თბილისში ოთარ ქანდარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
თბილისში, წმიდა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს დამსახურებული მხატვრის ოთარ ქანდარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც მხატვრის სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.
გამოფენა მწერალმა ირმა გურიელმა გახსნა, მისი თქმით, "თუ არა წმიდა სამების ტაძარი ძნელად მოიძებნება გარემო, რომელიც ასე მოიხდენდა ოთარ ქანდარიას მამულის სიყვარულით გაჯერებულ ორნამენტულ მხატვრობას, ოთარი თავმდაბალი ადამიანი იყო და ესეც არის მიზეზი, რომ დღემდე მისი ნამუშევრები საზოგადოების ფართო წრისათვის არ არის ცნობილი. წავიდა ქვეყნიდან, მაგრამ დარჩა მზით გამთბარი, ვაზის ხვიარებით მოჩუქურთმებული, ორნამენტებში ჩასმული საქართველოს ტაძრები", - აღნიშნა ირმა გურიელმა.
მხატვრის შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცა ხელოვნებათმცოდნემ, ელისო ჩოგოვაძემ. "ოთარი გახლდათ მრავალმხრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული ადამიანი, მის დუმილში იბადებოდა სიბრძნე, სულით პოეტი იყო, 200-მდე წიგნი გააფორმა და სრულიად დამსახურებულად ჩვენი ქალაქის ქუთაისის მეჩუქურთმის სახელი დაიმკვიდრა"-განაცხადა მან.
"მე რეზო გაბრიაძის ქუთაისი მიყვარს, მე ამ ქუთაისიდან მოვდივარ, სადაც ოთარ ქანდარიას სული მაკონტროლებს, მე აკაკი ვასაძის ქუთაისში გავიზარდე, მიყვარს ოთარ ქანდარიას ქუთაისი, ისეთი როგორიც მას წარმოედგინა და მე წარმომიდგენია",-აღნიშნა მწერალმა და დრამატურგმა რეზო კლდიაშვილმა.
საქ. ხელოვანთა, მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრმა გიორგი შავგულიძემ კი მხატვარი წინა საუკუნეებიდან გადმოსულ დონ კიხოდს შეადარა: "ოთარი დონ კიხოტივით წარსულის ფოლიანტებიდან ჩვენს ეპოქაში გადმოვიდა და გენეტიკური და სულიერი მეხსიერება მხატვრობის ისტორიის უწყვეტ ჯაჭვად აქცია, რომლის ერთი რგოლი, ბმული ჩვენი ოთარია"-განაცხადა მან.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილის ელისო ქაროსანიძიძის შეფასებით, "მდიდარი და მრავალფეროვანია ოთარ ქანდარიას ნამუშევრები, მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ იცხოვროს ჩუმად, უხმაუროდ და თავს არ მოახვიონ საზოგადოებას თავისი თავი".
მხატვრის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა ჟურნალისტმა მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანმა: "მე ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ქალაქს შემორჩა ილო ფოტოგრაფი, პიკასოს ბიჭი და ოთარ ქანდარია".
გამოფენა სამების ტაძარში სამ დღეს გასტანს.
ავტორი: ირინა მაკარიძე