|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უცხოელი სტუდენტების ქუთაისური ცხოვრება

ქუთაისში, აკაკი წერეთილის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების უმეტესობა  სამედიცინო მიმართულებებზე სწავლობს. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, რა პროგრამას სთავაზობენ მათ სასწავლებელში და როგორია  მათი სტუდენტური ცხოვრება ქუთაისში. 


ახმედი ქუთაისში, აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. საქართველოში მეექვსე წელია, რაც იმყოფება. იგი  ქუთაისში ერაყიდან ჩამოვიდა. ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო.  „ჩემი მეგობარი სწავლობდა აქ, მისგან გავიგე და  ჩამოვედი. კარგი ქალაქია. მოგვწონს აქაური გარემო, ქართველები კარგად გვხვდებიან. გვყავს ქართველი მეგობრებიც, როცა ვახერხებთ, ექსკურსიებზე ერთად დავდივართ“, - ამბობს  იგი.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე ახმედის მსგავსად სულ 116 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათი უმეტესობა ერაყიდან და ნიგერიიდანაა. „ნიუპრესი“ ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს ირინე ფხაკაძეს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, ერაყიდან და ნიგერიიდან სტუდენტების დაინტერესების მიზეზი სწავლის საფასურის ხელმისაწვდომობა და მათ მიმართ უბრალო, ადამიანური დამოკიდებულებაა.

„ამბობენ, რომ აქ მოსწონთ. ეს ალბათ ადგილობრივების დამოკიდებულების შედეგია. ჩვენ ვცდილობთ, კარგი პირობები შევუქმნათ მათ და ამისთვის სასწავლებლის ადმინისტრაციაც მუშაობს“, - ამბობს ირინე ფხაკაძე.

გარდა ადამიანური ურთიერთობისა, ჩვენ იმ სასწავლო პროგრამითაც დავინტერესდით, რომელსაც მათ სთავაზობენ. ამ ეტაპზე, უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტზე მხოლოდ ერთი აკრედიტირებული, ინგლისურენოვანი პროგრამა აქვთ. „სამკურნალო საქმე არის ამ დროისათვის ერთადერთი აკრედიტირებული ინგლისურენოვანი პროგრამა. ეს ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროპრამაა 360 კრედიტის მოცულობით, რომელსაც მათ ვთავაზობთ“, - განაცხადა ირინე ფხაკაძემ.

პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა როგორც სტუდენტები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ზოგჯერ კომუნიკაციის პრობლემა ექმნებათ.

„ლექციები ინგლისურ ენაზე გვიტარდება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელმა ინგლისური არ იცის. ეს ცუდია. საწავლო პროგრამით ზოგადად, კმაყოფილი ვარ“, - ამბობს ახმედი.

ინგლისურენოვანი  სპეციალისტების პრობლემას მწვავედ არ მიიჩნევს ირინე ფხაკაძე და ამბობს: „ეს პრობლემა მწვავედ არ დგას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვყავდეს ინგლისურენოვანი ექიმები. რაც შეეხება სახელმძღვანელობს, ინგლისურენოვანი სახელმძღვანელობი არის ჩვენს ბიბლიოთეკაში, გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკა. ამის გარეშე პროგრამა აკრედიტაციას ვერ გაივლიდა. ყველა პროგრამაში არის უცხო ენის კომპონენტი. უცხოელი სტუდენტები ქართულს, როგორც უცხო ენას, ისე სწავლობენ. სხვა დანარჩენი ინგლისურენოვანია“, - აღნიშნა ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ.

ინგლისურენოვანი წიგნების სიმცირეს არც სტუდენტები უჩივიან. როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს: „სახელმძღვანელოებით სასწავლებლის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკიდან ვსარგებლობთ. ასევე, ხელმისაწვდომია ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რაც გვიადვილებს მოვემზადოთ გამოცდებისთვის. ჩემთვის საინტერესოა  ქართული ენის სწავლაც.  ცოტა რთული ენაა, მაგრამ ადგილობრივებთან კომუნიკაცია აღარ  გვიჭირს. ჯერჯერობით, საუბარი უფრო მიჭირს, ვიდრე - გაგება. ხშირად უკვირთ ხოლმე, როცა ქართულად ვსაუბრობ და გაოცებული მიყურებენ. რადგან აქ ვსწავლობ, აუცილებელია ეს ენა საწყის დონეზე მაინც ვიცოდე“,- ამბობს ახმედი.

ვიდრე უცხოელი სტუდენტები ქართულს, როგორც უცხო ენას, ისე ეუფლებიან, ჯანდაცვის ფაკულტეტზე სიახლეებისთვის ემზადებიან. ირინე ფხაკაძის თქმით,  დაგეგმილია სიახლეები, რომლითაც უცხოელებთან ერთად ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. „ვგეგმავთ მეორე პროგრამის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამას, სამკურნალო საქმე კიდევ უფრო დაიხვეწება. გაუმჯობესდება მატერიალური რესურსი“, - ამბობს იგი.  

ირინა ფხაკაძის თქმით, უცხოელი სტუდენტების მიღებასა და შერჩევაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვერ ერევა.  3-4 ჯგუფზე მეტის აყვანა ვერ ხერხდება. ჯანდაცვის ფაკულტეტზე მეორე სემესტრში 26 უვხოელი სტუდენტი, მესამე სემესტრში - 70, ხოლო მეოთხე სემესტრში 16 სტუდენტი სწავლობს. 

ვიდრე ახალი პროგრამები შეიქმნება, უცხოელი და ქართველი სტუდენტებიც არსებული რესურსით კმაყოფილდებიან. ეგუებიან პირობებს და იმასაც, რომ  მათთვის სტუდენტური საცხოვრებლის კარიც „დაკეტილია“. საცხოვრებელი ქუთაისში, ე.წ. „საღორიის“ დასახლებაში მდებარეობს. იგი ინფრატსრუქტურულად მოწესრიგებულია, თუმცა ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედება სამომავლოდ იგეგმება, თუმც როდის, ეს გაურკვეველია. ამჟამად ქუთაისში ჩამოსული სტუდენტები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი,  სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ფართებში ცხოვრობენ.

არსებული პრობლემების მიუხედავად, უცხოელი სტუდენტების ნაწილი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩვენს  ქვეყანაში, კონკრეტულად ქუთაისში, დარჩენას აპირებს.

ავტორი: ანა ჯიქია