ჯართადქცეული საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში
დაზიანებული, დანაგვიანებული და სიგარეტის კვამლში გახვეული - ასე გამოიყურება საქალაქო ტრანსპორტი ქუთაისში. ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიებით „ნიუპრესი“ დაინტერესდა და პასუხის გასაცემად ქუთაისის თვითმმართველობას მიმართა.
როგორც რესპონდენტები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მათთვის
ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალურ ტრანსპორტში დაგროვილი სიგარეტის კვამლი და იქ არსებული
ანტისანიტარიაა. კითხვაზე, თუ ვინ ეწევა მუნიციპალურ
ტრანსპორტში, პასუხი შემდეგია: „ყველა სატრანსპორტო საშუალებაში არის მითითებული, რომ
მოწევა აკრძალუალია, თუმცა, როგორც ცნობილ ქართულ გამონათქვამშია - ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, ზუსტად ასე ხდება. აკრძალვის ნიშნებს თავად მძღოლები
უგულვებელყოფენ და ეწევიან სიგარეტს. იმაზე კი არავინ ფიქრობს,
თუ რამდენად შემაწუხებელია ეს მგზავრებისთვის.
შეიძლება, მე უბრალოდ სუნმა შემაწუხოს, მაგრამ სხვას ასთმა ჰქონდეს და მისი ჯანმრთელობისთვის
ეს ძალზედ სახიფათო აღმოჩნდეს. რაც შეეხება დანაგვიანებულ ავტობუსებს, ამ ყველაფერს
მხოლოდ მძღოლებს ვერ დავაბრალებთ. საშინელი სიბინძურეა და ეს გარკვეულწილად ჩვენი,
მოქალაქეების ბრალია”,- განაცხადა თეონა სუპატაშვილმა.
მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ სატრანსპორტო საშუალებებში
მძღოლებს დაშვებულ რაოდენობაზე
მეტი მგზავრი აყავთ. ტრანსპორტის გადატვირთვა
საფრთხის შემცველია: „სტუდენტი ვარ და მუნიციპალური ტრანსპორტი ჩემი ყოველდღიურობის
განუყოფელი ნაწილია. აქ საკმაოდ მწვავე პრობლემებია. მათ შორის,
მგზავრთა განუსაზღვრელი რაოდენობა.
ქალაქში არსებული სატრანსპორტო საშუალებები საკმაოდ მოძველებულია, ზოგიერთი
მათგანი მწყობრიდანაცაა გამოსული. ქალაქში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიქმნას საავარიო სიტუაცია. ამ დროს გაჭედილი ტრანსპორტიდან
მგზავრების გამოყვანა უფრო რთულ შედეგებს მოიტანს.
რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ავტობუსით ვმგზავრობდი, საავარიო სიტუაციისას, მძღოლმა
უცებ დაამუხრუჭა და ფეხზე მდგომი მგზავრი წაიქცა და დაზიანება მიიღო. კარგი იქნება, თუკი სატრანსპორტო საშუალებები დაემატება
და ფეხზე მდგომი მგზავრები აღარ იქნება,“ - განაცხადა დავით გოგოლაშვილმა.
მგზავრების შემდეგ ჩვენი შემდეგი „გაჩერება“ იმ ადამიანებთანაა, რომლებზეც ბრალდებათა ყველაზე დიდი წილი მოდის, ესენი თავად მძღოლები არიან. თუმცა აქ ნაცნობ წინააღმდეგობას წავაწყდით. მძღოლებმა საკუთარი ვინაობის
გამხელა არ ისურვეს, რადგანაც თვლიან, რომ მათ მიერ ნათქვამის გამო პრობლემები შეექმნებათ.
მძღოლების თქმით, მათთვის არავის მიუცია გაფრთხილება
ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვაზე. მითუმეტეს, სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, როდესაც მწეველისათვის რთულია მთელი დღის განმავლობაში სიგარეტის მოწევისაგან
თავის შეკავება: ,,არასდროს გვქონია შემთხვევა, რომ ჩვენთვის გაფრთხილება მოეცათ, განსაკუთრებით
კი, მოწევასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ შეიძლება ვინმეს აწუხებდეს სიგარეტის კვამლი,
თუმცა ჩვენთვისაც ძალიან რთულია მოწევის გარეშე გაძლება. ფაქტიურად, მთელი დღის განმავლობაში საჭესთან ვზივართ, თუმცა
ამაზე სანქციები თუ იქნება, ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით, რა თქმა უნდა“, - აცხადებენ ისინი.
მძღოლებს თავიანთი შეხედულება აქვთ ტრანსპორტში მგზავრთა
რაოდენობასთან დაკავშირებითაც. მათი თქმით, რთულია გააკონტროლო ტრანსპორტში ვინ ამოდის
და ვინ ჩადის, ეს მათი უფლება და ამის შეზღუდვა
არ შეიძლება. „მე მგზავრს ვერ დავუშლი, არ ამოხვიდე- თქო. ეს მისი ნებაა ამოვა თუ -
არა, მე არავის ვაძალებ“, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
ამ და სხვა საკითხებით ქალაქ ქუთაისის მერიისკენ გავეშურეთ
და ინფორმაციის ამომწურავად მიღებას შევეცადეთ, რათა ამ ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ
საკმაოდ რთული პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის
განვითარების, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის, ტრანსპორტის განვითარების
უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა განგვიმარტა, რომ აღნიშნული სამსახურის ადმინისტრაცია, მოწევასთან
დაკავშირებითაც აფრთხილებს მძღოლებს და ყოველ დილით ამოწმებს ტრანსპორტს, ვიდრე ის
ქალაქში მგზავრების მომსახურებისთვის გავა.
,,ჩვენი განყოფილება გადის და ამოწმებს სატრანსპორტო
საშუალებებს, რამდენად არის ის დასუფთავებული. ასევე, სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრთა
გადაყვანის დროს, მძღოლებს ეკრძალებათ მოწევა. ვცდილობთ, რომ ესეც შევამოწმოთ. თუმცა
ყოველწუთობრივად რთულია ამის შემოწმება და აქედან გამომდინარე, ცოტა რთულდება საქმე.
ყველა ავტობუსი დასუფთავებულია, როდესაც დილით გამოდის. თუმცა მგზავრთა გადაყვანის
პროცესში თავისთავად ხდება მისი დაბინძურება“, - აცხადებს ცხვედიანი.
„ნიუპრესთან“ საუბრისას ირაკლი ცხვედიანმა ტრანსპორტის
პირვანდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,
რომ თავდაპირველად, როდესაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები შემოვიდა, ის იყო მეორადი
და მცირეოდენი დაზიანებები მართლაც ქონდა,
თუმცა დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, უფრო დაზიანდა.
,,რაც შეეხება ავტობუსების ხარისხს, ჩამოყვანის პერიოდში
ვერ ვიტყვი, რომ ავტობუსები ისეთი დაზაინებულები იყო, როგორც ახლა. გარკვეულწილად უკეთესი
სიტუაცია იყო, მაგრამ ავტობუსები არის ,,ბოგდანები“, ,,ოტოილები“, თურქეთიდან შემოსული.
ძირითად შემთხვევაში იყო ე.წ. „მეორადები“ და გარკვეული დაზიანებები მას ქონდა, მაგრამ
საბოლოო დაზიანების სახემ უკვე თავი იჩინა ქუთაისში მგზავრთა გადაყვანის დროს“, - განაცხადა ცხვედიანმა.
ტრანსპორტის განვითარების უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა
სამომავლო ტენდერებზეც ისაუბრა. მისი თქმით:
„ქალაქის მერია ტრანსპორტის მუნიციპალურ სისტემაზე გადაყვანას გეგმავს. განხორციელების
შემთხვევაში, ეს ავტომატურად გამოიწვევს ავტობუსების ხარისხის და მგზავრთა გადაყვანის
პროცესის გაუმჯობესებას,“ - განაცხადა მან.
ავტორი: გიგა გელხვიიძე