„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი" VS საკრებულოს დეპუტატი
„ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში“ „კონკიას“ ჩვენება დედინაცვლის და გერის ამბავს არა, თუმცა „ბრძოლის ველს“ ნამდვილად დაემსგავსა. პრობლემამ საკანონმდებლო დონემდეც მიაღწია და სამინისტროს ჩართვის აუცილებლობის საკითხიც დადგა.
„ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში“
ფილმის სანახავად მისული მე–7 სკოლის 170 ბავშვი ქუჩაში დაარჩა, რის მიზეზადაც ცენტრის ადმინისტრაცია დეპუტატ ტოროშელიძის გადაწყვეტილებას
ასახელებს, სკოლის ადმინისტრაცია კი კინოთეატრის
ხარვეზებს. ახალგაზრდული ცენტის დირექტორის,
ნატალი პატარიძის განცხადებით, მეშვიდე სკოლის
სასწავლო ნაწილის ხელმღვანელმა, ფილმის
შეწყვეტა გურამ ტოროშელიძის ბრძანების საფუძველზე
მოითხოვა.
„ფილმის ჩვენების დროს მოვიდა
აღშფოთებული სასწავლო ნაწილის გამგე და გვითხრა, რომ ჩვენება უნდა
შეგვეწყვიტა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ჩავიწერეთ მისი საუბარი, სადაც ის რეალურ მიზეზებზე
საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ საკრებულოს დეპუტატი
გურამ ტოროშელიძე პერმანენტულად რეკავდა სკოლაში და სეანსის ჩაშლას ითხოვდა. იძულებით
შეგვაწყვეტინა ჩვენება და 170 ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მე არ ვიცი, ოფიციალურად რა განცხადებას
აკეთებს სკოლის დირექტორი, მაგრამ ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, თითქოს ბავშვების ასე
ორგანიზებულად გაყვანა არ შეიძლებოდა. მაგრამ ეს არ მომხდარა გაკვეთილების გაცდენის
ხარჯზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ სკოლებთან, მიგვაქვს მათთან პროგრამა და ბავშვები თავად
ირჩევენ ფილმს. ამ შემთხვევაშის ასე იყო. ბავშვებმა „კონკია“ აირჩიეს. მესმის, რომ საჯარო სტრუქტურას აქვს გარკვეული ჩარჩო
და ამ ჩარჩომ განაპირობა ის, რომ დღეს ურთიერთგამომრიცხავი განცხდებები კეთდება,“–განაცხადა
პატარიძემ, რომელიც ამავდროულად პარტიული ნიშნით ბრძოლაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ
ყოფილი საჯარო მოხელეობა სტიგმა არ უნდა იყოს.
„საგულისხმოა ის განცხადებები, რაც საკრებულოს სხდომაზე გაკეთდა, ტოროშელიძე
ითხოვდა, საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ
ჩვენი საქმიანობით, ვიხდით თუ არა გადასახადებს. ეს ხომ არაა მუქარა და მინიშნება შესაბამის სტრუქტურებზე,
რომ დაინტერესდნენ კერძო ბიზნესით. მე საერთოდ არ ვიცნობდი ტოროშელიძეს, თუმცა მას
პრეტენზია ჩემი და თემურ ცამციშვილის ყოფილ სტატუსებთან აქვს. ის, რომ ჩვენ საჯარო
მოხელეები ვიყავით, არაა სტიგმა და ხელისშემშლელი ახალი საქმიანობის გასაგრძელებლად.
რაც შეეხება ნატო ქათამაძის განცხადებას, რომ მას ოპოზიციონერობისას სკოლის ეზოშოც
კი არ აძლევდნენ ჩაწერის უფლებას, დიახ, სწორედ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებას ჰქონდა
გადაცდომები, ქალბატონი ნატო დღეს საკრებულოში
ზის. რაც შეეხება ფასებს, მას დაკვეთის მიხედვით განვსაზღვრავთ, ამიტომ ვერ ვხვდები
ბილეთების ღირებულების ცვალებადობაზე განცხადება რატომ უნდა გავაკეთო. მსგავს საკითხებში
თვითმმართველობა არ უნდა ერეოდეს და არ უნდა განსაზღვრავდეს ფილმის ჟანრს და ბილეთის
ფასს კერძო სექტორში, რადგან ეს საბჭოთა სისტემის მიდგომებს გავს. ჩვენ არ ვითხოვთ,
რომ ბილეთები ყველა მოსწავლემ შეიძინოს. ჩვენ
მხოლოდ პროგრამას ვაწვდით, რა მეთოდით ითხოვს მასწავლებელი ბავშვების დასწრებას, ეს
ჩვენი კომპეტენცია არაა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტოროშელიძის შვილს კინოს ხარისხი
არ მოეწონა, როგორც ჩანს, ამ ფაქტმა დეპუტატის ყურამდეც მიაღწია. ჩვენს გვინდა განვითარება
და კარგი აპარატურა, თუმცა ეს მხოლოდ გაყიდვებით არის შესაძლებელი და ხელისუფლება ამ
მეთოდებით ჩაერევა კერძო ბიზნესში, ის ვერასოდეს განვითარდება,“– განაცხადა ნატალი
პატარიძემ.
სეანსის ჩაშლაში გურამ ტოროშელიძის კვალს კატეგორიულად გამორიცხვას მე–7
სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე და მომხდარს მხოლოდ და მხოლოდ ფილმის ხარვეზს უკავშირდებს. „გურამ ტოროშელიძეს
მომხდართან კავშირი არ აქვს. მე არ ვიცი, რატომ
უკავშირებენ ერთმანეთს. ჩვენება ჩემი გადაწყვეტილების საფუძვეზე შეწყდა, რადგან ჩემმა
წარმომადგენელმა, რომელიც ცენტრში მივიდა, დამირეკა და მითხრა, რომ ფილმი ხარვეზებით
გადიოდა. მე ვუთხარი, შეეწყვიტათ ჩვენება და ბავშვები წამოეყვანათ, რადგან არ მინდოდა
ბავშვები დაზარალებულიყვნენ. რაც შეეხება იძულებით მიყვანას, ეს არის ტყუილი. ყველა
დაწესებულებას მოაქვს ანოტაციები, ვთავაზობთ ბავშვებს და სურვილის მიხედვით ირჩევენ
ფილმს. ამ ცენტრთან თანამშრომლობას მომავალშიც ვაპირებთ. მაგრამ მე არ ვიცი, რა ხდება
ამის იქეთ, რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს ცდება სკოლის კომპეტენციას და ჩვენ
ამას ვემიჯნებით, თუმცა მომავალში ცენტრთან თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ“,–აღნიშნავს
ენდი ნემსიწვერიძე, თუმცა ადასტურებს, რომ საკრებულოს დეპუტატის მეუღლე აღნიშნული სკოლის
მასწავლებელია, შვილიშვილი კი ამავე სკოლის მოსწავლე.
მის მიერ ფილმის შეწყვეტას არ ადასტურებს გურამ ტოროშელიძე, რომელსაც შენიშვნები
ფილმის ჟანრთან დაკავშირებით აქვს და ამბობს რომ მოსწავლეებმა „უჟასები“ არ უნდა ნახონ.
დეპუტატი სკოლებში ბილეთების დისტრიბუციას და ბავშვების ორგანიზებულად გაყვანასაც დაუშვებლად
მიიჩნევს.
„საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ კარგი ინფორმაცია მივიღეთ,
თურმე ბავშვებს ძალით ახდევინებენ ფულს და „უჟასებს“აყურებინებენ. დავინტერესდი, რა
ფილმი იყო და აღმოჩნდა, რომ ბავშვმა კი არა, დიდმაც არ უნდა ნახოს. საინტერესოა, ეს
ცენტრი საერთოდ თუ იხდის გადასახადს და სად მიდის ეს თანხები?“–აღნიშნავს ტოროშელიძე.
მომხდარში სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობას ხედავენ საკრებულოს დეპუტატები და აღნიშნავენ, რომ სკოლა მსგავს თემას მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს. "პასუხისმგებლობას სკოლის დირექტორებს ვაკისრებ. რატომ მისცა სკოლის დირექტორმა უფლება შეეტანა და გაეყიდა ბილეთები? უმჯობესია, ეს ამბავი სკოლის დირექტორებს მოვკითხოთ",- განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.
მათგან განსხვავებით, დირექტორების ბრალეულობას გამორიცხავს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის
დირექტორი ბადრი ვაშაკიძე, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ჩვენებაზე მისვლის და მიმდინარე პროცესის გაცნობის
მოთხოვნით დირექტორ ენდი ნემსიწვერიძეს თავად
დაურეკა. „მე დავუკერე დირექტორს, რადგან მისულიყო
და გაეგო როგორ მიდიოდა ჩვენება, აღმოჩნდა, რომ ხარვეზები იყო. სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება
და ბავშვები წამოიყვანა. გურამ ტოროშელიძე არავითარ კავშირში არ არის. საკრებულოს სხდომის
შემდეგ თათბირი მოვიწვიეთ და დირექტორებისგან განმარტება მოვისმინეთ. როგორც გაირკვა,
მხოლოდ ეს სკოლა იყო ჩვენებაზე, რის გამოც
დირექტორმა ახსნა–განმარტება დაწერა. ჩემი ინფორმაციით, სხვა სკოლები არ მისულან ცენტრში.
თუმცა ეს არაა კანონდარღვევა, რადგან ბავშვებს გაკვეთილები არ გაუცდენიათ,“–აღნიშნავს
ვაშაკიძე.
საკრებულოს მოთხოვნის საფუძველზე საქმეში განათლების სამინისტროს ჩართვაც
მოხდება. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ვიდრე
დეპუტატები ადგენენ, იყო თუ არა კანონდაღვევა ბავშვების ორგანიზებულად გაყვანა, პარალელურად
განათლების სამინისტრო აწარმოებს პროექტს „ექსკურსია თეატრში“, რაც თეატრში მოსწავლეების
ჯგუფურ მისვლასა და მიმდინარე სამუშაოების ახლოს გაცნობას გულისმხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი