„ძარცვა" ქართულად კანონის ფორმით
2008 წლიდან
მიმდინარე წლამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
შეტანილი თანხის ოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ასე მაგალითად, თუ ეს მაჩვენებელი 2008 წელს
10 მილიონ ლარს შეადგენდა, 2009
წელს 19 მლნ. ლარით განისაზღვრა, 2010
წელს - 83 მილიონი ლარით, ხოლო - 2011
წელს ჩარიცხულმა თანხამ 110 მილიონ ლარს
გადააჭარბა. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ მოვალეთა რეესტრში ამ ეტაპზე 61 810 მოქალაქეა შეყვანილი. მოვალეთა რეესტრში
რეგისტრირებულ პირებს შორის რიცხოვნობით იურიდიულ პირებს ფიზიკური პირები ჭარბობენ.
სოსო გოგოშვილი
ერთ-ერთი მათგანია, ვინც კომერციული ბანკებისგან დაზარალებულად ითვლება.
მას ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს.
როგორც თავად ამბობს, სწორედ ბანკების მეშვეობით დაენგრა აწყობილი ბიზნესი
და ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„მე რომ ბიზნესის კეთება დავიწყე, დადებითი საკრედიტო
ისტორია მქონდა. შემოსავალიც გამაჩნდა და ყველა ბანკი მაძლევდა სესხს.
ტელეფონით ვაგვარებდი კრედიტების აღების საკითხს. დავრეკავდი და საბუთებს
მიმზადებდნენ. მე მხოლოდ ხელის მოსაწერად
და წამოსაღებად მივდიოდი. როდესაც აწყობილი საქმე გაქვს და კარგი გადამხდელი
ხარ, ბანკები ყოველი დაფარული კრედიტის შემდეგ გთავაზობენ მრავალნაირ
საკრედიტო პროდუქტს, ბიზნეს სესხით დაწყებული - საკრედიტო ბარათებით დამთავრებული.
მე სუპერმარკეტი მქონდა. 2008 წლის შემდეგ მდგომარეობა გართულდა. ამას დაემატა
მსოფლიო კრიზისი. ხარჯები იგივე დარჩა, თუმცა შემოსავალი შემცირდა. დადებითი
საკრედიტო ისტორია ბანკებმა არ გაითვალისწინეს და ვალის
დაუყოვნებლივ გადახდა მოითხოვეს,
რაც შეუძლებელი იყო. ამ გზით, აწყობილი საქმიდან სოციალურად დაუცველის სტატუსამდე დამიყვანეს ამ „კეთილმა ადამიანებმა",
- ამბობს სოსო გოგოშვილი.
ბანკებისგან
დაზარალებული მოქალაქე აღნიშნავს, რომ მის მსგავსად სხვა მოქალაქეებიც გაკოტრდნენ და საკუთრება
დაკარგეს. თუმცა, როგორც რესპონდენტი ამბობს, სოციალურად დაუცველის სტატუსს
ბანკისათვის ხელი არ შეუშლია, რომ მისი ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოესახლებინა.
ბანკებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების არსებობას გოგოშვილი
ნაწილობრივ მოსახლეობის უყურადღებობასაც
უკავშირებს. მისი თქმით, ქვეყანაში ხალხს იმდენად უჭირს და ფული სჭირდება,
რომ ხელშეკრულებას არ ეცნობა.
„წესით, ხელშეკრულებაში ჩახედვის შემდეგ გონიერ ადამიანს მასზე ხელის მოწერის
სურვილი არ უნდა გაგიჩნდეს. იმიტომ, რომ მასში შენი ინტერესები საერთოდ
არ არის გათვალისწინებული," - ამბობს სოსო გოგოშვილი.
კომერციული
ბანკებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს სოციალურ ქსელ აფსუიწწლ-ზე სპეცილაური გვერდიც აქვთ შექმნილი, სახელწოდებით
- „ბანკი ჩვენი მტერია". აღნიშნული გვერდის შემქმნელები ამბობენ, რომ საქართველო კრედიტების სიძვირით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის კვლევით,
საქართველოში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 24.2%-ია. როგორც
სოსო გოგოშვილი ამბობს, მთელი უძრავი ქონება ბანკების საკუთრებაშია. უფრო
მეტიც, ფინანსურ დაწესებულებებს მოსახლეობისგან იმდენი თანხა აქვთ ამოსაღები,
რომ ამ ეტაპზე სესხებს ნაკლებად გასცემენ.
„სესხი ვისზე უნდა გასცე თუ ბიზნესი მკვდარია. ფულს
მასში ვერ ჩადებ და ვერ განავითარებ. ბანკებს ძალიან დიდი, თითქმის 36%-ზე
მეტი აქვთ დადგენილი. თუ ვინმე იღებს 16%-იან სესხს, მან 3-ჯერ მეტი ქონება
უნდა ჩადოს და 2 000 ლარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. გასულ წლებში სხვაგვარად
იყო. ბანკები აქეთ გეხვეწებოდნენ სესხის აღებას. შესაბამისად, პროცედურებიც გაამარტივეს და ჩაითრიეს
ხალხი. 17 000 ლარამდე სესხს თავდების გარეშე გიმტკიცებდნენ," - ამბობს სოსო გოგოშვილი.
რესპონდენტი
ბანკების მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ რესტრუქტურიზაციის (არსებული
თანხის გარკვეულ წლებზე გადანაწილება) სქემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ:
„თუ
გაქვს 10 000 დოლარი ვალი და უნდა დაფარო 5 წელიწადში ანუ 1 წელიწადში
2 000 დოლარი, (თვეში166 დოლარი), რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში ეს თანხა ნაწილდება 10 წელზე და წელიწადში 1 000 დოლარს იხდი. ხოლო ქართული
ბანკები აკეთებენ შემდეგნაირად: 10 000 დოლარს ანაწილებენ 10 წელზე. ამ თანხას
ამატებენ პროცენტს, მინიმუმ 50%-ს და გეუბნებიან: თუ გინდა თვეში ცოტა გქონდეს გადასახდელი, პროცენტი უნდა მოგიმატოო. შენც რას იზამ,
ამ პირობაზე თანხმდები. თვეში 166 დოლარის ნაცვლად 125 დოლარს იხდი, მაგრამ ჯამში
50% -ით მეტი თანხა გამოდის გადახდილი. ჩვენც ასე გაგვიკეთეს და ვალებში ჩაგვაფლეს," - ამბობს გოგოშვილი.
ბანკებისგან
დაზარალებული მოქალაქის თქმით, მათსა
და ფინანსურ დაწესებულებებს შორის ურთიერთობა 2008 წელს საქართველოში საომარი
მოქმედებების შედეგად წარმოქმნილმა ფორსმაჟორულმა ვითარებამ კიდევ უფრო
გაამწვავა. როგორც გოგოშვილი აღნიშნავს, ბანკებმა ფორსმაჟორი მხოლოდ მმართველ
გუნდთან კავშირში მყოფი ფირმებისთვის აღიარეს და რამდენიმე მილიონი დოლარი ჩამოაწერეს.
ხოლო შეღავათების გარეშე დარჩენილი პირების ქონებას ყადაღა დაადეს და გაყიდეს.
სოსო გოგოშვილის
თქმით, მან და მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანთა ჯგუფმა დაახლოებით 1 თვის
წინ ჩამოაყალიბეს არასამთავრობო ორგანიზაცია - სოციალური განვითარებისა
და პროგრამების ცენტრი, რომელმაც ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობის
ინფორმირება და მათი პრობლემების ადვოკატირება უნდა უზრუნველყოს. როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, ცენტრი შემოწირულობის საფუძველზე ფუნქციონირებს
და ეტაპობრივად იკრებს ძალებს. ორგანიზაციის გაძლიერება-გააქტიურებას იმ კუთხითაც თვლიან
მნიშვნელოვნად, რომ როგორც თავად ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი
პროფილის მქონე დაწესებულება.
„ხალხმა არ იცის,
როგორ იურთიერთოს ამ ადამიანებთან. ჩვენ ველაპარაკებით, ვეხმარებით
მათ და ვუგვარებთ პრობლემებს. 800 000 კაცი ძებნაშია და 70 000 კაცი - მევალეთა
რეესტრშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არანაირი საბანკო ოპერაციის
ჩატარების უფლება არა აქვს. კომუნალურ გადასახადებსაც ვერ გადაიხდის და მუშაობას
რომ დაიწყებს, ხელფასს ვერ მიიღებს. ჩვენ ფონდი გვაქვს, სადაც ფული ირიცხება. თანხას ვკრებთ
ლატარიის პრინციპით. ჩვენ ამას ვაკეთებთ უსასყიდლოდ. თუ ჩაირიცხება
სათანადო თანხა, ჯერ ერთი ბინა გამოიხსნება, მერე - მეორე," - ამბობს სოსო გოგოშვილი.
აღსანიშნავია,
რომ გასულ კვირას, ქობულეთში მოსახლეობის
საკუთრებიდან გამოსახლების სერიების მიზეზი მათ მიერ აღებული კრედიტები გახდა.
საქმე ის არის, რომ გასულ წელს, ტურისტული სეზონის ჩავარდნის მიზეზით, მოსახლეობამ
სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რის გამოც ფინანსურმა დაწესებულებებმა მათი გამოსახლება
და სახლების აუქციონის გზით გასხვისება გადაწყვიტეს.
რამდენად
ადვილია ან პირიქით, რთულია საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკში კრედიტის
აღება, ხშირია თუ არა ბანკებსა და მოქალაქებს
შორის ურთიერთობის გამწვავების შემთხვევები? ამის გარკვევის მიზნით ფინანსურ
დაწესებულებებს დავუკავშირდით. „თიბისი ბანკში" აცხადებენ, რომ დღეისათვის
ბანკის საკრედიტო პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია და პროცედურების
სიმარტივითაც გამოირჩევა.
„მომხმარებელს ვთავაზობთ პრაქტიკულად ყველა ტიპის
სესხს: იპოთეკური, სამომხმარებლო, სტუდენტური სესხი, ბიზნეს-სესხი, ავტოგანვადება,
სწრაფი სესხი, საკრედიტო ბარათები (პრაიმ ქარდი, თიბისი ქარდი, განვადების
ბარათი და სხვა). ანუ ყველა საჭიროებისთვის გვაქვს შესაბამისი საკრედიტო
პროდუქტი. ყველა ამ სესხს თავისი პირობები გააჩნია, რომელიც გამომდინარეობს
თითოეული მათგანის მიზნობრიობიდან, სპეციფიკიდან და რისკიანობიდან. ჩვენი
სესხები არის ძალიან კონკურენტუნარიანი პროცენტის მხრივ. ამ კუთხით ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებები
გვაქვს," - ამბობს „თიბისი ბანკის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი.
როგორც „თიბისი
ბანკის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, მათ დაწესებულებაში
მომხმარებელთა მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევები იშვიათია.
„ძირითადად ეს არის გადახდის გრაფიკის დარღვევა (ვადაგადაცილებები),
რომელიც კლიენტთან ინტენსიური მუშაობით უმეტესწილად გვარდება ხოლმე.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ვერ გვარდება, ასეთი სესხი სამართავად გადაეცემა
პრობლემური სესხების მომსახურე სპეციალურ კომპანიებს," - ამბობს მაია ძირკველიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე