უცნაური უფლებები, რომლებიც ქალებმა უკანასკნელ წლებში მიიღეს
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თანამედროვე სამყაროში ქალებს თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლა უკვე აღარ სჭირდებათ. მათ მიიღეს ყველაფერი, რაც უნდოდათ, ხანდახან კი იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ ქალები კვლავ აგრძელებენ თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლას და მათ გაუჩნდათ ახალ-ახალი პრივილეგიები, თან ისეთ სფეროებში, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციისათვის გაუგებარი და სრულიად აბსურდულია.
ოცი წლის წინ პეკინში გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეოთხე მსოფლიო ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა მთელი მსოფლიოს ქალთა უფლელების და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კონცეფცია. პეკინის დეკლარაციამ შეაკავშირა მსოფლიოს ქვეყნები ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით.
მიღებულ დოკუმენტში სულ 199 პუნქტია, რომელთა შესრულება სავალდებულოა ყველა ქვეყნისათვის. ცხოვრება სულაც არაა იდეალური და სქესობრივი პრინციპით ადამიანების დაყოფა და განსხვავება ჯერ კიდევ არსებობს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ამ ოც წელს უქმად სულაც არ ჩაუვლია. 130-ზე მეტ ქვეყანაში მიღებული იქნა კანონი გენდერული თანასწორობის, ხოლო 120 ქვეყანაში – კანონი სექსუალური ძალადობის შესახებ. იმ ქვეყნების დაახლოებით 80%-ში, სადაც ტრადიციად იყო ქცეული გოგონათა წინადაცვეთა, ეს პროცედურა ოფიციალურად იქნა აკრძალული.
ახლა კი გთავაზობთ იმ უცნაური კანონების ჩამონათვალს, რომლებიც მიღებული იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკანასკნელ წლებში და რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ეხება.
ფრანგ ქალებს ამჟამად უფლება აქვთ იმუშაონ ღამით. 1892 წელს მიღებული კანონი ამ საქმიანობას კრძალავდა და მხოლოდ 2000 წელს გააუქმა საფრანგეთის პარლამენტმა ეს აბსურდული კანონი.
2007 წლიდან კოსტა-რიკელ ქალებს უფლება აქვთ სასამართლოში იჩივლონ სესქსუალური ძალადობის გამო. მოძალადეებს უკვე აღარ შეუძლიათ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით, უბრალოდ დაოჯახებით მოაგვარონ, როგორც ეს უწინ ხდებოდა. ამ კანონის მიღებამდე თუკი მამაკაცი გაუპატიურების შემდეგ გოგონაზე დაქორწინდებოდა, თუნდაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მას ძალადობის გამო პასუხისმგებლობა ეხსნებოდა.
რუანდელ ქალებს ახლა უკვე აქვთ უფლება თავიანთი ქონება მემკვიდრეობით დაუტოვონ მას, ვინც სურთ. 1999 წელს ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობით ქალებს უფლება მიეცათ მემკვიდრეობით მიიღონ ან გადასცენ მიწა, მაგრამ მისი გაყიდვის უფლება მათ მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ მიიღეს.
მალაიზიელ ქალებს ამჟამად უფლება აქვთ უჩივლონ თავიანთ ქმრებს გაუპატიურების გამო. რაღა თქმა უნდა, სექსი-ოჯახური თანაცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ურთიერთშეთანხმების გარეშე. ამჟამად ქორწინების დროს გაუპატიურება სამართალდარღვევად ითვლება სერბიაში, ჩერნოგორიაში და თქვენ წარმოიდგინეთ, პაპუა-ახალ გვინეაშიც კი. აი, ინდოეთში კი პარლამენტმა ამ კანონის დამტკიცებაზე უარი განაცხადა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი