|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ერთით ნაკლები დეპუტატი ეყოლება

ქუთაისის საკრებულოში, საკანონმდებლო ორგანოდან გამოკლებული დეპუტატის ადგილი აღარ შეისვება. ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ქუთაისის მერად გადანაცვლებულმა ბესიკ ბრეგაძემ დატოვა. შესაბამისად, ქუთაისში, საფიჩხიის საარჩევნო ოლქი მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე რჩება.

ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ  საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილის შევსება აღარ მოხდება. რადგან, „ეს მანდატი მას არჩევნების გზით  გადაეცა. ამიტომაც, შეუძლებელია სხვა იქნეს დანიშნული კონკრეტული უბნის მაჟორიტარ დეპუტატად. ეს მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.  ამ უკანასკნელის ჩატარების უფლებას კი,  ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო კოდექსი არ იძლევა. შესაბამისად, „საფიჩხიის“ უბანი დეპუტატის გარეშე რჩება“, – განმარტავს ვანო ჟორჟოლიანი.

„საფიჩხიის“ საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ბრეგაძემ საკრებულოში საკუთარი მანდატი მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დატოვა. მას შემდეგ რაც საკრებულომ ის ქალაქის მერის პოსტზე დაამტკიცა.

ქალაქის ამჟამინდელმა მერმა საკრებულოში  „საფიჩხიის“ მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი, „ნაციონალების“ კვოტით 2010 წელის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო. 25 წევრიან საკრებულოში, ბესიკ ბრეგაძესთან ერთად, კიდევ 9 მაჟორიტარი დეპუტატი იქნა არჩეული. ხოლო 15–მა დეპუტატმა მანდატი პროპორციული სიით მიიღო.

ამჯერად კი ბესიკ ბრეგაძის  გარდა, საკრებულოს შესაძლოა კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდეს. გიორგი სიხარულიძემ, რომელიც საკრებულოში პროპორციული სიით შევიდა, ზეპირი საჯარო განცხადებით დეპუტატობაზე უარი ჯერ კიდევ 28 სექტემბერს თქვა. სიხარულიძემ, რომელიც ამავდროულად,  მესხიშვილის თეატრის მმართველია, საკრებულოდან წამოსვლის გადაწყვეტილება თეატრში განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო. როდესაც 27 სექტემბერს, თეატრში სეზონის გახსნა („ბამბაზიის სამოთხე“) ჩაიშალა. თეატრის მსახიობების განცხადებით, ხელისუფლებამ განზრახ ჩაშალა სპექტაკლი, რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლზე დასის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მიმართვები უნდა გაკეთებულიყო.

თუმცა, ირკვევა, რომ სიხარულიძეს ზეპირი განცხადებისათვის მსვლელობა ამ დრომდე არ მიუცია. „სიხარულიძეს ჯერ არ მოუმართავს ოფიციალური განცხადებით. შესაბამისად, ის ამ დროდმე საკრებულოს წევრად რჩება“, – ამბობს ჟორჟოლიანი.

ანალოგიურად განმარტავენ, ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. სწორედ საოლქო კომიასაში უნდა წარედგინა თავდაპირველად განცხადება გიორგი სიხარულიძეს საკრებულოს დეპუტატის მანდატის გაუქმების მოთხოვნით.

„ჩვენთვის სიხარულიძეს ამდრომდე არ მოუმართავს საკრებულოს დატოვების განცხადებით. ხოლო, რიგითობის მიხედვით ვის ერგება საკრებულოს დეპუტატის მანდატი,  ამას ვერ გეტყვით. რადგან ჯერ ვინც წასასვლელია ის არ წასულა“, – განმარტავს ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

თავად სიხარულიძე აცხადებს, რომ  ამდრომდე გაურკვეველ მდგომარეობაშია. „ჯერ არ ვიცი რას გავაკეთებ და გადავწყვეტ,“– აღნიშნა newpress.ge–თან სატელეფონო საუბარში გიორგი სიხარულიძემ. მას არც ის დაუკონკრეტებია, თუ  ვისზე ან რაზე არის დამოკიდებული  საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.  

„მან თავისი განცხადება აფექტის მდგომარეობაში გააკეთა. ამიტომაც არც ჩვენ შევხმიანებივართ.  რადგან გვინდა, ის საკრებულოში იყოს, როგორც ერთი  ნათელი წერტილი“, – ამბობს საკრებულოს აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი.

საკრებულოდან გიორგი სიხარულიძის წასვლის შემთხვევაში, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილი პროპორციული სიის მიხედვით, დეპუტატის მანდატი რიგითობის მიხედვით , პროფესიით ინჟინერ–ტექნოლოგს – ოლეგ კაკურიას ეკუთვნის.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა