|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანსამბლ „მამულის“ მოცეკვავეებმა უცხოელები ქართველი ერის სიძლიერეში დაარწმუნეს


არაერთი სტატია დაიწერა პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში არსებულ ანსამბლ „მამულის“ შესახებ. ქართველი მკითხველისთვის იგი უკვე ცნობილია. 10 მაისს ანსამბლი  ფართო პუბლიკის წინაშე წარდგა. კონცერტი  ქალაქ ფილადელფიაში ჩაატარეს. დარბაზში უამრავი ქართველი და უცხოელი მაყურებელი იმყოფებოდა. კიდევ ერთხელ იფეთქა ქართულმა სისხლმა ძარღვებში და გააღვივა ქართული სული. ანსამბლის მოცეკვავეები ემიგრანტი ბავშვებიარიან. მათი უმრავლესობა ამერიკაში დაიბადა, თუმცა ღრმად არის ნაზიარები ქართულ ტრადიციებსა და კულტურას. როგორც ანსამბლის ქორეოგრაფმა, ბატონმა ავთანდილ ყურაშვილმა აღნიშნა, ქართული ცეკვა არ არის მხოლოდ სცენაზე მოძრაობის მანერა, მასში კარგად ჩანს საქართველოს თითოეული კუთხის ადათი და ხასიათი.



 პედაგოგმა სწორედ რომ პროფესიულად შეძლო, დიდი შრომის ფასად,  ამ ხასიათისა თუ კულტურის წარმოჩენა უცხოელი მაყურებლის წინაშე, რასაც ადასტურებს მათგან აღებული მოკლე ინტერვიუები.

ჯეფ კენტი: „წლებია არ მინახავს ასეთი ცეკვა. მან თითქოს ემოციები გამიღვივა და თავადაც ამაცეკვა. მე დავინახე საოცრად შემართული და მტკიცე ხასიათის  ბიჭები, რომლებიც რაღაც მომენტში თითქოს არწივებად გადაიქცნენ. მანდილოსნების გამოჩენისას ისინი მოკრძალებულად მიაცილებდნენ მათ. კარგად ჩანდა მამაკაცის სათუთი ურთიერთობა ქალისადმი. ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ქალის სინაზემ, ხელის  საოცარმა მოძრაობამ. საქართველოს შესახებ 2008 წელს გავიგე. მაშინ მე და ჩემი მეუღლე ფლორიდაში ვისვენებდით და გვიკვირდა, ასეთი პატარა ერი როგორ უმკლავდებოდით რუსეთს. დღევანდელმა ცეკვამ უფრო და უფრო დამარწმუნა, რომ თქვენ გენში გაქვთ ეს ძალა!“

აღფრთოვანება ვერ დამალა ვერც ბატონმა Pugliese-მ: „მე წარმოშობით იტალიელი ვარ. ჩემი მშობლები ემიგრანტები იყვნენ. 13 წლის ვიყავი, როცა ნიუ-იორკში მოგვიწია ცხოვრება. დღეს ქალების ცეკვამ იტალიელი გოგონები გამახსენა, თუმცა, ალბათ, ისინი ასე ვერ იცეკვებენ. მე არ ვიცი, რა ჰქვია ამ ცეკვას, მაგრამ მე მას გედების ცეკვას დავარქმევდი. ისინი საოცრად ლამაზები იყვნენ და თითქოს ტბაში ნაზად ცურავდნენ, როგორც თეთრი გედები. სხვათაშორის, ერთ-ერთი გოგონა იტალიაში დატოვებულ შეყვარებულს მივამსგავსე. საოცრად ლამაზი ქალები გყავთ ქართველებს. ანსამბლ „მამულს“ წარმატებებს ვუსურვებ.“

საოცრად დამამახსოვრა თავი რუსმა ებრაელმა მაყურებელმა - ქალბატონმა მარიანა მიროშნიჩენკომ.

„მე დედით ებრაელი ვარ და კარგად მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, დედამ თბილისში წამიყვანა თავის მეგობართან, რომელსაც ორსართულიანი სახლი ჰქონდა,  ხის მიხვეულ-მოხვეული კიბით. დღემდე ჩარჩა ჩემს მხსიერებაში ქართველების გულთბილი მასპინძლობაც.

არ ვიცოდი, თუ ასეთი ანსამბლი არსებობდა ფილადელფიაში. მე, როგორც მაყურებელი, თუ სადმე წავაწყდები ინფორმაციას ანსამბლ „მამულის“ კონცერტის შესახებ, მზად ვარ ყველა საქმე გადავდო და მათი არცერთი კონცერტი არ გამოვტოვო, რადგან საოცრად დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა ამ ბავშვებისგან. განსაკუთრებით გული ამიჩუყდა, როდესაც პატარები დავინახე სცენაზე. ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ ქართველები. დედა ბევრს მესაუბრებოდა საქართველოს შესახებ. გისურვებთ ბედნიერ მომავალს.“

პ.ს. ანსამბლ „მამულის“ მიერ ჩატარებულმა კონცერტმა ჩემი პატარა საქართველო გამახსენა. დარბაზში მეუფე საბაც შევნიშნე, რომელიც ბედნიერი სახით შესცქეროდა ჩვენს მომავალს...  მომავალს, რომელიც ქართულად იზრდება. ანსამბლი „მამული“ ერთი დიდი ქართული ოჯახია, რომელიც ამერიკაში ქართველებს აერთიანებს;  თბილი ოჯახი, რომლის კარებიც მუდამ ღიაა, ვისაც საქართველო ენატრება და ვისაც ოჯახის სითბო აკლია.   

ავტორი: ლელა ვაშაკიძე