|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ და რატომ მიდის საქართველოდან?

               "ბრაინ დრეინი" - სიტყვა-სიტყვით „ტვინების  გადინებას“ ნიშნავს  და მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაციას გულისხმობს.

 ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დროს შრომითი მიგრაციის მიზნით, გასული მოქალაქეების  რაოდენობა  გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით,  2014-2015 სასწავლო  წლის დასაწყისისთვის საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად 434 სტუდენტი წავიდა.

"ნიუპრესი" საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს გაესაუბრა. მათი უმეტესობა სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. მიზეზი - მძიმე სოციალური და პოლიტიკური  გარემოა.

XXX

ლევან შვანგირაძემ ბევრი წელია, რაც საქართველო დატოვა. ლევანი წარმატებული  სპორტსმენია. ის ქუთაისში დაიბადა, ქუთაისშივე დაასრულა #13 საჯარო სკოლა. რაგბის სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა (ის ცნობილი რაგბისტის, ვახტანგ შვანგირაძის, ზედმეტსახელად „ბუკუჩის“ შვილია). მამის მსგავსად, ლევანმაც ბევრ წარმატებას მიაღწია. თუმცა, სახელის დამკვიდრებას საზღვრებს გარეთ ცდილობს.  საქართველოს ხუთგზის და შვედეთის ლიგის  ჩემპიონი, ახლა გერმანიის „ბუნდეს“ ლიგაში თამაშობს. მისი ცხოვრება ძალიან აქტიური და დატვირთული გახდა. დილით ვარჯიშობს, საღამოს „სტუდიან კოლეჯში“ სწავლობს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცნობილი და წარმატებული რაგბისტი გახდეს.  სამწუხაროდ, მას საქართველოში დაბრუნება არ სურს.



XXX

 21 წლის ბებური ასათიანი მე-8 კლასიდან მუსიკის შექმნით არის დაინტერესებული. ის დიჯეი და პროდიუსერია. ბებური ყოველთვის  დაინტერესებული იყო მუსიკით,თუ საიდან  მოდიოდა ხმები. როდესაც პირველად მოუსმინა ელექტრომუსიკას, სრულიად სხვა შთაბეჭდილება შეექმნა, ყველა ბგერა  სხვანაირად მოეჩვენა.

„ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა შეგექმნა ასეთი მუსიკა. მუსიკა ინსტრუმენტების გარეშე.  როგორ უნდა მიგეღო ეს ჟღერადობა. დამაინტერესა ამ ხმებმა  და დავიწყე ძიება... მივაგენი ერთ-ერთ პროგრამას, ეს იყო „ფრუტი ლუპს სტუდიო“,  სადაც ცარიელი ფურცლიდან, ჩემი ფანტაზიით დავიწყე მუშაობა და შევქმენი მუსიკა, რომელიც დღეს 50-მდე მაღაზიაში იყიდება. ასე დაიწყო ჩემი პროდიუსერინგობა“- იგონებს ბებური.

საქართველოში ელექტრომუსიკა დიდ პოპულარობით  არ სარგებლობს.  ბებურის სწორედ უპერსპექტივობამ გადააწყვეტინა საზღვარგარეთ წასვლა.

"საქართველოდან წამოვედი იმიტომ, რომ პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი. არ იყო ლოკაცია, დაფინანსება და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავი მეპოვნა ამერიკაში. ახლა ვარ ნიუ-ორკში, სადაც ელექტრომუსიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მუსიკა სერიოზული ბიზნესია“, - აღნიშნა ბებური ასათიანმა.

აშშ-ს სახელმწიფო ხელს უწყობს პროდიუსერების მიზიდვას. ისინი ჩამოსულ    პროდიუსერებს საჩუქრად „მწვანე ბარათს“ აძლევენ და ეხმარებიან დაბინავებაში. ბებური საქართველოში ჩამოსვლას  არ გეგმავს. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ მისი ნამუშევარი  ნომინირებულია ნიუ-იორკში  წლის საუკეთესო ალბომ/ეპ  „Electronauts -2014“. 

XXX

„ნიუპრესი“ ამ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო  ინტელექტუალურ კლუბ თაობათა დიალოგის თავმჯდომარეს, ნუგზარ კოხრეიძეს  გაესაუბრა.

„ეგრეთწოდებული „ტვინების გადინება“ ზოგადად, არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოვლენა. იგივე პროცესები პრაქტიკულად, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა,  ეს პროცესი მტკივნეულია და უარყოფითად  აისახება იმ სივრცეზე, რომელიც იცლება ნიჭიერი ახალგაზრდებისგან. თუმცა, მეორეს მხრივ, პიროვნული განვითარება  არის  მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე არ არის მზად შეინარჩუნოს ეს კატეგორია ადამიანებისა, ვინაიდან ცოტა რესურსი გაააჩნია. ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ახალგაზრდის სრულყოფილ განათლებას, შემდეგ - სრულ რეალიზაციას. მე ბევრი მინახავს, ვინც  უბრალოდ იმიტომ წავიდა, რომ  უნდოდა წასვლა, მაგრამ ვერც იქ იპოვა უკეთესი ცხოვრება, სადაც ელოდა. დაბრუნდებიან თუ არა, ესეც პიროვნული საკითხია და აქ მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება კონკრეტული ადამიანის ბედი. მანამდე კი ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი გარემო ჩამოვაყალიბოთ, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდის დამაგრებას. ამ გარემოში ვგულისხმობ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას, განათლების დონეს, დასაქმების მეტ საშუალებებს და უსაფრთხო გარემოს“, - აღნიშნა კოხრეიძემ.


 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი