|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

98 წლის ვეტერანის გეგმები და მოგონებები

წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70 წელი აღინიშნება.  ქუთაისში სამამულო ომის  47 მონაწილე  ცხოვრობს. თითოეული მათგანი საკუთარ  ისტორიას ინახავს.  ომის მოგონებებსა და მომავლის გეგმებზე საუბრობს 98 წლის ვეტერანი ქალბატონი თამარ ჯალაღანია, რომელსაც „ნიუპრესი“ სახლში ეწვია.

თამარ ჯალაღანია 1917 წელს ქუთაისში დაიბადა. ასაკის გამო სამამულო ომში გაიწვიეს, როგორც თავად ამბობს შიშის გრძობა არასდროს  ჰქონია და ამიტომაცაა  დღეგრძელი. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ  1941 წლის  აპრილში ქალაქკომიდან გამოიძახეს.  "როდესაც დარბაზში შევედი, 300-მდე  ქალი იყო შეგროვებული, რომლებსაც უკანა სკამები ჰქონდათ დაკავებული,  მომიწია წინ დაჯდომა. ქალაქკომის მდივანმა, განგვიცხადა, რომ წინა ფლანგზე მებრძოლი მამაკაცების ზურგი უნდა გაგვემაგრებია.  სიჩუმე რამდენიმე წუთით გაგრძელდა. ქალაქკომის მდივანს ლამის ცრემლები წამოუვიდა, რადგან მსურველები არ ჩანდნენ. თამამად ავდექი, მივედი  მაგიდასთან და ბლანკის შევსება დავიწყე. შემდეგ აქა-იქ წამოდგნენ ქალები და ჩემს უკან რიგი დადგა",- იხსენებს თამარი.

როგორც ჩვენი რესპოდენტი გვიყვება, ის ბათუმის ფლოტში გაამწესეს.  ერთი თვე პრაქტიკას  გადიოდა. შეისწავლა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

"ტანადობით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ყველაზე მოხერხებული და თამამი ვიყავი, ამიტომ პირველ ნომრად ვიბრძოდი ტყვიამფრქვევის მსროლელად. სამ წელიწადნახევარი გავატარე ომში, ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ერთი ქალი დაიღუპა. დანარჩენები მშვიდობიანად დავბრუნდით შინ. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს ბევრჯერ  გადავურჩი, ჩემს ცხოვრებაში ერთხელაც არ მქონია შიშის გრძნობა", -გვიყვება თამარ ჯალაღანია. ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი იყო, რომ  არ დაბომბილიყო  ბათუმი.  "24 წლის ვიყავი, როდესაც  ბათუმის ფლოტს ვიცავდი, მხოლოდ ერთი დანაკარგით დავბრუნდით უკან. მეამაყება, რომ  ამ  ომის მონაწილე ვარ. ჩემი მეუღლეც იქ გავიცანი. დაბრუნებისას შევქმენით ოჯახი. როდესაც მითხრეს,  ჟურნალისტს სურს შენთან საუბარიო,  მთელ ჩემს ცხოვრებას გადავავლე თვალი. დატრაბახებით  ვიტყვი, რომ ღირდა ცხოვრება, კიდევ  ორი წელი უნდა ვიცოცხლო. 100 წელს რომ შევასრულებ,  ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან,"-აღნიშნა ვეტერანმა.

მიუხედავად ასაკისა, 98 წლის ვეტერანი არაფერს უჩივის და ცხოვრებით ბედნიერია.  როგორც ამბობს, ბოლო პერიოდში მისი ისტორიით ბევრი ადამიანი ინტერესდება და მნახველთა რაოდენობამაც იმატა, რაც ძალიან ახარებს.

9 მაისი ტრადიცილუად წელსაც აღინიშნება ქუთაისში. ომის დასრულებიდან 70 წლის აღსანიშნავად ადგილობრივი ხელისუფლება ვეტერანებს საზეიმო მიღებას მოუწყობს და ფულად საჩუქრებს გადასცემს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი