|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მემატიანე მეწაღის სამოსელში

 რედაქციაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხოურის სკოლის დირექტორი გოჩა ძნელაძე მოვიდა.  მან ქუთაისელ, ხანდაზმულ მეწაღეზე საინტერესო ისტორიები გვიამბო.  როგორც გაირკვა,  მისი გმირი საკუთარ ისტორიებთან ერთად ქალაქის მატიანესაც ინახავს.

80 წელს მიტანებული ვანო გიორგაძე ქუთაისში „მწვანე ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პატარა ჯიხურში საქმიანობს. ჯიხური სხვადასხვა ზომის, ფერისა და მარკის ფეხსაცმელებით არის სავსე.  ასაკის მიუხედავად ვანო პაპას ნივთების მეპატრონეები ერთმანეთში არასოდეს ერევა, წლების წინ დატოვებული ფეხსაცმლის პატრონსაც კი ცნობს.

1937 წელს დაიბადა. ათ დედმამიშვილს შორის (7 ძმა და 3 და) ვანო მეშვიდე იყო. ჯერ კიდევ პატარამ მამა დაკარგა, საბრძოლო მასალებით დატვირთული მანქანის მსხვერპლი გახდა. დედა კი ქმრის ტრაგიკულ დაღუპვას ვერ შეეჩვია და სიცოცხლე მოისწრაფა. ობლები ჯერ ქუთაისის ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში, შემდეგ კი ბროწეულას პანსიონატში აღმოჩნდნენ. თავშესაფარში გატარებულ დროს თბილად იგონებს, როგორც ამბობს, 1949 წელს რიონის სადგურში პროლეტარიატის ბელადს, იოსებ სტალინს შეხვდა. ბელადმა თურმე მის შესახვედრად შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა, რამდენიმე ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და დააიმედა: „ნუ გეშინიათ, შვილებო, კარგი ცხოვრება გელით“. როგორც მისი თაობის ბევრ წარმომადგენელს, ბელადის მისამართით განსაკუთრებული სიყვარული აქვს,  ამიტომაც მისი ფოტო ჯიხურში დღემდე საპატიო ადგილს იჭერს.

ფეხსაცმელებთან ერთად ვანო გიორგაძე ჯიხურში საინტერესო ისტორიებსაც ინახავს. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული დღემდე მის თვალწინ იშლებოდა და იფურცლებოდა ქუთაისის მატიანე. ახსოვს, როგორ ჩამოყალიბდა ინდუსტრიულ ქალაქად. იცნობდა ბევრ საინტერესო და ცნობილ პიროვნებას. როგორც თავად იხსენებს, მეწაღეობით ბოლო პერიოდში დაინტერესდა. მეწაღე ჟორა ხაჟალიამ ურჩია,  ეს პროფესია შეეთავსებინა, რისთვისაც დღემდე მისი მადლობელია.

 ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში მუშაობა მისთვის ყველაზე ლამაზი მოგონება არის. როგორც აღნიშნავს, თეატრში იპოვა თავისი მოწოდება და ჭეშმარიტი ადგილი. სცენის დეკორატორს სუფლიორობაც ხშირად უხდებოდა, ამიტომაც  მაშინდელი რეპერტუარი თითქმის ზეპირად იცის. კარგად მღერის და უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. თეატრთან პირველი ურთიერთობა სახალისო და სამახსოვრო აღმოჩნდა. ბავშვთა სახლის აღსაზრდელი თეატრში იპარებოდა ხოლმე. ერთხელაც დაცვის თანამშრომელმა დაიჭირა და თეატრის მაშინდელ ხელმძღვანელს ლადო ანთაძეს მიუყვანა. თეატრის ხელმძღვანელს გაჰკვირვებია და დაცვის თანამშრომელს გაჯავრებია: „ბავშვს თეატრი უყვარს და შენ გარეთ როგორ აგდებო?! –ამის შემდეგ კი თეატრის პირველ რიგში საკუთარი ადგილი ჰქონდა.

ვანო გიორგაძე კარგად იცნობდა იმჟამინდელი დასის წევრებს. ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა  კომიკოს, იპოლიტე ხვიჩიასთან. მის ნაცნონ–მეგობრებს შორის იყვნენ: იურა ზადალიშვილი, აკაკი ვასაძე, გიორგი შავგულიძე, თიკო ღვინიანიძე, სხვა  სახელოვანი პიროვნებები. ამავდროულად თანამშრომლობდა თოჯინების თეატრთან. ერთხელაც ხეში  გამოკვეთილი ქალღმერთის ფიგურის გამო, რომელიც იტალიის დელეგაციას გადასცა,  უშიშროების ყურადღება მიიპყრო.  გასაჭირიდან კი  დელეგაციის ერთ–ერთი წევრის მიერ ბელადთან გადაღებულმა ფოტომ იხსნა, რამაც კგბ–ს თანამშრომლებს ჩანაფიქრი ჩაუშალა.

 განსაკუთრებული სიყვარულით ქართული პოეზიის მეფესთან, გალაკტიონ ტაბიძესთან ნაცნობობას  იხსენებს. როგორც გვიამბობს, მისი უფროსი ძმა, დავით გიორგაძე გალაკტიონის ახლო მეგობარი ყოფილა, რომელსაც  ერთ–ერთი შემთხვევის შემდეგ პოეტი  გახუმრებია, „გალაკტიონი მე კი არა, შენ ყოფილხარო“.  „ჩემი უფროსი ძმა დავითი, რომელიც იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, გალაკტიონის ახლო მეგობარი იყო, იხსენებს ვანო გიორგაძე. რუსთაველზე, ეკლესიის მახლობლად მუშაობდა ფოტოგრაფი მხეიძე, რომელთანაც თავს იყრიდნენ მწერლები, პოეტები, მხატვრები. მათ შეკრებებს ზოგჯერ გალაკტიონიც ესწრებოდა, რაც იქ მყოფთათვის ნამდვილი დღესასწაული იყო. ერთხელ  გალაკტიონი არყითა და ძეხვით მისულა მხეიძის ატელიეში და გულისტკივილით უთქვამს, პური ვერ ვიშოვეო.  ეს ამბავი ომის წინა წლებში მომხდარა. დავითი წასულა და პური მოუტანია. მაშინ უთქვამს გალაკტიონს, ძმაო, გალაკტიონი მე კი არა, შენ ყოფილხარო“-, ამ ამბავს ვანო გიორგაძე განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს.

დავითი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია. 80 წლებში ავადმყოფობამ მეტყველება წაართვა, ამიტომაც გერმანელ სტუმრებს, რომლებიც გალაკტიონზე ინფორმაციებს აგროვებდნენ პოეტსა და მასთან მეგობრობის ისტორია ვერ უამბო.

ვანო გიორგაძე დღეს ორი შვილის მამა და ორი შვილიშვილის ბაბუა. ცდილობს საკუთარი შრომით გაიტანოს თავი და ოჯახსაც დაეხმაროს.  ვერც წარმოუდგენია უსაქმოდ ყოფნა, თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე საქმეს ჩვეული მონდომებით აკეთებს და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს იხსენებს. ზოგს სხვებს უამბობს, ზოგსაც კი გულში, თავისთვის  ინახავს.


 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი