შეიცვლება თუ არა ისევ სასკოლო ასაკი?
განათლების სამინიტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველკლასელობას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი სასკოლო წლის დაწყებამდე, ანუ 16 სექტემბრამდე შეუსრულდებათ. ახალ რეგულაციებს აზრთა სხვადასხვaობა მოჰყვა. ცვლილებებმა უკმაყოფილება მშობელთა იმ ნაწილში გამოიწვია, რომელთა შვილებს 6 წელი სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უსრულდებათ.
მაგდა დათეშიძეც უკმაყოფილო მშობელთა რიცხვს
განეკუთვნება და მიზეზებზეც საუბრობს: ,,უკმაყოფილო ვარ იმ კანონის გამო, რომელიც გულისხმობს ბავშვის სრული 6 წლის
ასაკსი სკოლაში შესვლას. ჩემი შვილი 20 ნოემბერს ხდება 6 წლის და არ მაქვს უფლება, რომ სექტემბერში პირველ კლასში შევიყვანო, ამით ვკარგავთ ერთ წელს...ბავშვმა უკვე იცის წერა-კითხვა და ანგარიში. ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს კანონი და შევიდეს ცვლილება იმის შესახებ, რომ ვინც 2015 წლის დეკემბრამდეა დაბადებული, ჰქონდეთ უფლება გახდნენ პირველკლასელები.“
განათლების შესახებ კანონში დაწესებული ახალი რეგულაციებით უკმაყოფილოა პედაგოგი ლელა ბექაიაც , თუმცა ამ შემხვევაში რეფორმას არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც მშობელი აპროტესტებს, ის მშობელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის შვილსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უსრულდება და მიაჩნია, რომ ბავშვი სკოლაში წასასვლელად სრულ მზადყოფნაშია: ,,ჩემი შვილი ამ ახლი კანონით ერთ წელს კარგავს, სასკოლოდ სრულ მზადყოფნაშია, მაგრამ ერთი წელი უნდა დავაცდევინო, უკვე მოწყინდება და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს სწავლა საერთოდ შეძულდება. ამ ახალი კანონით წელს სკოლაში შევლენ ბავშვები, რომლებიც ჩემს შვილზე მხოლოდ ერთი კვირით იქნებიან უფროსები, ეს არასწორი მიდგომაა, მე როგორც პედაგოგს და მშობელს მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნებოდა სკოლაში შესვლის უფლება მიეცათ იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც ერთ წელში არიან დაბადებული და, ზოგადად, როგორც პედაგოგი მინდა ვთქვა, რომ ბავშვს არასარულ 6 წლის ასაკშიც არ უჭირს სასკოლო პროგრამის დაძლევა, მით უფრო, როცა ბაღებში ბოლო წლის სწავლება მათ სასკოლოდ ამზადებთ და შესაბამისი უნარებიც გამომუშავებული აქვთ,“- ამბობს ლელა ბექაია.
მის მოსაზრებას
საპარლამენტო უმცირესობაშიც იზიარებენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა კობა
სუბელიანმა პარლამენტს ინიცირებული კანონპროექტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც
სკოლისათვის დასაშვებ ასაკად უნდა განისაზღვროს 6 წელი, რომელიც ბავშვებს არა 15 სექტემბერს,
არამედ წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ. იმ მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც
აღნიშნულ ცვლილებას ელოდებიან, უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი
მოსმენით უკვე მიიღო.
ომარ ნიშნიანიძე
საპარლამენტო უმრავლესობის ის წარმომადგენელია, რომელიც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას სასკოლო
ასაკის განსაზღვრის თაობაზე მხარს ცალსახად უჭერს, შესაბამისად, ის სუბელიანის ინიცირებულ
კანონპროექტს არ იზიარებს და ხმა არც პირველი მოსმენით მისცა, არგუმენტები ასეთი აქვს: ,,თავის დროზეც ასე იყო, სკოლის მერხებს
5 წლის ბავშვები მიუსვეს, ზოგაგად, პრაქტიკაში
ცნობილია, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის
ეს რთულად აღსაქმელია. კანონი და ახალი რეგულაციები ბოლომდე მისაღები არავისთვისაა.
მშობლები არასწორად ფიქრობენ, რომ მათ შვილებს ერთი წელი დაეკარგებათ, პირიქით, ისინი
უფრო მომზადებული შეხვდებიან მომავალ წელს, მე არ ვაპირებ კობა სუბელიანის მიერ შემოთავაზებული
კანონპროექტის მხარდაჭერას, მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტროს შემოთავაზბული კანონპროეტქი
კორექტირებას არ საჭიროებს,“ - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.
ზოგადი განათლების შესახებ კანონს აკრიტიკებს საპარლამენტო
უმცირესობის და ამავდროულად, განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის კომიტეტის წევრი სერგო რატიანი
და „ნიუპრესთან“ საუბარში მიზეზებზე საუბრობს: ,,არსებული კანონი სრულიად ხისტი და არაადეკვატურია,
სასკოლო ასაკი კონკრეტულ რიცხვზეა მიბმული, შესაძლოა, მთავრობამ შემდეგში სასწავლო
წლის დაწყების თარიღიც შეცვალოს და ეს გამოიწვევს
კიდევ იმას, რომ მთელი წლის განმავლობაში ბავშვი, რომელიც მშობლებთან ერთად სკოლაში
წასასვლელად ემზადება, ერთი წლით ისევ სახლში დარჩება, ეს პრობლემასთან ერთად ბავშვისთვის დიდი ტრამვაც იქნება, მიზეზად ხელისუფლება
იმას ასახელებს, რომ 6 წლამდე ბავშვი არ არის
მზად სწავლისათვის, მარტო სწავლა არ არის ბავშვის განვითარება, ეს ასევე სოციალიზაცაა, მეგობრებთან თამაში და გამართულ საგანმანათლებლო
სივრცეში ყოფნა, ამ სივცეში კი დღეს სერიოზული პრობლემები გვაქვს, ბაღები არ არის საკმარისი
რაოდენობის და ამ რეფორმით კიდევ უფრო რთული გახდება ბავშვთა რაოდენობის დატევა. მე
იმასაც კი დავუჭერდი მხარს, რომ 5 წლის ასაკშიც
დაეწყოთ სკოლაში სწავლა, სწორედ იმის გამო, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც
არასათანადოდ არის გამართული,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
ზოგადი განათლების
შესახებ კანონის ახალ რეგულაციებს იზიარებს
ფსიქოლოგი თეა ფანცულიძეც: ,,5 წელს ფსიქოლოგები
ახასიათებენ სკოლამდელ და არა როგორც სასკოლო ასაკად, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება
ბავშვი კარგად წერდეს და აზროვნებდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ემოციურად მზად
არის იმ პასუხისმგებლობისთის, რასაც სკოლა აკისრებს.
სკოლა ინფრასტრუქტურულადაც არ არის მზად 6 წლამდე ბავშვის მისაღებად და თუ ამის
შესაძლებლობას დავუშვებთ, უნდა შეიცვალოს სასწავლო პროგრამაც და იგი უფრო თამაშის მეთოდებზე
უნდა იყოს აგებული.“
ახალ რეგულაციებზე
აზრთა სხვადასხვაობის პარალელურად კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს, რომელზეც არსებული
კანონის მოწინააღმდეგეებთან ერთად ქუთაისის ააიპი გაერთიანების დირექტორის მოადგილე მეთოდურ დარგში მაკა დოღონაძეც საუბრობს: ,,ახალი კანონის
თანახმად, ბაღებში წელს ბავშვთა კონტიგენტი საგრძნობლად გაიზრდება და ისედაც გადაჭედილი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბავშვების რაოდენობას ვეღარ დაიტევს.“
ავტორი: ეკა შალამბერიძე