რა პრეტენზიები აქვთ პედაგოგებს სასერთიფიკაციო გამოცდებთან
"პროფესიული განვითარების სქემის" მიხედვით, პედაგოგებს სპეციალური სტატუსი მიენიჭებათ, შეიცვლება მათი დანიშვნის წესიც. მასწავლებლის ხელფასის ოდენობა მათ სტატუსზე იქნება დამოკიდებული. პრაქტიკოსი მასწავლებელი , უფროსი მასწავლებელი , წამყვანი მასწავლებელი, მენტორი, ეს ის კატეგორიებია, რომელთა მოსაპოვებლად მასწავლებლები გამოცდებს აბარებენ.
საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელად პედაგოგებს დაჩქარებული წესსაც სთავზობენ. განათლების მინისტრმა ამის შესახებ განმარტებაც გააკეთა. იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სერთიფიცირება მხოლოდ ერთ საგანში აქვთ გავლილი, მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად საგნობრივი გამოცდის ჩაბარება დაჩქარებული წესით შეეძლებათ. პედაგოგებს ასევე ევალებათ თავიანთი ნამუშევრის შეფასება, პროფესიული საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა. სქემის თანახმად, პედაგოგთა შეფასების ახალი სისტემა დაინერგება. პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება სკოლაში მისვლით და გაკვეთილზე დასწრებით აღარ მოხდება, არამედ საუბარია ვიდეოგაკვეთილებზე.
ვიდეო დაკვირვების
სტილზე „ნიუპრესს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქუთაისში ვიზიტისას ესაუბრა: „გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს მოუწევთ საგნობრივი ცოდნის
დადასტურება, მათ უნდა გაიარონ საკლასო
დაკვირვებაც. დაკვირვების ორი გზა არსებობს, ერთი მიდის ადამიანი,
ექსპერტი და ესწრება, მეორეა- ვიდეოჩანაწერი. აქ
არ არის მხოლოდ ერთი გაკვეთილით პედაგოგის შეფასება. წარმოიდგინეთ, რომ ამისათვის
ყველა სკოლაში არის მომზადებული საკლასო ოთახი, დამონტაჟებულია
სპეციალური ტექნიკა. დირექტორი აკეთებს საკუთარი მასწავლებლების გეგმას- კონკრეტულ
კლასში რა პერიოდით უნდა ჩაატაროს
მასწავლებელმა გაკვეთილი. პედაგოგი, რომელსაც
სურს შეფასდეს, შედის ამ საკლასო ოთახში
და არა ერთ და ორ გაკვეთილს ატარებს , არამედ ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში
სულ ატარებს გაკვეთილებს. ნახულობს თავის ჩანაწერებს და მისი აზრით, საუკეთესო
გაკვეთილებს აგზავნის შესაფასებლად“, - განაცხადა
მაია მიმინოშვილმა.
ვიდეოდაკვირვებას და მონიტორინგს მასწავლებლები
მიესალმებიან, თუმცა მათ ნაწილს შენიშვნებთან ერთად ეჭვებიც აქვს, როგორ
მოახერხებს განათლების სამინიტრო,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათ შეფასებას და დაფასებას. „ მე მაქვს
შენიშვნები და პროტესტის გრძნობა, რადგან ინტეგრირებული გამოცდა გაუქმდა და მე არ
მომეცა მასზე გასვლის საშუალება. არავისი
მშურს, მაგრამ რომ გავიდა ადამიანი ჩაბარა და აქვს შესაბამისი ხელფასი, მეც მქონდა ამის სურვილი. აქტიური მასწავლებელი
ვარ, ჩართული ვარ სქემაშიც და თავდაუზოგავად
ვშრომობ. შემფასებელი მხოლოდ ერთხელ
მოვიდა და ზედაპირულად გადახედა ჩემს პორტფოლიოს. მივესალმები მონიტორინგს და ვიდეოგაკვეთილებსაც, მაგრამ მიჩნდება ეჭვი, რამდენად შეძლებს
სახელმწიფო 60 ათასი მასწავლებელი შეგვაფასოს,ამასთან
საკითხავია რამდენად ობიექტური იქნება ეს შეფასება“,- განუცხდა „ნიუპრესს“
ქუთაისის N40 სკოლის პედაგოგმა ლალი ქობულაძემ.
ამ საკითხზე გვესაუბრა ქუთაისის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის პედაგოგი მარინა არაბიძე.
„საინტერესოა, ვინ მამოწმებს, აქვს კი მას შესაბამისი განათლება, ვართ კი
დაცული, რომ შავზე არ იტყვის თეთრია და თეთრზე - შავიაო? ეს ხომ არ არის ზუსტი
მეცნიერება, მათემატიკასავით, ერთი ციფრი
მიიღო და ამით გათავდეს ყველაფერი? გაკვეთილი
ცოცხალი პროცესია ... მერე ვიღაცა ადგება
და იტყვის, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაძლობლობა, ვერ მოგვიმატებენ ხელფასს და მორალურად დაზარალებულებს დაგვტოვებს“,-
განაცხადა მარინა არაბიძემ.
მისი თქმით, თავიდან სერთიფიცირების წინააღმდეგი
იყო თუმცა გამოცდა მაინც ჩააბარა და დღეს სერთიფიცირებული
მასწავლებელია, „თუმცა ჯერჯერობით ხელფასში მოვიკოჭლებთ“-ამბობს ის. „განვითარების სქემა ჩემი ასაკის მაწავლებელს არ უნდა ეხებოდეს. 37 წელია სკოლაში ვმუშაობ და მასწავლებლის სტატუსი ახლა უნდა მოვიპოვო ? ეს უნდა იყოს დამწყები მასწავლებლებისთვის“, - ააცხადებს
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა არაბიძე.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პედაგოგებისთვის
ხელფასები მომავალი 2 წლის მანძილზე გაიზრდება და პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება. ახალი წესის მიხედვით, პედაგოგებს დანამატები შეუნარჩუნდებათ. ხელფასები და დანამატები არ
შეუწყდებათ ე.წ ათასლარიან მასწავლებლებს და მათაც, ვინც დანამატს კომპიუტერისა და უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისთვის იღებს.
სასერთიფიკაციო გამოცდაში მონაწილებას 17 ათასი მასწავლებელი იღებს. მასწავლებელთა უმეტესობა ცოდნის შეფასებასთან ერთად დაფასების მოლოდინშია.
ავტორი: ანა ჯიქია