|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცხოვრება მუყაოს კედლებში


ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში, ყოფილი სასადილოს ამორტიზებულ შენობაში 7 დევნილი და 2 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.  როგორც მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, დანგრეული შენობა მუყაოს კედლებით გაამაგრეს, თუმცა არსებობს  ჩამონგრევის საფრთხე. შეჭირვებულები დახმარების თხოვნით ადგილობრივ  თვითმართველობას მიმართავენ.            

 

სოციალურად დაუცველი  თეონა კლდიაშვილი სამი წელია, რაც  ორი შვილს  ერთ ოთახში მარტო ზრდის, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ არის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს დახმარება სჭირდება, როგორც თავად ამბობს, ცხოვრება დღითიდღე ტანჯვად ექცა.

"საშინელ პირობებში მიწევს შვილების გაზრდა. არ მაქვს ელექტროენერგია, ბავშვებს ნახევრად ცივ წყალში ვაბანავებ. უსახლკარობის გამო სამი წელია, რაც ამ შენობაში გადმოვსახლდი.   ჩემი ხელით ამოვავსე ღრმულები. თუმცა, სიცივე მაინც შემოდის. ცხოვრება ნესტში, სიცივესა და ქაოსში გვიწევს, ხშირად გვაწვიმს. ოთახის ქვემოთ არის სარდაფი, რომელიც წყლით არის სავსე. ზამთარ-ზაფხულ პრობლემები არ გველევა. ზამთარში წვიმა და სიცივე არ გვასვენებს, ზაფხულში - ქვეწარმავლები.  არანაირ დახმარებას არ ვღებულობ, ჩემი შრომით ვარჩენ ორ შვილს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მარტო მყავს მიტოვებული, "- გვიყვება თეონა.

ანალოგიური პრობლემით  არის დარეჯან უთმელიძის ოჯახი. როგორც დარეჯანი ჩვენთან საუბრაში განმარტავს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაგროვილმა ვალებმა, ბინის გარეშე დატოვა. სულ რამდენიმე თვეა, რაც თავი აღნიშნულ შენობას შეაფარა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, აქ ცხოვრება გაუსაძლისია. დარეჯანს მეუღლე ფსიქიატრიული პრობლემით ჰყავს დაავადებული, რომელიც მუდმივად მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ასევე, ჯამნმრთელობის პრობლემა აქვს მის მცირეწლოვან ბავშვსაც.

"რამდენჯერმე თხოვნით მივმართე ქალაქის მერს, გამოეყო საცხოვრებელი ფართი. თუმცა,  ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო უარი მითხრეს. გარდა იმისა, რომ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, არსებობს საფრთხე, რომ აქედანაც გაგავაძევონ.

შენობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მერიის ბალანსზეა. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაზე აუქციონი გამოცხადდა, რაც დამატებით პრობლემებს გვიქმნის. ყოველი დღის გათენების გვეშინია.  ვაი და, ერთ დღეს ქუჩაში აღმოვჩნდეთ," - გვიამბობს სოციალურად დაუცველი დარეჯან უთმელიძე.

ადგილობრივი მცხოვრებლების მთავარი მოთხოვნაა ქალაქის მერი მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნოს.

"ჩვენ ძალიან ბევრჯერ მივმართეთ ქალაქის მერს და ავუხსენით ჩვენი გაჭირვება, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. თუ ჩვენი სიტყვის არ სჯერა, მოვიდეს  და საკუთარი თვალით ნახოს, რა მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება,"- აღნიშნა უთმელიძემ.

შენობაში დევნილებიც ცხოვრობენ, თუმცა მათ აღნიშნულ პრობლემებზე ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. რამდენიმე ოჯახმა კარი უსიტყვოდ მიიხურა. რამდენიმემ კი აღნიშნა,  ეზოში არსებული ანტისანიტარია აწუხებს.

"ეზოში, სრული ანტისანიტარიაა. ნაგვის ურნების აქ შემოტანის გამო, გაჩნდა ვირთხები, ქვეწარმავლები და მწერები. რაც მთავარია, აქ თამაშობენ ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადდებიან აღნიშნულის გამო,"- განაცხადა ლტოლვილმა ნონა ხვადაგიანმა.    

ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ოჯახს დავეკითხეთ. მათი თქმით, ეზოს ნაწილი გასხვისებულია, თუმცა მეპატრონე ჯერ-ჯერობით უცნობია.

"ეზოს ბოლოს პატარა მაღაზია მაქვს. მოვიდა ვიღაც პიროვნება და მითხრა, რომ ვიდრე მშენებლობას დაიწყებდა, შემეძლო მუშაობა. მშენებლობის დაწყების შემდეგ მაღაზია უნდა დავხურო",- გვითხრა ნონა გამსახურდიამ.

მეზობლები მშენებლობის  დაწყების გამო მწვანე საფარის განადგურებაზეც საუბრობენ.

"ნიუპრესი" ამ პრობლემებთან დაკავშირებით საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსს ვლადიმერ ნაკაშიძეს გაესაუბრა,მისი   განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არ არის მერიის დაქვემდებარებაში.

"აღნიშნული ფართი არ არის მერიის ბალანსზე. შესაბამისად, ინფორმაციას ობიექტის  გასხვისების თაობაზე არ ვფლობთ. რაც შეეხება დახმარებას, ეს ადამიანები არ არიან რეგისტრირებულნი,  რის გამოც  ფართებით მათ უზრუნველყოფას ვერ ვახერხებთ, "- განმარტა ნაკაშიძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი