაზეთში და დღეს ვიცი, რომ შეიძლება კარგი "მომლაპარაკებელი" ვიყო.
-როგორია ლალი მოროშკინა ცხოვრებაში, მეგობრებთან ერთად?
-ჩვეულებრივი აბსოლუტურად, ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მონატრება გვაქვს ერთმანეთის.
-ლალი მოროშკინას სახელი ხშირად არის დაკავშირებული სკანდალებთან. ზოგადად რატომ ეხვევა ადამიანი სკანდალში, ხომ არ ხდება ეს პოპულარობის მოხვეჭის მიზნით?
-რა თქმა უნდა, დასაწყისში სკანდალი საჭიროა პოპულარობისთვის. პიარტექნოლოგიებში არის ერთი ცნობილი ფრაზა: "რაც შენზე იწერება ყველაფერი კარგია, ნეკროლოგის გარდა", მაგრამ უნდა განსაზღვრო, რომ სკანდალი არ უნდა იყოს ისეთი, რაც შეურაცხყოფს გარკვეულ მასებს. არ უნდა იყოს ისეთი სახის სკანდალი, რომელიც შენ უფრო მეტ ზიანს მოგიტანს, ვიდრე სარგებელს.
- ხშირი შემთხვევაა ისეთი, რომ ადამიანებისგან აკეთებენ რეიტინგულ შოუებს, შემდეგ კი ეს ადამიანები საზოგადოების მხრიდან ლაფის სროლის ობიექტები ხდებიან. რას ეტყვით ასეთ ადამიანებს, რას ურჩევთ მათ ასეთ დროს?
-ასეთმა ადამიანებმა, რეაბილიტაცია მხოლოდ პირდაპირი ეთერით უნდა გააკეთონ. მე, პირადად, ძალიან ვერიდები სადმე ჩაწერაზე ყოფნას. მირჩევნია მონაწილეობის მიღება პირდაპირ ეთერში, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ისეა დაჩეხილი შენი სიტყვები, მთლიანობაში სულ სხვა სურათს იძლევა. ამ შემთხვევაში შოუს წამყვანს აწყობს ასე და კარგად ყიდის შენს სკანდალს, მაგრამ შენთვის ეს არის უარყოფითი იმიჯი და ამიტომ უმჯობესია, პირისპირ შეხვდე საზოგადოებას. მე მირჩევნია სოფელ-სოფელ ვიარო და ისე გავეცნო საზოგადოებას. თუ გიცნობენ შენ რეგიონებში და სოფლებში, იქ უკვე ვერანაირი ლაფი შენამდე ვერ მოაღწევს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე