ქუთაისში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
სულხან საბას პირველ შესახვევში ,,შპს ქუთათისი 99“-ის შენობაში კომპაქტურად შესახლებული 7 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მსგავსად საერთო სტატუსისა, მათი საცხოვრებელი პირობებიც იდენტურია. მდგომარეობის გაუმჯობესების უსასრულო მოლოდინი დღემდე უცვლელი რჩება.
ჩაბრავების
ოჯახი ამ საწარმოში აფხაზეთის დატოვების დღიდან ბინადრობს. შენობიდან ერთი ოთახი ერგოთ. ოჯახი გამრავლდა, თუმცა საცხოვრებელი ფართი უცვლელი დარჩა. ერთ ოთახში
ცოლ-ქმარი ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოთახი, სადაც უამინდობის დროს ყველა მხრიდან წვიმს, დღეს
გასაგები მიზეზის გამო, ცარიელია. დაზიანებული
ჭერიდან საწოლზე, სადაც ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი წევს, ისე წვიმს, როგორც ღია ცის
ქვეშ. ოჯახი გამოდარებამდე ნათესავებთან გაიხიზნა.
ბინაში მხოლოდ მოხუცი ბებია დაგვხვდა. მერი
ჩაბრავა იმ გაუსაძლის ყოფაზე გვიყვება, რომელშიც
მისი ოჯახი ცხოვრობს.
,,აქ ადამიანის
ცხოვრება პირუტყვის ყოფას ემსგავსება. ჩემს თავს არ ვჩივი, ისედაც რაღა დამრჩენია, მაგრამ შვილიშვილებზე ვდარდობ.
არ მინდა, ის ყველაფერი მათაც განიცადონ, რაც
ჩვენ ამ წლების განმავლობაში გამოვიარეთ. ამ ოთახში ისე წვიმს, გინდ გარეთ
დაგიძინებიათ და გინდ აქ. საწოლი ავკეცეთ და
ბავშვებს ღამე ფეხზე დამდგარებს ეძინათ. ეხლა ნათესავთან გავხიზნეთ გამოდარებამდე.
ბოშებივით
ვართ, ხან სად დავეხეტებით, ხან სად. მოგვაქციონ ყურადღება, როგორც სხვებს გაუკეთეს, ისე გაგვირემონტონ ჩვენც.
გასახლებას არ ვითხოთ, შეჩვეული ვართ ამ ადგილს, 22 წელი
აქ გავატარეთ. აქვეა სკოლაც, საბავშვო ბაღიც და აქ გვირჩევნია დარჩენა“.
შენობაში შესვლისთანავე ჩნდება
განცდა, რომ აქ დრო წლების წინ გაჩერდა, ჩამოშლილი კედლები, დაბზარული ჭერი, აყრილი იატაკი, ნესტისგან გამოწვეული
სპეციფიური სუნი, ეს მხოლოდ ნაწილია იმ
პრობლემების ჩამონათვალისა,
რასაც ამ შენობაში დევნილები წლებია ერთად იზიარებენ. აქ არსებობისთვის
ყველას თანაბრად მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა. გაჭირვებამ ოჯახებში მამაკაცები გამომგონებლებადაც
აქცია. ოთახებში, რომელიც სითბოს ისედაც ვერ ინარჩუნებს,
წვიმისაგან თავდაცვის მიზნით ჭერზე კუსტარულად დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული ,, სანიაღვრე
სისტემა“ გაჩნდა.
დოდო ადამია: "ეს გამოგონება ჩვენს მეზობელს ოთარ გვაგვალიას ეკუთვნის, მისი ჭერიდან დაბლა მეზობელთან ჩადიოდა წყალი. მოერიდა ადამიანს და გაჭირვებამ ეს ვითომდა სანიაღვრე მოწყობილობა გამოაგონებინა. თავზე გვაწვიმს. რამდენჯერაც დაგვპირდნენ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომ სახურავს გამოგვიცვლიდნენ, იმდენჯერ მოტყუებულები დავრჩით. აქ ყველა გაუსაძლის პირობებში ვართ. მე, პირადად, მთავრობისაგან არავითარი დახმარება არ მაქვს. სად არ დავწერე, მაგრამ უშედეგოდ. მეუღლეს წლების წინ ფეხი მოკვეთეს, მაგრამ ინვალიდობის ჯგუფიც კი არ დაუდგინეს. შვილი იურისტი მყავს, გეგუთის ციხეში მუშაობდა, მაგრამ მთავრობის შეცვლის შემდეგ უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. ახლა უმუშევარი ზის სახლში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ჩემი პენსია მათ ხმარდება, რა თქმა უნდა, არც ყოფნით. აქ არ იცხოვრება და ცოლ-შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს.“
იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებაში
35 ადამიანი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, თუმცა პრობლემები ამით არ სრულდება.-
დევნილები დაზიანებულ წყლის სისტემაზე საუბრობენ,
რომელსაც კანალიზაცია ერევა. მათი თქმით, სასმელი წყლის მიღების შედეგად არაერთი მოწამვლის
ფაქტი დაფიქსირდა. ,,წყალი სასმელად უვარგისია, ზაფხულში რამდენჯერ ბავშვებიც მოიწამლენ,
ეს მილები სასწრაფოდ საჭიროებს გამოცვლას, ეს წყალი, წესით, სასმელად კი არა, სარეცხისთვისაც არ ვარგა“,- აღნიშნავს
ჩვენთან საუბარში დევნილი რუბენ ნადარეია.
აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებასთან დაკავშირებით ჩვენ
დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული
ორგანოს უფროსს ვესაუბრეთ. გია
სანთელაძის ინფორმაციით, ამ ოჯახებმა USAID-ის დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც შენობის
ნახევრად რეაბილიტაციას გულისხმობდა, უარი თქვეს. ,, აქ საცხოვრებელი პირობები უდავოდ
მძიმეა, მაგრამ ამ ოჯახებმა, ჩემთვის გაურკვეველი
მიზეზით, შეთავაზებულ რემონტზე უარი თქვეს, რაც მათ შორის გადახურვასაც
გულისხმობდა. დევნილებს საკუთარი ხარჯებით
მხოლოდ ოთახების მოწყობა მოუწევდათ. სხვა დანარჩენი,
ეს იქნებოდა ჭერი, სადარბაზოები,
თუ შენობასთან მისასვლელი გზა, USAID- ის პროექტის ფარგლებში გაუკეთდებოდათ. ამას გარდა, მათ აქვთ საშუალება შეავსონ განაცხადები და შესაბამისი ქულების მინიჭების შემთხვევაში, ახლად
რეაბილიტირებულ შენობებში ან მშენებარე ბინებში გადანაწილდნენ . ხოლო თუ შენობაში დარჩნის სურვილი აქვთ, ამის თაობაზე კოლექტიური წერილით სამინისტროს უნდა
მიმართონ.“
გია სანთელაძის ინფორმაციით, დევნილების მძიმე ყოფა,
რაც 22 წელს ითვლის, რამდენიმე თვეში დასრულდება . სამინისტრომ 9 მარტს გამოაცხადა
ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ამ კომპაქტური ჩასახლების სრულ რეაბილიტაციაზე იზრუნებს.
ავტორი: ეკა შალამბერიძე