|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცხოვრება ხანდაზმულთა პანსიონატში

 ქუთაისში „წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატი“ ქალაქის განაპირას მდებარეობს. ხუთსართულიან შენობას  ხანდაზმულები დევნილებთან იყოფენ. 

  შენობასთან მისასვლელი კილომეტრიანი გზა ფეხით გავიარე. გზაში კითხვებს ვიმეორებდი. პირველად ვამზადებდი რეპორტაჟს პანსიონატის ბენეფიციარებზე, არ ვიცოდი როგორ დამხვდებოდნენ, ისაუბრებდნენ თუ არა საკუთარ ცხოვრებაზე საჯაროდ?  მაინტერესებდა იქ მყოფი ადამიანების ისტორიები, მათი ყოველდღიური ყოფა და სააღდგომო სამზადისი.

   „უხარიათ მათი ბედით რომ ინტერესდებიან“,–ღიმილით შემხვდა ფსიქოლოგი ნაირა მაჩალაძე და პანსიონატის შესახებ მიამბობს.

 „ჩვენ აქ მხატვარიც გვყავს, მწერალიც, მომღერლებიც, ერთ–ერთ ბენეფიციარი არაჩვეულებრივად ქსოვს“–მიყვება ფსიქოლოგი და გზადაგზა შემხვედრ ბენეფიციარებს მაცნობს.

წყალწითელას პანსიონატში სხვადასხვა ისტორიითა და  საკუთარი ტრაგედიით 86 ბენეფიციარი ცხოვრობს. დღეს  ერთმანეთის იმედად აგრძელებენ ცხოვრებას. ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან, თანაუგრძნობენ და ეხმარებიან.  საერთოც ბევრი აქვთ,  პანსიონატში გატარებული წლები, მოლოდინი, ფიქრი წარსულზე, შიში მარტოობის. ცდილობენ არ შეიმჩნიონ, თუმცა მათ ღომილშიც უდიდესი ტკივილი იგრძნობა.

დერეფნის ბოლოს, კართან ვჩერდებით. ლამაზი ქალბატონი გვეგებება და მყუდროდ მოწყობილ ოთახში შევყავართ.

ნინო ბურჭულაძის ნახვისას საერთო თავშესაფრის შესახებ არსებული ყველა უსიამოვნო ფიქრი გაგიქრებათ. მიუსაფარი ადამიანის ნაცვლად მოწესრიგებული, სამკაულებით მორთული ქალბატონი გვხვდება. პანსიონში დაახლოებით ხუთი წლის წინ ტრაგედიებით სავსე ცხოვრებით მივიდა. თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფერწერის ფაკულტეტი. შექმნა ოჯახი, ჰყავდა გოგონა, პარალელურად მუშაობდა. უბედურმა შემთხვევამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.


 „გოგონა დამეღუპა.  40 დღე არ იყო გასული ნერვიულობის ნიადაგზე მამას ინფარქტი მოუვიდა და გარადიცვალა, 18 დღეში კი მეუღლეც დავკარგე და ჩემი ლამაზი ცხოვრებაც დასრულდა. დავრჩი სრულიად ეული. ყველას ეგონა რომ ჭკუიდან შევიშლებოდი. საქართველოში ვეღარ გავძელი, 27 წელი საზღვარგარეთ ვმუშაობი, მონატრებს ვხატავდი. შემდეგ თბილისში დავბრუნდი. ხუთი წლის წინ მარტოხელა მეზობელი გარდაიცვალა და ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს მიცვალებული, ამ ფაქტის გამო შევშინდი და ხანდაზმულთა პანსიონატს მივმართე.  თბილისში მინდოდა, მაგრამ ადგილი არ იყო და ქუთაისში გამომიშვეს, ასე აღმოვჩნდი უცნობ ქალაქში, თუმცა არაჩვეულებრივ გარემოში. ფიქრს და დარდს საქმიანობით ვებრძვი. მამაოს კურთხებით ხატების წერა დავიწყე. გამოფენაც მოვაწყვე“.

რამდენიმე ხნის წინ თბილისში გადავიდა, სამ თვეზე მეტხანს ვერ გაძლო და ქუთაისში დაბრუნება ითხოვა.

 „მთელი ღამეები ვფიქრობდი აქ რას ვაკეთებ მეთქი?  გავაუქმე განცხადება და უკან დაბრუნება მოვითხოვე. ვამბობდი, რომ სახლში ვბრუნდებოდი. იქაც არაჩვეულებრივი გარემო იყო, მაგრამ აქ სულ სხვა სიყვარულია, სხვა გარემოა და აქ მშვიდად ვარ. საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ამავდროულად სპექტაკლებს ვდგამთ. ახლა  ახლა სპექტაკლზე ვმუშაობთ. ვდგამთ „ეზოში ავი ძაღლია“, პრემიერაც მალე გვექნება. დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ.

ნინო ბურჭულაძის წახალისებით 82 წლის ასაკში ნელი ბაკურაძემ ლექსების წერა დაიწყო, დღეს მის შემოქმდება 200 ლექსს   ითვლის.

„ნინომ მირჩია ლექსების წერა. მეც გავთამამდი და ნაფიქრის ფურცელზე გადატანა დავიწყე. ნინო მისწორებდა, უნდა ვთქვა, რომ ძალიან კრიტიკულია, მაგრამ სწორ რჩევებს მაძლევდა. ღამით ვიღვიძებდი და ვწერდი. დილით მეგობრებს ვაჩვენები, იწონებდნენ და ბავშვივით მათამამებდნენ. დღეს 200 ლექსი მაქვს. ქუთაისის მერმა კულტურის სამსახურს დაავალა ამ თემით დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ ჯერჯერობით  არავინ გამოჩენილა“.


ნელი ბაკურაძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ ცაგერის რაიონში გათხოვდა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ავად გახდა. როგორც თავად ამბობს, არ უნდოდა ოჯახს ტვირთად დაწოლოდა და პანსიონატში წამოვიდა. ამბობს, რომ მეგობრებს ჭირიც და ლხინიც საერთო აქვთ.

ვენერა ძაგნიძე სამტრედიის რაიონიდან არის. მეუღლის დაკარგვის შემდეგ, ორი შვილიც ავადმყოფობით დაეღუპა. თავადაც დაავადდა,  არ უნდოდა ობლად დარჩენილ შვილიშვილებს და რძლებს ტვირთად დაწოლოდა, ამიტომ პანსიონატში წამოვიდა. ოჯახის წევრები ხშირად აკითხავენ. საწოლიდან იშვიათად დგება, ძირითადად ხელსაქმით არის დაკავებეული. მთელი ოთახი მის მიერ მოქსოვილი გადასაფარებლებით არის სავსე. ამბობს, რომ დარდს და ფიქრს ხელსაქმით ებრძვის.

პანსიონატის ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარი 96 შურა ძაგნიძეა. ასაკის მიუხედავად, არაჩვეულებრივი იუმორით გამოირჩევა.

„ადრე მოსკოვის დროით მეყურებოდა, ახლა ნიუ- იორკის დროით მესმის, უნდა მიყვირონ, რომ გამაგონონ“–ამბობს შურა ჭილაშვილი. კოხტად ჩაცმული, სამკაულებით დამშვნებული დაგხვდა. წარმოშობით ხარაგაულიდან არის, განათლებით ისტორიკოსი. გათხოვების ამბავსაც იუმორით იხსენებს.

„ სწავლის დასრულების შემდეგ მეღირსა შეყვარებული. მაგრამ სიმაღლის გამო ვწუნობდი, მეუბნებოდა, მაგის გამო როგორ მეუბნები უარს, ჩემი გვარის შვილები 50 წლამდე იზრდებიანო. კარგი ოჯახი შევქმენით. მერე მეუღლე დამეღუპა, ქალიშვილი კი დანაშაულის გამო იხდის სასჯელს, რის შემდეგაც აქ აღმოვჩნდი. თავიდან  გამიკვირდა, ყველაფერი უფასო რომ მქონდა. რამდენ ჩემნაირ ადამიანს ინახავს ქვეყანა. არ მინდა აქედან წასვლა, არაჩვეულებრივი ადამიანები ზრუნავენ ჩვენზე“-ამბობს ის და პირობას გვაძლევს, რომ 100 წლამდე იცოცხლებს.

აღდგომის დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ. ღონისძიება დაგეგმილი აქვთ. ცდილობენ დარდის მიუხედავად ეს დღეც გაულამაზონ სხვებს. პანსიონატში შედარებით მძიმე მდგომარეობის ბენეფიციარებიც ცხოვრობენ. რომლებიც მთელ დღეებს ეტლში ატარებენ და გადაადგილება უჭირთ.

დამშვიდობება, რა თქმა უნდა, სევდიანია. ცდილობდნენ მეტი  სითბო გადმოგცენ, რომ კიდევ გაგახსენდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქალაქში განმარტოებით, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ.

პანსიონატის უფროსის, მალხაზ ბადირეიშვილის განცხადებით, პანსიონატში მოხვედრის მსურველი ბევრია, თუმცა შეზღუდული ადგილის გამო ყველა განცხადების დაკმაყოფილებას ვერ ახდენენ. თავშესაფარში მისვლის გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სააგენტო საცხოვრებელი პირობების და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით იღებს. წყალწითელას პანსიონატი 95 ბენეფიციარზეა გათვლილი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე საქართველოში ხანდაზმულთა პანსიონატები მხოლოდ ქუთაისსა და თბილსში არსებობს.  მათ ყველა სერვისს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყობს.

ქუთაისში მდებარე პანსიონატში ბენეფიციარების მიერ ოჯახის შექმნის ორი შემთხვევაც იყო. ერთ–ერთმა წყვილმა მეჯვარედ პანსიონატის უფროსი მიიწვია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი