|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალგაზრდობას დავთმობდი წლებად, მაგ შენი ციდა ღიმილის ფასად“

პაპუნა რევიშვილი ქუთაიში გამართული ლიტერატურული საღამოების ხშირი მონაწილეა. იგი ამავდროულად „კინო-პოეზიის“  პოეტთა ჯგუფის წევრია. მის შემოქმედების გაცნობა სოციალური ქსელითაცაა შესაძლებელი.

პაპუნა თვლის, რომ დედამიწაზე საკუთარი სამყარო აქვს, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც გააცნობს. ახალგაზრდა პოეტი „ნიუპრესის“ სტუმარია.


-   პაპუნა,  ქუთაისში, გარკვეულ წრეებში
 საკმაოდ კარგად გიცნობენ, მიუხედავად ამისა, წარმოგვიდგინე 
საკუთარი თავი.

-   მე არავისგან არაფრით გამორჩეული, ხუთთეთრიანივით უბრალო ადამიანი ვარ.  ვსწავლობ წერეთლის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობით. მიყვარს  სექტემბრის  ქარიანი დილა და ვერ ვიტან უსაქმურ ახალგაზრდებს.

-    პოეზია რას ნიშნავს შენთვის?

-   პოეზია ჩემთვის სამყაროა, სიცოცხლეა, ყოველი გულისცემაა. მე ლექსებით დავიბადე და ლექსების სამყაროში ვცხოვრობ.  ძალიან სასიამოვნოა, როცა დედამიწაზე შენი სამყარო გაქვს, განმარტოებაც უფრო ადვილად შეგიძლია, მერე, სხვა პლანეტაზე დედამიწიდან გაუსვლელად.   ერთი სიტყვით, პოეზია ჩემთვის ყველაფერია, თუმცა ჯერ მე ვარ არაფერი პოეზიისთვის. წინ დიდი გზა მაქვს, ჩვენი „გრძნობები ორმხრივი რომ გახდეს“.

-    რაზე წერ, რა თემატიკა სჭარბობს შენს შემოქმედებაში?

-   ვწერ იმაზე, რაც  ჩემს სამყაროს უნდა, რომ დავწერო. როცა ვწერ, ვერ ვაანალიზებ შინაარს,  დასრულების შემდეგ ვარკვევ, თუ რა დამეწერა, რამდენად ვარგა პუბლიკის წინაშე წარსადგენად, რა შეცდომები მაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ფიქრი მჭირდება, სანამ თემატიკას შევარჩევ. ამ დროს, რაღაც მტკივა და ვეძებ ყველაზე უფრო ოპტიმალურ გზას ლექსში ტკივილის გადმოსასულიერებლად.

-   ქალი ავტორების შესახებ რა შეგიძლია გვითხრა, როგორია პოეზია გენდერულ ჭრილში?

-   მეტი მუშაობა ჭირდება არა მარტო ქალ ავტორებს, არამედ ახალგაზრდობას და მათ შორის, მეც. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვაღიარებთ წიგნის საჭიროებას და არავინ მივდივართ მის წასაკითხად. მეტიჩრებმა არ თქვან, არ არის ასეო, საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და მივხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. წიგნს, ამავდროულად, მარტო წაკითხვა კი არა, დაჯერებაც უნდა.  რაც შეეხება ქალებს, ბოლო დროს შედარებით გააქტიურდნენ და მისასალმებელია, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ  გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი კითხვა, რათა პოეზიაშიც მეტი წინგადადგმული ნაბიჯი გვქოდეს.

-    რისი თქმა სურთ ახალგაზრდა პოეტებს?

-    გენიალური რომ შექმნა, რაღაც უნდა იცოდე, როგორც წეღან აღვნიშნე. მე კი ცოდნას ერთეულებში ვხედავ, ხოლო იმ ერთეულებს  ქართველი ხალხიც და კრიტიკოსებიც ერთხმად აღიარებენ.  ჩემი აზრით, ახალგაზრდა პოეტები  ვერაფერს ამბობენ იმაზე მეტს, ვიდრე უკვე დაწერილია, ჩემს თავსაც აქ ვგულისხმობ.

-     ქუთასში რამდენად აქტიური ახალგაზრდობა გვყავს?

-    ქუთაისში ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ -ზარმაცი. ისე გამომდის, რომ ყველაფერში უარყოფითს ვხედავ, მაგრამ არა,  რაც არის, იმას ვამბობ... ერთს ვიტყვი , რომ ქუთაისს აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ თვითონ ქუთაისი ისეთი პატარაა,  ფრთებსაც კი ვერ შლის ადამიანი და კი არის ფრთამოტეხილივით.  აქტიურები არიან, მაგრამ უფრო მეტი შეუძლიათ, რადგან წარმატების მიღწევისათვის არ კმარა, უბრალოდ კარგი იყო.

-     პაპუნა და სიყვარული.

-    ახალგაზრდობას დავთმობდი წლებად, მაგ შენი ციდა ღიმილის ფასად“. -ეს ისე, უბრალოდ - უფრო  პაპუნა და მარტოობა. სიყვარული  ჰორიზონტივითაა ჩემთვის. რაც უფრო მივდივარ მისკენ, მით უფრო მშორდება. ამიტომ გადავწყვიტე ნაპირიდან ვუყურო. ზოგჯერ, როცა ადამიანი ცხოვრებას აკავშირებ ვინმესთან, ან რამესთან და უცებ ეს რაღაც საპნის ბუშტივით სკდება, გრძნობა ჩება თითქოს ცხოვრების მატარებელიდან ვაგონივით გხსნიან და გაქვს მოლოდინით, რომ გამოჩნდება სხვა მემანქანე და ფუნქციას შეგძენს.

-      როგორი წარმოგიდგენია შენი თავი წლების მერე,როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-     ჩემი თავი წლების მერე გათეთრდება, ხოლო პიროვნება, იმედია,  დაბრძენდება და ისეთი ადამიანი იქნება, ვინც ჭკუას 25 წლის ახალგაზრდას თუ არა, 7 წლის ბავშვს მაინც დაარიგებს. ეს შორეული მომავალი, ხოლო ახლო პერსპექტივაში, ვფიქრობ  წარმატებული გავხდები  იმ პროფესიაში, რასაც ახლა ვსწავლობ.



 

ავტორი: ანა ჯიქია