|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიამ მაგდალელი და წითელი კვერცხი

მარიამ მაგდალიელი პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი მომხიბლავი და ძალზედ ლამაზი იყო და თავშეუკავებელ ცხოვრებას ეწეოდა. სახარების მიხედვით იესომ მისგან შვიდი ეშმაკი განდევნა (ლკ. 8.2; მკ. 16.9). მას შემდეგ იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის მიმდევარი შეიქნა.
მარიამი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს.
მარიამ მაგდალელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად იდგა გოლგოთაზე ჯვარცმული იესოს გვერდით.
მარიამ მაგდალინემა სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა იესოს ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მარიამმა აქაც გაუსწრო ყველას. ჯერ კიდევ „ვიდრე ბნელღა იყო“, მიეახლა აკლდამას და ჰპოვა „ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან“; გაოცებულმა და შეშინებულმა, სირბილით გაემართა იესოს ორ უახლოეს მოწაფესთან – სიმონ-პეტრესა და იოანესთან და მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარება ამცნო.

ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამიც. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით და იმპერატორის სასახლესაც მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და გაკვირვებულმა წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული ტიბერიუსს , რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა.
მეორე ვერსიით კი ტიბერიუსმა უთხრა: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს.

წყარი: ireporter.ge

ავტორი: ნიუპრესი