|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი – პრობლემა თუ პრივილეგია?

  გარედან ვერც კი შეატყობ, რომ საცხოვრებელია. დაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი და კიბეები.  ჩამსხვრეული ფანჯრები, ძველი ფიცრებისგან შეჭედილი ღობე–ეს არასრული ჩამონათვალია,  იმ პრობლემებისა,  რაშიც ქუთაისში კოსტავას 2 ნომერში მცხოვრებლებს უწევთ ყოფნა.

კერძო სახლი, რომელშიც სამი ოჯახი ბავშვებთან ერთად ცხოვრობს დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებშია აგებული. სიძველის, გამორჩეული იერსახის და ქალაქის ცენტრში მდებარეობის გამო შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა, თუმცა, როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, მათ საცხოვრებელთან სიტყვა - კულტურის გამოყენება ცოტა უხერხულია.  მათივე თქმით, სტატუსის გამო პრობლემები ექმნებათ.

 „მეუბნებიან შენ რა გენაღვლება, ქალაქის ცენტრში ცხობრობო, არადა ამას ცხოვრება ქვია? ყოველთვის კიბეებზე ჩასვლისას ვლოცულობ თვაში არაფერი დამეცეს. ბავშვები გვყავს და კარებს აქეთ  ვერ ვუშვებთ. ინგრევა კედლები, ყველა ოთახი დაბზარულია. რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ქალაქ–მუზეუმის ოლქის წარმომადგენელს რაიმე სახის დახმარება მაინც აღმოეჩინათ. ან სტატუსი მოგვიხსნან ან ელემენტარული სამუშაოები ჩატარდეს. გაამაგრონ ეს კედლები და იერსახეს ნუ შეუცვლიან. მაგრამ მერიაში გვიპასუხეს, რომ ამჯერად მათ არაფერი შეუძლიათ და კანონში ცვლილების შეტანისთანავე გვაცნობებენ“-,ამბობს კოსტავს #2–ში მცხოვრები ზაალ კაკაბაძე.

იმავე აზრისაა  მისი მეზობელი ნუგზარ ძოწენიძე.  „ჩვენთვის ამ სტატუსს პრობლემის მეტი არაფერი მოუტანია. არ შეიძლება იერ-სახის შეცვლაო, კარგი ბატონო, იერ-სახეს ნუ შეუცვლიან,  მოვიდნენ  თვითონ და  კანონის ფარგლებში ჩაატარონ სამუშაოები. ჩვენ არც საშუალება გვაქვს და არც პროექტების წერის დრო. როგორც თბილისში ხდება ძველი შენობების რეკონსტრუქცია, ისე დაიწყონ აქაც. უბრალო, კერძო  სახლი, რომ იყოს,  მოქალაქეს ამ შემთხვევაშიც უნდა დაეხმარონ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე არ უნდა იზრუნონ? ხომ არის განსაკუთრებული, სტატუსიანი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, მაშინ  მოგვაქციონ ყურადღება.  თუ არადა ყველა  ძველ შენობას რატომ აძლევენ ამ სტატუსს?  ვიდრე ადამიანს არ შეიწირავს, იქამდე არავინ დაინტერესდება. შემოსასვლელი კარის თავზე კედელი ჩამოინგრა, ჩვენ მოვახერხეთ ფიცრებით გამაგრება, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს არ ვიცით,  ყოველ შემოსვლაზე ველოდებით ჩამოვარდნას. ოთახები ცოტა მოვაწესრიგეთ, გავამაგრეთ, რომ გვქონდეს საშუალება შესაბამის სამუშაოებსაც ჩვენ ჩავატარებდით“, –აღნიშნავს ნუგზარ ძოწენიძე.

კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმის და მუზეუმ–ნაკრძალების სამსახურის უფროსი ირმა დოლიძე ადასტურებს,  რომ სტატუსის გამო მოსახლეობას ხშირად ექმნება პრობლემები. როგორც  ის „ახალ გაზეთთან“საუბარში აღნიშნავს, სტატუსი არაა მარტივი საკითხი. „ერთის მხრივ,   შენარჩუნებული უნდა იყოს კულტურული ძეგლი,  მეორეს მხრივ კი,  მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესება თუ არა,  შენარჩუნება მაინც უნდა მოხდეს, რისთვისაც ოქროს შუალლედის გამოძებნაა აუცილებელი“-აცხადებს  ირმა დოლიძე. მისი თქმით, საკითხის კომპლექსური მიდგომაა საჭირო:  უნდა მომზადდეს რეაბილიტაციის პროექტი, რაც ფიზიკურ სამუშაოებთან და  ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ძეგლის სტატუსში  პრობლემას ვერ ხედავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.  პირიქით, ის  სტატუსს  პრივილეგიას უწოდებს.  „საკითხის არასწორი ინტერპრეტაციაა. მოსახლეობას აქვს ინფორმაცია,  თითქოს კანონი მათ რეაბილიტაცის უკრძალავს, რაც სიმართლე არაა. უბრალოდ,  საჭიროა პროექტის მომზადება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის განსაკუთრებული რეჟიმი, მაგრამ არა ამკრძალავი.  იკრძალება უნებართვო მშენებლობები, რა დროსაც შეიძლება შენობის იერ-სახე დამახინჯდეს. თუკი ვინმე მოგვმართავს სამუშაოების ჩატარების სურვილით, ჩვენ ვეხმარებით ნებართვის მიღებაზე. სტატუსიანი შენობა ეს არის პრივილეგია მესაკუთრისთვის, ნაგებობისთვის და ქალაქისთვის“, განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ „ახალ გაზეთთან“ საუბარში.  მისი თქმით, ქუთაისში  მოქალქეებს შეუძლიათ ნაზარიშვილის სახლ–მუზეუმში მდებარე სააგენტოს ფილიალს მიმართონ,  „ან ინტერენეტის მეშვეობით მიაწოონ განცხადებებით და პროქტები“–აღნიშნავს ნიკოლოზ ანთიძე.

ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კულტურის სამინისტროში სპეციალური საბჭოს მიერ  მომზადებული რეკომენდაციის საფუძველზე ხდება, რის შემდეგაც  სტატუსს უშუალოდ მინისტრი ანიჭებს. თუმცა სამინისტროსა და კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული  ხელშეკრულებით, სამინისტრომ გარკვეული უფლებამოსილება საგენტოს გადასცა. რაც შეეხება უშუალოდ სტატუსის მინიჭებას, ეს შენობისა თუ ობიექტის  ისტორიული ღირებულებასთან და მაღალმხატვრულობასთან არის დაკავშირებული. ობიექტი კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მხოლოდ ერთი კრიტემიუმით ვერ მოხვდება. ძეგლი მხოლოდ შენობა არაა, ეს შეიძლება იყოს არქეოლოგიური ობიექტი, ისტორიული მოვლენის ამსახველი ძეგლი, რომელსაც სიძველე და უნიკალურობა გამოარჩევს.

არსებული კანონმდებლობით,  შესაძლოა,  სტატუსის გაუქმებაც. იმ შემთხვევაში თუ სტატუსიანი შენობა დაზიანდა, ისე რომ აღდგენა შეუძლებელია, განადგურდა ან მხატვრული ღირებულება დაკარგა, საბჭო მას სტატუსს მოუხსნის. აღსანიშნავია, რომ ორიოდე წლის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრომ სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გაწეული  ზრუნვა არასათანადოდ  შეაფასა. სამინისტროს განცხადებით, გასულ წლებში 4 075 ობიექტს ძეგლის სტატუსი სათანადო დასაბუთებისა და დასკვნების გარეშე მიენიჭა. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ აღნიშნულთან მიმართებაში წინა წლებში, რიგ ობიექტებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამეცნიერო კრიტერიუმების უგულებელყოფით, მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტურობასთან დაკავშირებული ისტორიული ან კულტურული ღირებულების შეფასების გვერდის ავლით.

 ძეგლთა დაცვის შესახებ 2007 წელის დადგენილებით სტატუსის მქონე შენობების აღრიცხვა–ინვენტარიზაცია 2010 წელს უნდა მომხდარიყო. თუმცა ვადები 2018 წლამდე გადაიწია, რასაც მესამე სექტორის კრიტიკა მოყვა. მათი თქმით, იმ დროისთვის შეიძლება სტატუსმქონე ძეგლების ნახევარი განადგურებული იყოს, რადაგნ შენობების და ობიექტების უნებართვო გასხვიდება და განადგურება ხდება.

ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 217 ობიექტია. ამათგან კერძო საკუთრებაში 172 შენობაა, სახელმწიფოს ბალანზეა 22 ობიექტი, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში ერთად 11 შენობა არის. რაც შეეხება საპქტრიარქო მის ბალანსზე 9 ობიექტია დარჩენილი 3 კი  სათვისტომოებს ეკუთვნის.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა