პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში მოსახლეობა ნაკლებ თანხას გადაიხდის
პროგრამა „კორპუსი“ ქუთაისში 2007 წლიდან მოქმედებს, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი. პროგრამის პრეზენტაციას “ნიუპრესი“ დაესწრო და შეეცადა, გაერკვია როგორ მოხდება აღნიშნული თანხის განაწილება და რამდენად კმაყოფილია ხალხი შესრულებული სამუშაოების ხარისხით.
პროგრამა „კორპუსისთვის“ ქუთაისის ტერიტორიულ ბიუჯეტში
ერთი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა 62 ობიექტზე დაიხარჯება. მნიშვნელოვანი
ცვლილება ის გახლავთ, რომ შემცირებულია მოსახლეობის მხრიდან თანადაფინანსების პროცენტული
მაჩვენებელი. თუ წინა წლებში იგი 15-20 %-ს შეადგენდა, 2015 წელს მოსახლეობის თანამონაწილობა
10 %-ით განისაზღვრა.
პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მასშტაბით კორპუსების,
სახლების, ეზოების კეთილმოწყობა ორ ეტაპად
განხორციელდება. პირველ ეტაპზე კეთილმოეწყობა
32 ეზო. ამ ეზოებიდან ადგილობრივი თვითმმართველობა პრიორიტეტულად სულხან-საბას ქუჩას
მიიჩნევს. „აქ ყველაზე მძიმე ვითარებაა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე ამ ქუჩაზე არაფერი გაკეთებულა. არც შიდა გზები მოწესრიგებულა და არც მისასვლელი
გზები. აქ ინფრასტრუქტურა ბევრად ჩამოუვარდება
სხვებს. აშენდება ორი ახალი ბაღი“, - განაცხადა
შოთა მურღულიამ.
აღნიშნული სამუშაოები, სულხან-საბას ქუჩაზე უკვე დაწყებულია.
ამიტომ გადავწყვიტეთ სამუშაოებს ადგილზე გავცნობოდით.
სულხან-საბას #71-ში გზის რეაბილიტაცია უკვე
დასრულებულია. ადგილობრივები შესრულებული სამუშაოს ხარისხით კმაყოფილები არიან, მაგრამ
აქვთ შენიშვნებიც: „გზის სისქე მოგვწონს, მაგრამ ჩვენთვის პროექტი წინასწარ არ უჩვენებიათ.
რომ გაეცნოთ, შეიძლება რაღაც ცვლილებები შეგვეტანა. მაგალითად, გაზონების, ბორდიულების მხარე არ შევიდა
პროექტში და ის ხალხმა საკუთარი სახსრებით გააკეთა. ზოგმა ვერც გააკეთა და არის დარჩენილი.
ახლა ნაწილზე ბეტონია, ნაწილზე - ტალახი. სადარბაზოს წინ პატარა მონაკვეთის გაკეთება
450 ლარი დაჯდა. ერთი კუბი ღირს 120 ლარი, ბეტონი ძალიან ძვირია. ესეც რომ ყოფილიყო პროგრამით გათვალისწინებული,
ყველა შეძლებდა გაკეთებას“, - განაცხადა სულხან-საბას ქუჩის მცხოვრებმა ილუშა ნემსიწვერიძემ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსაწესრიგებელია ეზოს შიდა
ინტერიერიც. ამ ქუჩაზე არ არსებობს ატრაქციონი.
„ატრაქციონი მოიტანეს და ერთ წელიწადში გაფუჭდა. ეს ყველაზე უხარისხო და დაბალფასიანი
იყო. დავწერთ განცხადებას, წაიღონ და მოგვაშორონ. საჭიროა გაკეთდეს კარგი სკვერი. ბავშვებს არ აქვთ სათამაშო ადგილი. ყველგან მანქანებია,“
- ამბობს ილუშა ნემსიწვერიძე.
სულხან საბას ქუჩაზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით
სხვადასხვა ადგილზე ხორციელდება, ზოგან დასრულებულია კიდეც. ჯავახიშვილის #73 -ში მცხოვრები
მოსახლეობაც თანხის გადახდის უუნარობაზე საუბრობს. თუმცა, შესრულებული სამუშაოებით
კმაყოფილები არიან. „ადრე სახურავები გამოვცვალეთ
პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში. ლიფტიც გაკეთდა.
რაც შეეხება შესრულებული სამუშაობის
ხარისხს, ნორმალურია, არა უშავს. ახლა შეტანილი გვაქვს პროექტი გზის რეაბილიტაციაზე.
აქ მოქალაქეების თანამოწილეობაცაა საჭირო და ზოგჯერ ვერ ხერხდება თანხის შეგროვება. 37 ლარი უწევს თითო ოჯახს და თუ
შეგროვდება გაკეთდება“, - ამბობს ჯავახიშვილის #73 ბინათა ამხანაგობის თავმჯდომარე ნანა
ჩაკვეტაძე.
პროექტში მოქალაქეთა ჩართულობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
ქალაქის მერი. შოთა მურღულიას თქმით, განხორციელებული პროექტები მოსახლეობის აქტიურობის
დამსახურებაა. „ამხანაგობები თითქმის ყველა
პროექტში ერთვებიან. გარდა ამ თემებისა, ჩვენ მათ შევთავაზეთ. თუ ვინმეა სოციალურად
დაუცველი და ვერ ახერხებს იმ 10 %-ის გადახდას, შეგვატყობინონ. მათ შეუძლიათ თავადაც
დაეხმარნონ მეზობლებს, მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ ამ მომსახურეობას და მერიის სარეზერვო
ფონდიდან მივეხმარებით“, - განაცხადა მან.
პროგრამა „კორპუსის“ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო
ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამაც. მისი ბიუჯეტი 200 ათას ლარს შეადგენს და 17 ობიექტს
მოხმარდება. ხოლო კორპუსების შიდა სარემონტო სამუშაობისა და პანდუსების მოსაწყობად ადგილობრივმა
თვითმმართველობამ 800 ათასი ლარი გამოყო. თანხა
118 ობიექტისთვისაა განკუთვნილი.
ქუთაისის მერს მიაჩნია, რომ პრიორიტეტული შიდა
ეზოების კეთილმოწყობაა. ამიტომაც გამორიცხული არაა, მომდევნო წელს გეგმა შეიცვალიოს.
„ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ იმუშავებს ეს
პროექტი. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, - განაცხადა შოთა მურღულიამ. სამუშაოები პირველ
ეტაპზე 60 ქუჩაზე, ხოლო მეორე ეტაპზე 58 ქუჩაზე ჩატარდება. გასულ წელს პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში დაახლოებით
ერთი მილიონ 250 ათასი ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ანა ჯიქია