სააღდგომო სამზადისი ქუთაისში
აღდგომის ბრწინვალე დღესაწაულთან დაკავშირებით სამზადის, წელსაც ტრადიციულად, ადამინების ფუსფუსი და სამზადისი გვამცნობს. თუმცა სადღესასწაულოდ პროდუქტებზე მომატებულმა ფასებმა მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღდგომის დღესასწაულისთვის აუცილებელი ატრიბუტიკის შეძენას ძლივს ახერხებს.
სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეების დასახმარებლად
ქუთაისის მერიამ მოკრძალებული სააღდგომო ნობათის დარიგების ტრადიცია წელსაც გააგრძელა.
რისთვისაც მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა
60 000 ლარი გამოყო, რაც წინა წელთან შედარებით 15 000 ლარით არის გაზრდილი. სამსახურის უფროსის, გია ჩოგოვაძის განცხადებით,
ტენდერში თბილისურმა კომპანიამ „ტენდერი 123“–მა გაიმარჯვა. რომელსაც 2628 სოცალურად
დაუცველი ადამიანისთვის 7 დასახელების პროდუქტის დარიგება უნდა მოეხდინათ.
„სასაჩუქრე კალათა 25 ლარის ღირებულებისაა და 7 დასახელების
პროდუქტი დევს, დახმარება სხვადასხვა კატეგორიების მოქალაქეებზე გავეცით. სოციალურად
დაუცველებზე, შეჭირვებულებზე, მარტოხელა დედებზე. ეს მცირედი დახმარებაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დღესასწაულზე
ამ ადამიანებისთვის მაინც მნიშვნელოვანია“,–აღნიშნა გია ჩოგოვაძემ.
მართალია, პრუდუქტების ჩამონათვალი ისეთი შთამბეჭდავი
არაა, როგორც ქართულ სუფრას ეკადრება და როგორსაც პროგრამის მესვეურები საკუთარ ოჯახებში
გააწყობენ, თუმცა როგორც იტყვიან ,,ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო“ და მოქალაქეებიც
მოკრძალებულ საჩუქრებზე მოკრძალებულად იხდიან მადლობას.
ლალი ხურციძე, სოციალურად დაუცველი: ,,დედა გარდამეცვალა, დაკრძალვის ფული არ მქონდა
და მერიას დახმარებით მივმართე, ფულადი დახმარება არ გამომიყვეს, მაგრამ სანაცვლოდ
სააღდგომო ნობათი მივიღე. მადლობას ვიხდი, ჯერ არ ვიცი, რა დევს შიგ, სახლში ბავშვებთან
ერთად ვნახავ“.
მოკრძალებული სააღდგომო სუფრის გამო სევდას ქუთაისურ
იუმორს ურევს 73 წლის ვენერა გამრეკლიძე.
,,მხოლოდ საფლავზე წასაღებ აუცილებელ პროდუქტს ვყიდულობ,
რომ მიცვალებულები უპატრონოდ არ დამრჩნენ. ესაა პასკა, კვერცხი, სანთელი. ისედაც ხომ
ამხელა ფასები აქვს პროდუტებს და სადღესასწაულოდ ხელოვნურად ზრდიან. ვიყიდი იმას, რისი
შესაძლებლობაც ჩემს პენსიას აქვს. თუ გამიწყრებიან ჩემი მიცვალებულები, მათ გამომიგზავნონ,
აბა რა ვქნა?“–აღნიშნავს ვენერა გამრეკლიძე.
გაზრდილი ფასების გამო კლიენტთა შემცირებაზე საუბრობენ
ბაზრის მოვაჭრეებიც. როგორც ქუთაისის აგრარული ბაზრის თანამშრომლები აღნიშნავენ, სააღდგომოდ
თითქმის ყველა სახის პროდუქტი 10–15%–ით არის გაძვირებული.
,,წინა წელთან შედარებით სოფლის კვერცხმა 5 თეთრით მოიმატა. ენდროს საღებავის ყიდვა შარშან 50 თეთრად შეეძლოთ, წელს ფასი გაორმაგებულია და ერთი შეკვრა ბუნებრივი საღებავი 1 ლარი ღირს. სააღდგომო პასკაც გაძვირებულია. საგრძნობლად მომატებულია ყველაფრის ფასი. ზოგი მოდის და ჩვენ გვეჩხუბება თითქოს ჩვენი ბრალი იყოს. თუმცა სააღდგომოდ მაინც ცდილობს ხალხი ნობათის შეძენას“–ამბობს რეალიზატორი დარეჯან ბაბუხადია.
ავტორი: ეკა შალამბერიძე